საქართველოს საგარეო უწყება გმობს რუსეთის მიერ მავთულხლართების მონტაჟის განახლებას
Civil Georgia, Tbilisi / 25 Feb.'14 / 18:46

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ჯარების მიერ მავთულხლართების მონტაჟის პროცესის განახლების გამო.

საგარეო უწყება 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს პროცესი ცხინვალის მიმართულებაზე შეჩერებული იყო, თუმცა ბოლო დღეებში ქარელის რაიონის სოფლების ღოღეთისა და ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდა მავთულხლართების უკანონო მონტაჟი.

„სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობა გმობს მსგავს უკანონო ქმედებებს, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის წარმოების, სასაფლაოზე შესვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას“, - აცხადებს საგარეო უწყება.

სამინისტროს თქმით, „არსებული კრიტიკული მდგომარეობა“ კიდევ ერთხელ მიუთითებს „უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობაზე“.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამყოფ ხაზებზე მავთულხლართების გავლებაზე, ამ პროცესის შედეგად შექმნილ ვითარებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე საუბარს გეგმავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ შეხვედრაზე, რომელსაც ვაშინგტონში 26 თებერვალს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გახსნიან.

„იგი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური.

Civil.Ge © 2001-2024