ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების იმავე ბრალის მეორე ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. სასამართლომ მას სასჯელის ზომად თავისუფლების 6 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა 2012 წელს მიღებული ამნისტიის აქტის შედეგად ერთი მეოთხედით, 4.5 წლამდე შეუმცირა ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს ამ საქმეზე 1 წლით, 1 თვისა და 15 დღის ვადით ასევე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მოსამართლის განჩინებით, მერაბიშვილის სასჯელის ათვლა დაიწყება 30 მაისიდან, როცა მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ 9 თვის გარდა, რომელიც მან 27 თებერვალს ვერდიქტის გამოცხადებამდე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, მას ციხეში ყოფნა 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით კიდევ 3 წლით და 9 თვის ვადით მოუწევს, რაც იმაზე დაახლოებით ორი თვით ნაკლებია რა სასჯელიც მერაბიშვილს ათი დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ორ დამოუკიდებელ საქმესთან დაკავშირებით შეუფარდა. კერძოდ, მას უკვე მისჯილი აქვს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მითვისება–გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლებით. „ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ ქართულ სასამართლოებში. ეს ფორმალურადაც გვჭირდება იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა 27 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მოსამართლემ აპელაციისთვის ერთი თვის ვადა განსაზღვრა. ამას გარდა, მერაბიშვილს წინ აქვს სასამართლო განხილვები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ეხება; პროკურატურა მერაბიშვილს, რომელიც 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს, რათა მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ხელი შეეშალა. მერაბიშვილი ამ ბრალდებებსაც უარყოფს. |
|||
Civil.Ge © 2001-2025