ადგილობრივი არჩევნებისთვის ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია 'ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა'
Civil Georgia, Tbilisi / 14 Apr.'14 / 21:31

ფინანსური მიზეზების გამო ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში 15 ივნისს áƒ“ანიშნული ადგილობრივი არჩევნებისთვის დამკვირვებელთა მისია გამოგზავნოს, განაცხადა ODIHR-ის პრესსპიკერმა თომას რაიმერმა.

მან Civil.ge-ს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 14 აპრილს განუცხადა, რომ ODIHR-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოწვევა მიიღო.

„სამწუხაროდ, იმის გამო რომ ეუთო-ს 2014 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ჩვენი ოფისი იძულებული იყო [საქართველოს საგარეო უწყებისთვის] პასუხად გაეცა, რომ ფინანსური მიზეზების გამო ჩვენ ვერ შევძლებდით არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას", - განაცხადა ODIHR-ის პრესსპიკერმა, „იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტი უახლოეს მომავალში დამტკიცდა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, მაგრამ ამ ეტაპზე სადამკვირვებლო მისიის [საქართველოში] განთავსება ნაკლებად სავარაუდოდ ჩანს.“

დღეს დილით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა რომ „შეიძლება ODIHR-მა არ გამოაგზავნოს დამკვირვებლები, რადგანაც ეს არის ადგილობრივი არჩევნები და ეს არ შედის მათ კომპეტენციაში.“ ODIHR-ს ყავდა როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს; ორგანიზაცია ასევე აკვირდებოდა 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებსაც.

ფანჯიკიძის ამ კომენტარის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოწვევა ODIHR-ს ჯერ თებერვალში და შემდეგ მარტში გაეგზავნა.

„საპასუხო წერილში (2014 წლის 19 მარტი),  [ODIHR-მა] მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწვევის დროულად გაგზავნისათვის და აცნობა, რომ საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ მოახერხებს არჩევნებზე დაკვირვების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო დაბრკოლება აღმოიფხვრება, ODIHR-მა შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას", - áƒœáƒáƒ—ქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ „ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესიდან მიღებული წერილის თანახმად (2014 წლის 3 აპრილი), ისინი გამოგზავნიან დამკვირვებლებს ა.წ. 11-16 ივნისს.“

Civil.Ge © 2001-2025