ქართულმა ოცნებამ უკანონო მოსმენების საპარლამენტო გამოძიების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა ჩააგდო
Civil Georgia, Tbilisi / 15 May.'14 / 13:00

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს გამართულ კენჭისყრაზე ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც უკანონო მოსმენების შემთხვევებს გამოიძიებდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 10 მაისს ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების, დეპუტატების და ბიზნესმენების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მონაწილეობით  სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც ტელეკომპანიის თქმით, მას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და რაც ადასტურებს, რომ ამჟამინდელი ხელისულების პირობებშიც მიმდინარეობს უკანონო მიყურადება.

11 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ  „კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე“ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ განაცხადეს, რომ 2010-2011 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძინა ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურა, მაგრამ ამ აპარატურის დიდი ნაწილი „დაკარგულია“ და „არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები“.

ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელთაც საპარლამენტო დებატების დროს საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ თავიანთ ინიციატივაზე ისაუბრეს, განაცხადა, რომ უკანონო თვალთვალის პრაქტიკა პრობლემას წარმოადგენდა წინა ხელისუფლების პირობებში და ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებშიც აქტუალური რჩება.  მათი თქმით, საქმის გამოძიების ნაცვლად, სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელთაც მოსმენების განხორციელებაზე ხელი მიუწვდებათ, ახლა დანაშაულის დასაფარად საქმის შეთითხვნას ცდილობენ და ოპოზიციას ადანაშაულებენ იმაში,  რომ მაღალჩინოსნების მოსმენების უკან ისინი დგანან.  

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა, რომელმაც ინიციატივა წარადგინა, განუცხადა ქართული ოცნების დეპუტატებს დებატების დროს, რომ უკანონო თვალთვალის შემთხვევებმა მოქმედი მთავრობის „ჭეშმარიტი სახე“ წარმოაჩინა და „ეს სახე არის იმდენად უსიამოვნო სანახავი, რომ თქვენ გირჩევნიათ დღეს ამტკიცოთ თქვენი უუნარობა და უსუსურობა, ვიდრე აღიაროთ დანაშაული“.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი პარადოქსული ვერსია [რომ მოსმენები იმ აპარატურით ხორციელდებოდა, რომელსაც ამჟამად შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული პირები აკონტროლებენ] მართალია, მაშინ ადგილი აქვს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას და თქვენ უნდა ითხოვდეთ ამ ტრიბუნიდან შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერის გადადგომას, რადგან საქართველოს უსაფრთხოებას გაცილებით დიდი საფრთხე ექმნება“, – მიმართა რატიანმა ქართული ოცნების დეპუტატებს.      

მისი თქმით, პირადად პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის რეპუტაციაც დაზარალდება, თუ პარლამენტი რეაგირებას ვერ მოახდეს.  

უსუფაშვილი, რომელსაც ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია 10 მაისს გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერების საკითხზე, ოთხშაბათის პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდა, როდესაც დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ მიმართა ქართული ოცნების დეპუტატებს ეკა ბესელიას გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც თავის სიტყვაში ძირითადად წინა ხელისუფლების სამართალდარღვევებზე ისაუბრა, რომ ისინი გასული ცხრა წლის შესახებ მაშინ იწყებენ საუბარს, როდესაც არგუმენტები არ აქვთ.

ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საპარლამენტო გამოძიების საჭიროება არ არსებობს, რადგანაც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარებს.

„გამოძიება დაიწყო, დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა მან, „თუ დავინახავ, რომ პროკურატურა არ იძიებს, არ მუშაობს, ისე იქცევა, როგორც თქვენ დროს იქცეოდა, რა თქმა უნდა, გამიჩნდება მეც ხმამაღალი პროტესტი და რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ ჩატარდეს პარლამენტში გამოძიება“.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს, რადგანაც ოპოზიციური დეპუტატები ამ მექანიზმს თავიანთი მიზნის მისაღწევად გამოიყენებენ.

„კომისიის შექმნას აზრი არ აქვს. ეს კიდევ ერთი ფორმატი იქნება იმისთვის, რომ მათ საკუთარ მიზანს მიაღწიონ“, – განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, რომ დესტრუქციული ძალისთვის შეუძლებელია რაიმე პოზიტიურს მიაღწიოს და ამიტომ ამგვარი კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს.

ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ კომისია არ უნდა შეიქმნას, რადგანაც მას ნაციონალური მოძრაობა პროცესის პოლიტიზირებისთვის გამოიყენებს, რაც სიმართლის დადგენას არ დაეხმარება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვის წინადადებითაც გამოდიოდნენ.

Civil.Ge © 2001-2024