ღარიბაშვილი: ‘საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებაზე’
Civil Georgia, Tbilisi / 3 Mar.'14 / 11:40

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე „აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებაზე“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ მძიმედ განვიცდით უკრაინაში, ყირიმში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რეგიონში დაძაბული ვითარების ესკალაციის სერიოზული კერა ხდება“, – ნათქვამია წერილობით განცხადებაში, „რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფეთქებადს გახდის ვითარებას, რამაც უმძიმესი შედეგები შეიძლება გამოიღოს“.
 
„საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ დაუშვან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესებზე აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებაზე. წინააღმდეგ, შემთხვევაში, შესაძლოა მორიგი აგრესიისა და ოკუპაციის მომსწრენი გავხდეთ, რაც საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის და მათი გადაწყვეტილების მიმართ ააშენონ ჭეშმარიტად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.    

Civil.Ge © 2001-2024