პოლიტიკოსების შეფასებები პრემიერ–მინისტრის შეხვედრაზე თეთრ სახლში
Civil Georgia, Tbilisi / 25 Feb.'14 / 18:57

ქართველი პოლიტიკოსები როგორც კოალიცია ქართული ოცნებიდან, ისე ნაციონალური მოძრაობიდან მიესალმნენ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრას, რომელსაც დაახლოებით 20 წუთით პრეზიდენტი ობამაც შეუერთდა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეუერთდა შეხვედრას საქართველოს დელეგაციასთან და პრემიერ–მინისტრთან. ეს არის ხაზგასმა კიდევ ერთხელ იმისა, რომ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის რეგიონში შეერთებული შტატები მტკიცედ და ნათლად გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის დიდი იმედისმომცემი და ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა იყო „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველო–აშშ–ის ურთიერთობაში“.

„საქართველომ მოახერხა არა მხოლოდ შენარჩუნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის, არამედ მისი კიდევ უფრო გაღრმავება და გუშინდელი მოვლენა ამის დემონსტრირება იყო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე ასევე მიესალმა შეხვედრას და მას „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა. მან ხაზი გაუსვა თეთრი სახლის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების გაძლიერებისთვის“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს ის ერთ–ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ მოდიოდა პრეზიდენტ ობამასგან, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას ჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და არა დაპირისპირება და კონფრონტაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებიც იყო, მნიშვნელოვანი შეხვედრაც იყო და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ქართული სახელმწიფო და ქართულ–ამერიკული ურთიერთობები გააგრძელებს სწორი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.  

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა: „ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პრეზიდენტ ობამასი, რომ ასეთ მომენტში, როდესაც რუსეთის ფედერაცია კვლავ წევს საოკუპაციო ხაზს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინის მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი თავისუფალი არჩევანის მიმართ“.

„მე იმედი მაქვს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი უკეთ იყო მომზადებული ამ შეხვედრისთვის, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაზე“, – განაცხადა ბოკერიამ, „ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტიკა მისგან, რა საკითხები დასვა მან; ეს არის მნიშვნელოვანი და იმედი გვაქვს, რომ მოვისმენთ უფრო მეტს. ერთი საკითხი მინდა გამოვყო, მან ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზე მოლაპარაკებების დაწყებაც მიღწეული იყო წინა შეხვედრაზე – ეს გახლავთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება. ჩვენ ვერ მოვისმინეთ პრემიერისგან ამის შესახებ ვერაფერი და საინტერესო იქნება, თუ რა ეტაპზე ვართ ამ პროცესში“.

ბოკერიას მხედველობაში ჰქონდა თეთრ სახლში 2012 წლის იანვარში გამართული შეხვედრა ობამასა და ექს–პრეზიდენტ სააკაშვილს შორის, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობას შეისწავლიდნენ.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ობამამ და პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად ასევე განიხილეს „აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, მათ შორის ორ ქვეყნის ეკონომიკებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაზრდის თაობაზე“. 

აშშ–ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, რომელიც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა, პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აშშ–ის წარმომადგენელს ვაჭრობის საკითხებში მაიკლ ფრომანს, „რათა ისაუბროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის წინ წაწევა“.

მან ასევე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი მხოლოდ რამდენიმე თვეა თავის პოსტზე მსახურობს და აშშ–ის ხელისუფლებას სურდა ახალ ხელისუფლებას ადრეულ ეტაპზევე შეხვედროდა, „რათა გვეჩვენებინა ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა არა უბრალოდ ახალი ხელისუფლების, არამედ საქართველოს ხალხის და საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური პროგრესის მიმართ“.     

 

Civil.Ge © 2001-2024