ღარიბაშვილი უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო კამპანიას მწვავედ აკრიტიკებს
Civil Georgia, Tbilisi / 1 May.'14 / 15:38

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა სამოქალაქო ორგანიზაციების ფართო ჯგუფი, რომელიც აქტიურად ლობირებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელიც შეზღუდავს მთავრობის შესაძლებლობებს აწარმოოს უკონტროლო ფარული მიყურადება და განაცხადა, რომ ეს ჯგუფი „ძირგამომთხრელ“ და „ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ“  საქმიანობას ეწევა, რათა „შეარყიონ ქვეყნის იმიჯი“. 

სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება", რომელიც ათობით წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მარტში დაიწყო სლოგანით „ისევ გვისმენენ“. კამპანიის დაწყებამდე დაახლოებით ცხრა თვით ადრე მასში ჩართულმა ზოგიერთმა სამოქალაქო აქტივისტმა პარლამენტს წარუდგინა უკანონო ფარული მოსმენების საწინააღმდეგო საკანონმდებლო წინადადებები, რომელიც პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივად აქცია.

ამ კანონპროექტთა პაკეტზე მსჯელობა ათ თვეზე მეტი ხანია მიმდინარეობს საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც დეპუტატი შალვა შავგულიძე ხელმძღვანელობს. ინიციატივა პირველი მოსმენით საპარლამენტო კომიტეტებმა 3 áƒáƒžáƒ áƒ˜áƒšáƒ¡ განიხილეს. თუმცა 4 აპრილს მთავრობამ გამოაცხადა უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შსს-ის, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები განიხილავდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს - ეს ნაბიჯი „ეს შენ გეხებამ“აღიქვა, როგორც კანონპროექტის მიღების შეფერხებისკენ მიმართული ნაბიჯი.

ძირითადი უთანხმოება უკავშირდება საკითხს ჰქონდეს თუ არა სამართალდამცავ სტრუქტურებს პირდაპირი წვდომა სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე. საკანონმდებლო ცვლილებები ამგვარ შესაძლებლობას ზღუდავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსმენაზე სასამართლო სანქციის მიღების შემდეგ, მას არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ამის შესახებ აცნობოს მობილურ ოპერატორ კომპანიას, რადგან ეს გაზრდის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკს და ხელს შეუშლის სამართალდამცავების ოპერატიულ საქმიანობას.

უკვე წლებია, რაც ფარული თვალთვალი  და პირადი მონაცემების დაცვის კუთხით არსებული ვითარება უფლებადამცველთა შეშფოთების საგანია. თუმცა ეს საკითხები შარშან განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ  მკაცრი რეგულაციების შემოღების ხელშეწყობაზე მზაობა გამოთქვა. თუმცა უფლებადამცველთა წუხილები ამ მიმართულებით კვლავაც რჩება, რადგანაც შსს-ს ახლაც აქვს ე.წ. „შავი ყუთები“ მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე, რომელთა მეშვეობითაც მას სისტემაზე პირდაპირი წვდომა გააჩნია და შეუძლია ერთდროულად ათასობით ნომრის მოსმენა განახორციელოს.

1 მაისს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უფლებადამცველების მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადებები „იყო პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფის ტოლფასი".

„მე მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე საფრთხე შეექმნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას და ჩვენ ეს არ დავუშვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, კამპანია „ეს შენ გეხება“ უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ კვლავ მიმდინარეობს უკანონო ფარული მოსმენები. 

„იწყებენ დარწმუნებას მოქალაქეების, რომ დღეს ისევ უსმენენ ყველა მოქალაქეს, მაშინ როცა იგივე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება, გაძლიერება ხდება, ჩვენი ყოველმხრივ ვაჩვენებთ პროგრესს,  ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავის რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავენ ათასობით, მრავალი ათასობით, ასი ათასობით ლარებს, იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი და ამას მე ვუწოდებ პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. ამას სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს, თუ არა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი საქმიანობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ამის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს. ვინაიდან არსებობს პოლიტიკური ნება, მტკიცე ნება, რომ ჩვენ ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოვფხვერით გასულ წელს მაშინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლების სათავეში, ამ პრაქტიკას ვაუმჯობესებთ ანუ ამ უკანონო მოსმენების დასრულება გრძელდება და ამ კანონპროექტს ვაუმჯობესებთ დღითიდღე“, - განაცხადა მან.

„ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია და ამ ადამიანებს უბრალოდ მოვუწოდებ, რომ ღია კარის მტვრევა საერთოდ არ არის საჭირო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

Civil.Ge © 2001-2024