საქართველო უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცებას მიესალმა
Civil Georgia, Tbilisi / 28 Feb.'14 / 15:26

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცებას და წარმატება უსურვა მას „ქვეყნის ისტორიის განვითარების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე“.

27 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მზადაა „ითანამშრომლოს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან და მათი სურვილის შემთხვევაში, გაუზიაროს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება“.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა გაამართლოს უკრაინელი ხალხის მოლოდინი, დაძლიოს კრიზისი, უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, კანონის უზენაესობა, საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად განხორციელება, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა, რაც, თავის მხრივ, გადამწყვეტ როლს ითამაშებს დიდ ევროპულ ოჯახში უკრაინის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად“, – ნათქვამია განცხადებაში. 

Civil.Ge © 2001-2024