გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
Civil Georgia, Tbilisi / 22 May.'14 / 16:26

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ნავი პილაი, რომელიც მიმდინარე კვირას საქართველოს სტუმრობდა, მიესალმა ქვეყანაში „მრავალმხრივი“ და „ყოვლისმომცველი“ საკანონმდებლო რეფორმების გატარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასჯელაღსულების სისტემაში გაუმჯობესებულ პირობებს, დადებით ტენდენციებს სასამართლო სისტემაში, თუმცა სამართალდამცავ სტრუქტურებზე მეტი კონტროლის განხორციელებისკენ მოუწოდა და უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებულ წუხილებსაც გაუსვა ხაზი.

„კანონმდებლობა მიღებულია, შემუშავების პროცესშია ან  იგეგმება მისი მიღება პრაქტიკულად ყველა წამყვან სფეროში, სადაც არსებობს  აშკარა ნაკლოვანებები, და მე  ვერ ვიხსენებ ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნის 6 წლის განმავლობაში  ვერცერთ ქვეყანას,  სადაც მსგავსი მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმა ყოფილიყო გატარებული ასეთი მცირე დროის განმავლობაში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს 21 მაისს და ასევე ხაზი გაუსვა ამ კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას.

ვიზიტის დროს ის შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და  ასევე ესტუმრა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს.

სასამართლო, სასჯელაღსრულების და სამართალდამცავი სისტემები

სასამართლო სისტემაზე საუბრისას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ ეს რაოდენობა სულ „უფრო რეალისტური“ ხდება. მისი თქმით,   მოსამართლეები უფრო „დამოუკიდებლები გახდენენ აღმასრულებელი  შტოსაგან და პროკურორებისგან“.  მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის უფრო მეტ დასაბუთებას ითხოვს პროკურატურისგან. 

„მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი პოლიტიკური ანგარიშსწორების ნებისმიერი გამოვლინებისაგან“, – განაცხადა პილაიმ.

სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ მან განაცხადა, რომ „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“ პირობები ციხეებში, სადაც „სისტემატური წამება და არასათანადო მოპყრობა საკმაოდ გავრცელებული იყო“.

„მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმართა რაოდენობა; გაუმჯობესდა ჯანდაცვის მდგომარეობა ამ კუთხით; და ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ სულ უფრო იშვიათად ვრცელდება – თუმცა დროდადრო ამგვარი ბრალდებები კვლავაც გაისმის“, – განაცხადა პილაიმ. 

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად ციხეებში მონიტორინგის განსახორციელებლად ასევე დაუშვას არასამთავრობო ორგანიზაციები.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას შექმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ საჩივრებს გამოიძიებს.

მან ასევე შესთავაზა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც პოლიციის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების ფაქტებს გამოიძიებს, რაც „ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ეჭვების  და უნდობლობის გაქარწყლებას არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიცაა იმგვარი ბრალდებები, რომლებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს უკავშირდება“.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას „რაც შეიძლება სწრაფად“ აამოქმედოს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო. ვინაიდან ბრალდებების უმეტესობა უკავშირდება დაკავების შემდგომი პერიოდის განმავლობაში პოლიციელთა მიერ დაკავებულ პირთა მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას, განაცხადა მან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით გაიმართოს „და არა საზოგადოების თვალთაგან დამალულ პოლიციის დეპარტამენტებში თუ პროკურატურის ოფისებში“.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადავადების მიზეზად ხელისუფლებამ ამ სისტემისთვის სამართალდამცავთა მომზადების საჭიროება დაასახელა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას დააჩქაროს გამომძიებელთა გადამზადება, რათა ახალი წესის ამოქმედება სწრაფად გახდეს შესაძლებელი.

მან ასევე აღნიშნა წუხილები უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ და მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ მომდევნო კვირას პირველი მოსმენით მიიღოს უფრო მკაცრი რეგულაციები, რაც მთავრობის მხრიდან თვალთვალის პრაქტიკას უფრო მეტ კონტროლს დაუწესებს. თუმცა, შემოთავაზებულ კანონპროექტში მოუგვარებელი რჩება მთავარი საკითხი ამ თვალსაზრისით, რომელიც უკავშირდება შსს-ს მიერ პირდაპირ წვდომას მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე.

„მე მესმის, რომ გარკვეული რთული, მაგრამ ძირითადი ელემენტები, როგორიცაა სამართალდამცავ ორგანოებსა და მობილურ სატელეფონო კომპანიებს შორის ურთიერთობების დარეგულირება, კვლავ მოსაგვარებელი რჩება“, – განაცხადა პილაიმ.

უმცირესობების უფლებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ერთ–ერთი საკითხი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე დააყენეს, უკავშირდება უმცირესობების უფლებებს, კერძოდ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს და ასევე ლგბტ პირებს.

იგი მიესალმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, თუმცა ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ის წუხილებიც გაახმოვანა, რომლებიც უკავშირდება იმას, რომ კანონი უფრო ეფექტური გახდეს და გაფართოვდეს, რათა მან კერძო სექტორიც მოიცვას.    

„მოვუწოდე მთავრობის  ოფიციალურ პირებს, რომ საჯაროდ ხმა აღიმაღლონ ტოლერანტობის მხარდასაჭერად, ხაზი გაუსვან, რომ ნებისმიერი ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია მიუღებელია.  ძალადობა და სიძულვილის ენა ხმამაღლა და უპირობოდ უნდა იქნეს დაგმობილი, როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური ლიდერების მიერ და ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა პილაიმ.

„ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, იქიდანაც გამოჩნდა, რომ არატრადიციული ორიენტაციის პირებმა არ აღნიშნეს წელს 17 მაისი, რათა თავიდან აეცილებინათ იმ  ძალადობრივი  შეტაკების გამეორება, რაც წინა 17 მაისის მოვლენების დროს მოხდა“, – განაცხადა მან.

„მთავრობამ ასევე უნდა გამოხატოს მტკიცე  ნება და  შეასრულოს  ნაკისრი ვალდებულებები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს  მრავალრიცხოვანი მუსლიმური თემის მიმართ“, – დასძინა მან.

სამხრეთ ოსეთი –  ‘დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შეუვალი ადგილი’

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ  „არაერთი მცდელობის" მიუხედავად, მის სამსახურს მუდმივად უარს ეუბნებიან სეპარატისტულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შესვლაზე.

ვიზიტის ფარგლებში ნავი პილაი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართები ყოფს.

„როგორც გუშინ მე ჩემი თვალით ვნახე, მავთულხლართების ზემოქმედება  ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მყოფი ადგილობრივი სოფლის მოსახლეობისათვის გამანადგურებელია“, – განაცხადა პილაიმ.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლამდე, ჟენევაში რუსეთის ელჩს შეხვდა, რათა მისი ვიზიტის „მიზანი“ აეხსნა.

„მე ვაპირებ, რომ კიდევ შევხვდე მას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი თვალით ვიხილე, თუ როგორ იტანჯება ქართველი ხალხი ამ მავთულხლართების შედეგად“, – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა და დასძინა, რომ მიმართავს რუსულ მხარეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი უნდა მოგვარდეს.   

მისი თქმით, მაშინ როცა გარკვეული გადაადგილება ნებადართულია აფხაზეთის მიმართულებით, განსაკუთრებით გალის რაიონში, მათ შორის გაეროს ზოგიერთი სტრუქტურისთვის, სამხრეთ ოსეთი „იქცა დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შეუვალ ადგილად, სადაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გარდა, შესვლა არ შეუძლიათ  საერთაშორისო სააგენტოებს“.

„განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარებით. გავრცელებული ინფორმაციით, ცხოვრების პირობები მძიმეა და სულ უფრო და უფრო მძიმდება, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე“, – განაცხადა პილაიმ.

„სამხრეთ ოსეთი გადაიქცა შავ ხვრელად“, – განაგრძო მან, „ძალიან ცოტა რამაა ცნობილი იმაზე, თუ რა ხდება რეგიონის შიგნით, რადგან სულ უფრო რთულდება  სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისათვის საქართველოს სხვა რეგიონებში ჩასვლა, ასევე, დევნილებისათვის გართულდა სამხრეთ ოსეთის იმ ნაწილში შესვლა, სადაც, ასე თუ ისე, ნებადართული იყო ჩასვლა“.

„სამწუხაროდ,  არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები ვერ სარგებლობენ ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის კუთხით დაპირებული მნიშვნელოვანი რეფორმებით, რაც დღესდღეობით ხორციელდება საქართველოს მოქალაქეთათვის“, – განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024