პროკურატურამ „რუსთავი 2“-ში მოსმენების საქმეზე გამოძიების ‘შუალედური შედეგები’ გამოაქვეყნა
Civil Georgia, Tbilisi / 9 May.'14 / 22:10

მთავარმა პროკურატურამ პარასკევს „რუსთავი 2“-ში მოსმენებთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიების „შულედური შედეგები“ გამოაქვეყნა, რომელშიც მიანიშნა, რომ შესაძლოა ტელეკომპანიაში სათვალთვალო კამერები 2012 წლის დეკემბერში დაამონტაჟეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებიც იმ დროს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.

ეს ვარაუდი ეფუძნება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის სამსახურის ორი ყოფილი თანამშრომლის მიერ მიცემულ ჩვენებებს; მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის მიერ ინფორმირებული იყო „ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალის“ არსებობაზე.

ნიკა გვარამიამ უარყო ეს ბრალდებები, როგორც „აბსოლუტური ტყუილი“ და მისი ორი ყოფილი თანამშრომელი ხელისუფლების მითითებით სპეციალური სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟებაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ „არცერთი კითხვა პროკურატურას არ დაუსვამს“ ამ საკითხზე, როცა ის გამომძიებლებმა მანამდე დაკითხეს 9 მაისს.

6 მაისს „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ ტელეკომპანიას ორი ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა – ერთი გვარამიას კაბინეტში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით გადაღებული, ხოლო მეორე –  მისი მოადგილის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის კაბინეტში. ეს ჩანაწერები დაახლოებით 2013 წლის ივნისშია გაკეთებული. სათვალთვალო კამერები 6 მაისს ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ როგორც გვარამიამ აღნიშნა, შენიშნეს ჭერში გაკეთებული სპეციფიური ნახვრეტები.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება იმავე დღეს, 6 მაისს დაიწყო. გამომძიებლებმა საათები დაჰყვეს „რუსთავი 2“-ის შენობაში მტკიცებულებების შესაგროვებლად; გვარამია და მისი ორი მოადგილე ნინო შუბლაძე და დუდუ კურდღელია კი პროკურატურაში 9 მაისს დაკითხეს.

საქმისადმი „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ მოტივით პროკურატურამ გამოძიების წინასწარი შედეგები პარასკევს დღისით გაასაჯაროვა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელიც 6 მაისამდე  „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, აცნობა გამომძიებლებს 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების  ვიზიტის თაობაზე.

კოვზიაშვილის ჩვენების თანახმად, არც ის და არც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ იყვნენ ინფორმირებულია სპეცსამსახურის თანამშრომელთა სტუმრობის მიზნებზე. მისი თქმით, მათ დაახლოებით სამი საათი დაჰყვეს ტელეკომპანიაში, ძირითადად კი გვარამიას და მისი ორი მოადგილის კაბინეტებში „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელთა დაუსწრებლად.  ის ასევე აცხადებს, რომ ეს ადამიანები გასაშლელ კიბესაც იყენებდნენ.

კოვზიაშვილი ასევე ამბობს თავის წერილობით ჩვენებაში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, რომ 2013 წლის იანვარში, როდესაც „მომეცა ოთახების დეტალურად დათვალიერების შესაძლებლობა“, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტის ჭერში ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალი აღმოაჩინა.

„აღნიშნულის თაობაზე მე მოვახსენე ტელეკომპანიის დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც მითხრა: 'შენ საქმეს მიხედე და ზედმეტ ინიციატივებს ნუ იჩენო'“, -აცხადებს კოვზიაშვილი ჩვენებაში.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სტუმრობა საეჭვოდ მიიჩნია, ამოიღო და შეინახა „რუსთავი 2“-ის ფოიესა და კორიდორებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები.

პროკურატურამ გამოაქვეყნა წუთნახევრის ხანგრძლივობის ვიდეო-მასალა, რომელშიც ჩანს სამი ადამიანი, სავარაუდოდ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, რომელთაც ორ-ორი ჩანთა უჭირავთ ხელში და გადაადგილდებიან შენობის შიგნით, მათ შორის მოძრაობენ ხელმძღვანელობის კაბინეტებში.

პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის ზაზა მკერლიშვილის წერილობითი ჩვენება, რომელშიც ის იხსენებს იმ დღეს, როცა სპეცსამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ „რუსთავი 2“-ის შენობაში.

პროკურატურის მიერ გამოძიების „შუალედური შედეგების“ გამოქვეყნებიდან ორ საათში, ნიკა გვარამიამ მოიწვია პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ პროკურატურის  განცხადებები ადასტურებს, რომ ახლანდელი ხელისუფლებაა „ფარული ჩანაწერების და მიყურადების ავტორი“.

მან „რუსთავი 2“-ის ორი ყოფილი თანამშრომელი „აგენტებად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ კოვზიაშვილსა და მკერლიშვილზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მაშინვე მიიტანა ეჭვი, რომ ისინი იდგნენ ფარული კამერების დამონტაჟების უკან.

გვარამიამ ისინი ხელისუფლების დავალებით ფარული სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაში დაადანაშაულა და ასევე განაცხადა, რომ ისინი მოქმედებდნენ
ვლადიმერ ბუნტურიძის მითითებებით, რომელიც ამჟამად  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა დაცვისა და ბადრაგირების დარგში, ხოლო 2012 წლის დეკემბრამდე „რუსთავის 2“-ის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

გვარამიამ ასევე უარყო კოვზიაშვილის ჩვენება, რომ მან უთხრა „რუსთავი 2“-ის დირექტორს ფარული კამერების შესაძლო არსებობაზე.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, 2012 წლის 21 დეკემბერს მართლაც შემოწმდა შენობა იყო თუ არა იქ ფარული კამერები დამონტაჟებული.

მაშინ ტელეკომპანიის ახლადდანიშნული დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა 2009 წლამდე  სააკაშვილის ადმინისტრაციაში, დაკავებული იყო კორუფციის ბრალდებებით; გვარამია გირაოს სანაცვლოდ 2012 წლის 22 დეკემბერს გაათავისუფლეს, ხოლო შარშან ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, 2012 წლის 20 დეკემბერს გვარამიას დაკავების შემდეგ მათ გადაწყვიტეს შეემოწმებინათ ოფისი იმის დასადგენად იყო თუ არა იქ მოსასმენი აპარატურა დამონტაჟებული. მათივე თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები ზუსტად ამ შემოწმებას ასახავს, რომლის დროსაც „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, რომელიც აცხადებს, რომ არ იცის ვინ ან საიდან იყვნენ ეს შემმოწმებლები, რაიმე მოწყობილობების დამონტაჟების შესაძლებლობას გამორიცხავს. ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილის, დუდუ კურდღელიას განცხადებით ის ან მისი თანამშრომლები ესწრებოდნენ ამ „სპეციალისტების“ სამუშაო პროცესს; მაშინ მოსასმენი აპარატურა არ უპოვიათ.

“თურმე ჩვენს წინააღმდეგ არსებობდა ჩვენება რომ ჩვენ ეს [სათვალთვალო აპარატურის არსებობა] ვიცოდით; დღეს ჩვენ პროკურატურაში ვიკითხებოდით ორი საათის განმავლობაში და არც ერთი კითხვა პროკურატურას არ დაუსვამს ამ საკითხზე”, - განაცხადა გვარამიამ, „მწუხარებით მინდა ავღნიშნო რომ „რუსთავი 2“-ს პრაქტიკულად ურთიერთობა გვაქვს ორ პროკურატურასთან - ერთი პროკურატურა, რომელიც იძიებს ამ საქმეს და ძალიან საქმიანად და ძალიან წარმატებულად აკეთებს ამას და ძალიან ბევრი მტკიცებულებები აქვთ უკვე მოპოვებული; და მეორე პროკურატურა, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და ავრცელებს პრემიერის მიერ წინასწარ მათთვის დაწერილ სცენარებს რა უნდა თქვან და როგორ უნდა აწარმოონ ეს ომი ჩვენი მედიის წინააღმდეგ“.

ნიკა გვარამიამ ასევე დაიმუქრა ხელისუფლების მისამართით, რომ „ჯოჯოხეთს“ მოუწყობს და „ამაზე უარესი“ ამბების გამოაშკარავებას დაპირდა.  „თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და რომ უსმენთ, აი ამას მოგასმენინებთ“,  - მიმართა "რუსთავი 2"-ის დირექტორმა ხელისუფლებას.  

პარასკევს საღამოს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2–ის ე.წ. სკანდალს“ დადგმული შოუ უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის „პროვოკაცია დაგეგმილი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ“. 

„სამწუხარო რეალობაა, რომ რუსთავი 2–ის ხელმძღვანელობა ჩართულია ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში, ვინაიდან მე ვიცი, რომ რუსთავი 2–ში ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს. ძალიან სამწუხაროა, როცა მათ უნარებს და შესაძლებლობებს იყენებენ ძალიან ცუდად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.      

Civil.Ge © 2001-2024