სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ფარულ მიყურადებაზე სადავო მუხლს ასაჩივრებს
Civil Georgia, Tbilisi / 30 May.'14 / 17:45

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით მიმართა, რომელიც სამართალდამცავებს ფარულ მიყურადებაზე პირდაპირი წვდომის უფლებას აძლევს.

ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე ახლებურად დარეგულირება პარლამენტმა შსს-ის პოზიციის გათვალისწინებით 1 ნოემბრამდე გადაავადა, მიიღო რა 29 მაისს პირველი მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებს აწესრიგებს.

ამ ფონზე სახალხო დამცველის აპარატმა 30 მაისს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და ითხოვს კანონის იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც „სამართალდამცავ ორგანოებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან, მაილსერვერებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის და კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირების შესაძლებლობას აძლევს“.

ეს უფლება, რომელიც სამართალდამცავებს 2010 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიენიჭათ და რომელიც „არ საჭიროებს სასამართლოს სანქციას“ და არც მისი გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში გამოყენების საჭიროებაა დადგენილი, áƒ¡áƒáƒ®áƒáƒšáƒ®áƒ დამცველის თქმით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

„ე.წ. „მუდმივი მიერთება“, სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი და საინფორმაციო ბანკების კოპირების შეუზღუდავი უფლება გულისხმობს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გააჩნიათ კონსტიტუციურ–სამართლებრივი რეგულირებისა და დაცვის სივრციდან გასული და შეუზღუდავი უფლება, მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი კომუნიკაციის და პირადი მონაცემების დაცულ სფეროზე, ანუ, პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე და ახორციელებენ მის მუდმივ მონიტორინგს, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის კონტროლის ან ამ ძალაუფლების შეზღუდვის მექანიზმს“, - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი თავის პრესრელიზში.

სახალხო დამცველი მიესალმება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტის მიღების პროცესს, თუმცა აცხადებს, რომ ამის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სადავო მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე. 

იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს წარმოებაში მიიღებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებლებისთვის გახდება სახელმძღვანელო პრინციპი, თუ როგორ უნდა áƒ“არეგულირდეს ე.წ. "მუდმივი მიერთების" საკითხი.

 

Civil.Ge © 2001-2024