საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილება შეუნარჩუნა
Civil Georgia, Tbilisi / 12 Apr.'14 / 15:03

საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილება შეუნარჩუნა, რადგან არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვითაც, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდათ.

ამ გადაწყვეტილებით ჩიხში შევიდა ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მიმდინარე პროცესი. პარლამენტს უკვე არჩეული ჰყავს სამეურვეო საბჭოს ოთხი ახალი წევრი, ხოლო დარჩენილი ხუთი წევრის შესარჩევად უკვე შედგა მეორე ღია კონკურსი, რომლის საფუძველზეც 18 კანდიდატი შეირჩა პარლამენტში შემდგომი დამტკიცების მიზნით. 

თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება სამეურვეო საბჭოს რეფორმის განხორციელების ბედი, რადგან ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებებით უპასუხებს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას, რომლის სამოტივაციო ნაწილიც საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, ნიშნავს იმას, რომ მოქმედი საბჭოს შვიდი წევრიდან ოთხი: გიორგი მელაძე (არჩეული 2010 წელს), ზურაბ დავითაშვილი (2009), ნინო დანელია (2009), ნატალია დვალი (2012) უფლებამოსილებას შეინარჩუნებენ 2015 წლამდე; ხოლო სამი წევრი: ემზარ გოგუაძე,  საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე (წევრი 2009 წლიდან), მამუკა ფაჩუაშვილი (2008), დავით კანდელაკი (2009)  -  2017 წლამდე, როცა მათ, როგორც ემზარ გოგუაძემ civil.ge-ს განუცხადა, როტაციის ვადა ეწურებათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედმა წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დეკემბერში მას შემდეგ შეიტანეს, რაც პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები 15-წევრიანი საბჭოს 9 წევრამდე შემცირების და ახალი წესით ფორმირების თაობაზე.

არსებული საბჭო, რომელიც ხუთ თვეზე მეტია, რაც უმოქმედოა, ვინაიდან დარჩენილი შვიდი წევრის ხმები áƒ’ადაწყვეტილების მიღებისთვის áƒáƒ áƒáƒ¡áƒáƒ™áƒ›áƒáƒ áƒ˜áƒ¡áƒ˜ რაოდენობაა, მათი ვადაზე ადრე დათხოვნის შესახებ საკანონმდებლო დებულებას აპროტესტებდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ არ გაითვალისწინა პარლამენტის, როგორც მოპასუხე მხარის არგუმენტი, რომ სამეურვეო საბჭოს რეფორმა ვერ განხორციელდებოდა ძველი საბჭოს დათხოვნის გარეშე.

„სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, გარდაუვალი აუცილებლობისას, მაგალითად, მაშინ, როდესაც მოქმედი სამეურვეო საბჭოს არსებობა, იმთავითვე საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებელ, ეფექტურ საქმიანობასა და მის შემდგომ განვითარებას. ამგვარ საჭიროებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ თავის პრესრელიზში. 

„კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი, თუნდაც უფრო პლურალისტული და ეფექტური წესი, იმთავითვე არ წარმოშობს სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას. ეს მიზანი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გარეშეც მიიღწევა“, - განაცხადა სასამართლომ.

 

Civil.Ge © 2001-2024