მარნეულში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი მხარდამჭერთა ხმაურიანი პროტესტის მიუხედავად რეგისტრაციიდან მოიხსნა
Civil Georgia, Tbilisi / 5 Jun.'14 / 20:43

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა, რასაც წინ უძღოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების ხმაურიანი პროტესტი ამ გადაწყვეტილების პრევენციის მიზნით - ოპოზიციის ქმედებები ცესკომ დაგმო, როგორც „უხეში ჩარევა“ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში.

მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ გადაწყვეტილება იმ საჩივრის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, აკმამედ იმამკულიევი ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ საცხოვრებელ ცენზს, რომ კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, მათ შორის დეპუტატების ხათუნა გოგორიშვილის, გოკა გაბაშვილის, ნუგზარ წიკლაურის, ირმა ნადირაშვილის, მარნეულის მაჟორიტარის აზერ სულეიმანოვის და მათი აქტივისტების პროტესტი, როგორც მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში, ისე შენობის გარეთ.

გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, უყვიროდა მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს თავისივე კაბინეტში: „მე გპირდები შენ, აი ამ გადაწყვეტილების გამო, შენ კობა ასანიძე მაგრად ინანებ“. 

„საჩუქარი გინდა მიართვა ღარიბაშვილს? რას აკეთებ, არ გცხვენია? შენ თვითონ ხომ იცი, რომ კანონს არღვევ. გამოიწვევ უბედურებას“, - მიმართავდა უგულავა მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ერთ მომენტში მის სამუშაო მაგიდაზე ხელი დაარტყა და შეიგინა, ხოლო ერთ ეპიზოდში ფურცელი, რომელიც მისი თქმით, რეგისტრაციის გაუქმების განკარგულების პროექტს წარმოადგენდა, დემონსტრაციულად დახია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ნაციონალური მოძრაობის ქმედებები, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში „უხეში ჩარევა“, რომელიც „სცილდება კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს და აღიქმება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებად“.

„მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და პოლიტიკურ ძალას, არ განახორციელონ ისეთი  სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა ცესკომ.

ქართულმა ოცნებას 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ასევე დაგმო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მარნეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე „ზეწოლის“ ფაქტი, მის კაბინეტში პარტიის ლიდერების,  მათ შორის „მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვაში“ ბრალდებული გიგი უგულავას „შეჭრა“.

„ეს ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - ნათქვამია ქართული ოცნების განაცხადებაში, რომელიც მოუწოდებს „შესაბამის უწყებებს, დროულად შეაფასონ მომხდარი ფაქტი და მისცენ სათანადო კვალიფიკაცია“.

„ნაცვლად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში და მიიღოს ის განაჩენი, რომელსაც მათ ქართველი ხალხი განუსაზღვრავს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ჩვეული მუქარის ტონით აგრძელებს საუბარსა და ქმედებას“, - აცხადებს მმართველი კოალიცია.  

ნაციონალურმა მოძრაობის მტკიცებით, მარნეულში მათი კანდიდატის არჩევნებიდან ჩამოშორება ხელისუფლებას სურდა, რადგან აკმამედ იმამკულიევს გამგებლის არჩევნების მოგების კარგი შანსი ჰქონდა და მის წინააღმდეგ საბაბად ორწლიანი საცხოვრებელი ცენზი იქნა გამოყენებული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონის დადგენილი წესით გასაჩივრდეს ცესკოში, რომლის გადაწყვეტილებაც ასევე ექვემდებარება სასამართლოს ორ ინსტანციაში გასაჩივრებას.

კანდიდატების საცხოვრებელ ცენზთან დაკავშირებით სამ დავას ჰქონდა ამ დრომდე ადგილი: ორ შემთხვევაში, რომელიც ქართული ოცნების ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატებს უკავშირდებოდა, მათი რეგისტრაცია ძალაში დარჩა, ხოლო გორში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მერის არჩევნებიდან მოიხსნა.

Civil.Ge © 2001-2024