„რუსთავი 2“-მა ფარული სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა
Civil Georgia, Tbilisi / 12 May.'14 / 13:02

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა შაბათს საღამოს ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების, დეპუტატების და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, რაც ტელეკომპანიის თქმით, ადასტურებს, რომ ამჟამინდელი ხელისულების პირობებშიც მიმდინარეობს უკანონო მიყურადება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემამ „განსხვავებული აქცენტები“, რომლის სადებიუტო ჩვენებაც 10 მაისს მთავრობის მიერ უკანონო თვალთვალის გარშემო არსებულ წუხილებს მიეძღვნა, სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები გაავრცელა, რომლებიც, როგორც გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა, „ანონური წყაროს“ მიერ იქნა მოწოდებული.

სატელევიზიო გადაცემის თანახმად, აუდიო ჩანაწერები, რომლებიც 2013 წელს გაკეთდა, წარმოადგენს სატელეფონო საუბარს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანს გიგა ბოკერიას შორის; თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და ბოკერიას შორის; ასევე უსუფაშვილს და მაშინდელ თბილისის მერს გიგი უგულავას შორის; ქართული ოცნების დეპუტატ დავით საგანელიძეს და ბიზნესმენ რომან ფიფიას შორის; ქართული ოცნების დეპუტატ გელა სამხარაულსა და ბიზნესმენ  მამია სანადირაძეს შორის; ასევე ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრ შალვა ობგაიძესა და როგორც ამის თაობაზე ტელეკომპანიამ განაცხადა, ბიზნესმენ ბესო გაბუნიას შორის.

სავარაუდოდ უსუფაშვილსა და უგულავას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, ორი მამაკაცი დედაქალაქის საბიუჯეტო საკითხებს განიხილავს და საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე, ის სავარაუდოდ 2013 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდშია ჩაწერილი. სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, სავარაუდოდ ალასანიას და ბოკერიას შორის, ორი მამაკაცი მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში დაგეგმილ ვიზიტს განიხილავს (მართალია გადაცემაში ამ საუბრის თარიღად 2013 წელი დასახელდა, მაგრამ საუბრის შინაარსი მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა 2012 წლის დეკემბრის ბოლოს იყოს ჩაწერილი).

ამ ჩანაწერების გავრცელება იმ ფონზე მოხდა, როდესაც „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების კაბინეტებში ფარულ თვალთვალს ახორციელებდა.

6 მაისს „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ მას შსს-იდან წყარომ მიაწოდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას და მისი მოადგილის ნინო შუბლაძის კაბინეტებში ფარული თვალთვალის ჩანაწერები, რომლის უკანაც შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება დგას. ნიკა გვარამიამ 11 მაისს „მაესტროს“ განუცხადა, რომ სატელეფონო საუბრები ტელეკომპანიას იმავე წყარომ მიაწოდა.

პროკურატურამ, რომელმაც გამოძიება 6 მაისს დაიწყო, 9 მაისს გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა და მიანიშნა, რომ სათვალთვალო მოწყობილობა, რომელიც ვერ იქნა ტელეკომპანიის შენობაში აღმოჩენილი, შესაძლოა წინა ხელისუფლების დროს ყოფილიყო დამონტაჟებული. იმავე დღეს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უარყო ეს ვერსია და ამჟამინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიაში თავისი შიდა „აგენტების“ მეშვეობით ფარული კამერების დამონტაჟებაში დაადანაშაულა.        

9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც გვარამიამ კონტრბრალდებები წამოაყენა თვალთვალის საქმეზე, მან ასევე განაცხადა, რომ კიდევ არსებობს ჩანაწერები, რომლებიც ამხელს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ საკუთარი თანამდებობის პირების მიყურადების პრაქტიკას. ამას მოყვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი პროგრამის ანონსი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არსებობს პოლიტიკოსების და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები.

შაბათს საღამოს, „რუსთავი 2“-ის მიერ ჩანაწერების გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე, პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გააფრთხილა ტელეკომპანია, რომ კერძო სატელეფონო საუბრების „უკანონო გამოყენება და გავრცელება“ დანაშაულია.

პროკურატურამ აღნიშნა განცხადებაში, რომ 2010-2011 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძინა ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურა, მაგრამ ამ აპარატურის დიდი ნაწილი „დაკარგულია“ და „არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები“.

ნიკა გვარამიას მიერ 9 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“ მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავდა, პროკურატურამ ასევე განაცხადა: „პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის უკანონო გამოყენება და გავრცელება, მათ შორის მასმედიის საშუალებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს“.

მართალია სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი, რომელიც კრძალავს უკანონოდ მოპოვებული კერძო საუბრების ჩანაწერების გავრცელებას, მაგრამ საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ უზრუნველყოფს ჟურნალისტების და მათი წყაროების დაცვას ასეთ შემთხვევებში.

კანონი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავიანთი ოფიციალური მოვალეობების ფარგლებში სამართლებრივად ვალდებულნი არიან შეინახონ საიდუმლო და როდესაც მისი გამხელა „პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის კანონით დაცულ სიკეთეებს“. კანონის თანახმად, „პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ ამ ჩანაწერების გაშვება - ფარული ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გაშვებული - მხოლოდ უკანონო თვალთვალის პრაქტიკის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად.

ამ ჩანაწერების გაშვება იმ ფონზე მოხდა, როდესაც უფლებადამცველი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიდი ჯგუფი კამპანიას ახორციელებს, რომელიც ხელისუფლების მიერ თვალთვალის შესაძლებლობების შეზღუდვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ინიციატივით გამოდის. კამპანია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“ მარტის დასაწყისში დაიწყო ლოზუნგით „ისევ გვისმენენ“.

თვის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიის ჯგუფი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ზიანს აყენებს და ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას.

კანონპროექტი, რომელსაც ჯგუფი უჭერს მხარს, უკვე ათ თვეზე მეტია განხილვის პროცესშია. მართალია, მას ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმაც დაუჭირა მხარი,  მათ შორის შალვა შავგულიძემ, რომელიც კანონპროექტის შემუშავების პროცესს უძღვებოდა, მაგრამ შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწინააღმდეგება.

დავა ერთ მთავარ საკითხზე მიმდინარეობს - მთავრობას, კერძოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, რომ კანონპროექტიდან ამოღებულ იქნას დებულება, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ან შესაძლოა დაასრულებს კიდეც მის შესაძლებლობას, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეს სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსმენაზე სასამართლო სანქციის მიღების შემდეგ, მას არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ამის შესახებ აცნობოს მობილურ ოპერატორ კომპანიას, როგორც ამას კანონპროექტი ითვალისწინებს, რადგან ეს გაზრდის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკს და ხელს შეუშლის სამართალდამცავების ოპერატიულ საქმიანობას.

უკვე წლებია, რაც ფარული თვალთვალი  და პირადი მონაცემების დაცვის კუთხით არსებული ვითარება უფლებადამცველთა შეშფოთების საგანია. თუმცა ეს საკითხები შარშან განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ  მკაცრი რეგულაციების შემოღების ხელშეწყობაზე მზაობა გამოთქვა.

თუმცა უფლებადამცველთა წუხილები ამ მიმართულებით კვლავაც რჩება, რადგანაც შსს-ს ახლაც აქვს ე.წ. „შავი ყუთები“ მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე, რომელთა მეშვეობითაც მას სისტემაზე პირდაპირი წვდომა გააჩნია და შეუძლია ერთდროულად ათასობით ნომრის მოსმენა განახორციელოს.

Civil.Ge © 2001-2024