აფხაზეთის ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების ‘სრულყოფის მიზნით ახალი ხელშეკრულებისკენ’ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 29 May.'14 / 16:15

საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის ოპოზიციურ პარტიებს და მოძრაობებს აერთიანებს, რუსეთთან თანამშრომლობის ახალი, სრულყოფილი ხელშეკრულების გაფორმებისკენ და აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში და საბაჟო კავშირში გაერთიანებისკენ მოუწოდა.

საკოორდინაციო საბჭომ განცხადება აფხაზეთში იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაავრცელა, რომლის ფარგლებშიც ოპოზიცია სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციის გაკონტროლებას განაგრძობს და აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი სოხუმში იმყოფება და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლს ასრულებს.

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობები არსებითად ახალ დონეზე გადავიდა. რუსეთმა სოხუმთან და ცხინვალთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს ხელი 2008 წლის სექტემბერში მოაწერა.

 „აფხაზეთი რუსეთის ხელისუფლების გულწრფელად მადლიერია მისი უანგარო ყოველმხრივი მხარდაჭერის გამო“, – ნათქვამია აფხაზური ოპოზიციის განცხადებაში, „ამასთან ერთად, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მსოფლიოში არსებულ ვითარებას, და ვხედავთ, რომ ახალი გლობალური საფრთხეები ჩნდება დასავლეთის მცდელობასთან დაკავშირებით, რომ გააფართოვოს თავისი გეოპოლიტიკური და სამხედრო გავლენის ზონები და არ მიიღოს მხედველობაში სუვერენიტეტი და ხალხთა უფლებები“.

„ამიტომ, ისეთი პატარა სახელმწიფოებისთვის, როგორიც აფხაზეთია, ერთადერთი შესაძლებლობა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და სანდო თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის რუსეთის მიერ პოსტ–საბჭოთა სივრცეში ინიცირებული ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა. ჩვენ დაინტერესებული ვართ საბაჟო კავშირში და ევრაზიულ კავშირში თანასწორუფლებიან მონაწილეობაში და ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ახალი საერთაშორისო გამოწვევების ფონზე, რაც ნატოში საქართველოს დაჩქარებულ ინტეგრაციას უკავშირდება, აფხაზეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას შემდგომი განვითარება და სრულყოფა ესაჭიროება. პირველ რიგში, ეს ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი სივრცის ფორმირების საკითხებს“.

„გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ აფხაზეთის შიდა პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს და ის განვითარდება მეგობრობის, ურთიერთდახმარების, აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და სახელმწიფო დამოუკიდებლობის პატივისცემის სულისკვეთებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამის საფუძველი უნდა გახდეს ახალი შეთანხმება, რომელიც აფხაზეთის და რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024