ღარიბაშვილი: მოსმენებზე პირდაპირი წვდომა ‘არ უნდა იყოს მობილური ოპერატორების ხელში’
Civil Georgia, Tbilisi / 4 Jun.'14 / 14:13

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სადავო საკითხზე, თუ ვის უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებთან, განაცხადა, რომ მოსმენებთან დაკავშირებული ეს უფლებამოსილება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან მობილურ ოპერატორებს არ უნდა გადაეცეს. 

მართალია პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, თუმცა პირდაპირი წვდომის საკითხის დარეგულირება ნოემბრამდე გადადო. იმავდროულად, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით მიმართა, რომელიც სამართალდამცავებს ფარულ მიყურადებაზე პირდაპირი წვდომის უფლებას აძლევს.

„ამ ეტაპზე მე მიმაჩნია, რომ ეს თქვენს მიერ ნახსენები ‘გასაღები’ არ უნდა იყოს მობილური ოპერატორების ხელში. ეს არასწორია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა 4 ივნისს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ და ხაზი გაუსვა ქვეყნის უსაფრთხოების „უმაღლეს დონეზე“ დაცვის აუცილებლობას.

„მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად მოქნილ, მაქსიმალურად დაბალანსებულ მექანიზმს, რაც ერთის მხრივ გამორიცხავს უკანონო მოსმენების შესაძლებლობას, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას“, - განაცხადა მან.

„ჩვენ ამ იდეალურ ბალანსს, ოქროს შუალედს ვიპოვით აუცილებლად ისე, რომ არ შეილახოს სახელმწიფოს ინტერესები და სახელმწიფო უსაფრთხოება. მე ამას არ დავუშვებ და რა თქმა უნდა, ასე ფიქრობს თითოეული დეპუტატი, თითოეული მთავრობის წევრი, ვფიქრობ, რომ ასეთივე განწყობა აქვს მოქალაქეებს“,  - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ფარული მიყურადების სისტემა „მთლიანად“ უნდა მოწესრიგდეს და „უკანონო მოსმენების თუ კანონიერი მოსმენების“ თაობაზე ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე  დამოკიდებული არ უნდა იყოს.

Civil.Ge © 2001-2024