უსუფაშვილი დასავლეთს მოუწოდებს 'არ დაუშვას რუსეთის აგრესია' უკრაინაში
Civil Georgia, Tbilisi / 1 Mar.'14 / 22:06

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დასავლეთს მოუწოდა გაუმკლავდეს რუსეთის „მორიგ გამოწვევას“ და არ დაუშვას რუსეთის აგრესია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ, რაც „ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“.

„დღეს დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთისგან მორიგი გამოწვევა მიიღო - საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებს“, - ნათქვამია დავით უსუფაშვილის წერილობით განცხადებაში.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტმა 1 მარტს დააკმაყოფილა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა უკრაინაში შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე.

„იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ, ევროკავშირი და მთელი დემოკრატიული მსოფლიო შეძლებს იმას, რაც ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და არ დაუშვებს რუსეთის აგრესიას მეზობელი სახელმწიფოს მიმართ“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

„დარწმუნებული ვარ, ამ მძიმე მომენტში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს როგორც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნავს უსუფაშვილი.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა „დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად და დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ“, ხოლო პარლამენტს საგანგებო სესიის მოწვევისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდა.

„ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი უკრაინისთვისაა სასიცოცხლო საფრთხე, არამედ საქართველოსთვის და მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა“, - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024