ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატი პრაიმერის გარეშე დაასახელა
Civil Georgia, Tbilisi / 12 Mar.'14 / 15:21

ნაციონალური მოძრაობამ შეცვალა პრაიმერის ჩატარების გეგმა თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად და მერობის საკუთარ კანდიდატად ნაკლებად ცნობადი სახე, ნიკოლოზ მელია დაასახელა.

1 მარტს ნაციონალურმა მოძრაობამ ორი კანდიდატი დაასახელა, რომლებიც 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში წარსადგენი მერობის კანდიდატურის გამოსავლენად პარტიის მიერ დაგეგმილ პრაიმერში მიიღებდნენ მონაწილეობას. ესენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე და თბილისის მერიის თანამდებობის პირი ნიკოლოზ მელია.

თუმცა 12 მარტს გიორგი ვაშაძემ, რომელმაც პირველად მერობის კანდიდატად კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილება შარშან გაახმოვანა, განაცხადა, რომ მან საკუთარი კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა. ვაშაძემ, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო 2010–2012 წლებში, ხოლო მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დეპუტატი გახდა, ის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური  წარმომადგენელი გახდა, თავისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა.

„შიდა კონკურენციამ მოიტანა ის, რომ ახალი ადამიანები, ახალი ლიდერები გამოიკვეთნენ და მე მინდა ვთქვა, რომ მათ შორის გამოიკვეთა ნიკა მელია, ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ჩვენ რამდენიმე წელია ერთად მოვდივართ და ეს მართლაც ძალიან პოზიტიურია. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩვენს გუნდთან ერთად, რომ მოვხსნა კანდიდატურა მის სასარგებლოდ. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ დავიწყოთ ახალი ფაზა ცვლილებების“, – განაცხადა ვაშაძემ. 

მელია, რომლის თქმითაც ის პოლიტიკოსი არ არის და არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია, ამჟამად ძველი თბილისის რაიონის გამგებელია; ის აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე; შარშან მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელად მუშაობის დროს „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებულ საქმეზე; ის უარყოფს ბრალდებებს. 

„გიორგი ვაშაძემ ჩათვალა ასე, რომ მას ჩემთვის დაეთმო ეს ასპარეზი ამ კონკრეტულ პერიოდში შექმნილი საერთო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. მან, ჩემი აზრით, ჩათვალა, რომ იგი უფრო შეიძლება ამ ეტაპზე საჭირო იყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ზუგდიდში, სხვადასხვა  ქალაქებში. მე მინდა, რომ თბილისელებს შევპირდე, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდებით და აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ 15 ივნისს ჩვენ გავიმარჯვოთ“, – განაცხადა მელიამ.     

კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატია რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. 

Civil.Ge © 2001-2024