აფხაზეთში მცხოვრები ათასობით ქართველი შესაძლოა საარჩევნო სიების მიღმა დარჩეს
Civil Georgia, Tbilisi / 14 Jun.'14 / 13:58

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რეგიონში მცხოვრები  ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა შესაძლოა აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება დაკარგოს.

სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებული იმ აღმოსავლეთ რაიონების მაცხოვრებლების სიის შედგენა დაავალა, რომელთა აფხაზური პასპორტებიც საკანონმდებლო ორგანომ უკანონოდ გაცემულად ცნო.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ბგანბას მიერ 13 ივნისს ხელმოწერილი განკარგულება ასევე ავალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მონაცემები საარჩევნო კომისიას 30 ივნისამდე გაუგზავნოს, რათა ეს პირები ამომრჩეველთა სიიდან ამოიღონ.

მოვლენათა ამგვარი განვითარება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც დროებითი ეროვნული საბჭოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველის 24 აგვისტოს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას იმ მოტივით, რომ მათზე აფხაზური „პასპორტები“ უკანონოდ გაიცა.

22–წევრიანი დრობითი ეროვნული საბჭო, რომელსაც დეპუტატი რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა მოძრაობებმა ჩამოაყალიბეს, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სოხუმში მაისის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა აიღეს. ანქვაბის მოკავშირეები, რომელთაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი პოსტები ეკავათ, ან თავად გადადგნენ, ან გადააყენეს დაკავებული თანამდებობებიდან.  დროებითი ეროვნული საბჭო სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს აკონტროლებს.

ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებული რაიონების პასპორტიზაცია უკვე დიდი ხანია სადავო საკითხს წარმოადგენს სეპარატისტულ აფხაზეთში.

ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი მოძრაობების გაერთიანება, რომელიც ანქვაბის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებს უძღვებოდა, შარშან ჩამოყალიბდა და მისი თავდაპირველი მიზანი იყო ეთნიკური ქართველი მაცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის საკითხის გამო ანქვაბთან დაპირისპირება, რადგანაც ისინი ამ პროცესს აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობისთვის“  საფრთხედ მიიჩნევდნენ. მართალია მას შემდეგ ანქვაბის საწინააღმდეგო ოპოზიციურმა მოძრაობამ საკითხთა უფრო ფართო სპექტრი  მოიცვა, როგორიცაა კორუფცია, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და ანქვაბის „ავტორიტარული ტენდენციები“, მაგრამ „პასპორტიზაცია“ კვლავ დღის წესრიგის ერთ-ერთ წამყვან თემად დარჩა. 

ოპოზიციის კამპანიის შედეგად, 2013 წლის სექტემბერში პარლამენტმა დაავალა პროკურატურას, რომ 2008 წლის შემდეგ გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში შექმნილი კომისიების მიერ აფხაზური პასპორტების გაცემის კანონიერება შეემოწმებინა. ამ კომისიების გადაწყვეტილების მიხედვით ეთნიკურ ქართველებს აფხაზური პასპორტების აღება შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი იყო. ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ამ კომისიების მეშვეობით  გაცემული პასპორტების უკანონობას,  რადგანაც ეს პროცესი, მათი თქმით, იმ მოთხოვნების გვერდის ავლით წარიმართა, რომელთაც მოქალაქეობის შესახებ აფხაზეთის კანონი განსაზღვრავს. ბევრი ეთნიკური ქართველი, აფხაზური პასპორტის მიღებასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობასაც ინარჩუნებდა, რაც სეპარატისტული რეგიონის კანონმდებლობის დარღვევაა.

პროკურატურამ თავისი დასკვნა პარლამენტს 2014 წლის აპრილში წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, სულ 26 197 პასპორტის მონაცემები გადამოწმდა; პროკურატურამ მაშინ განაცხადა, რომ 1 188 შემთხვევაში ცალსახად დაფიქსირდა აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის დარღვევა.

მაგრამ აფხაზეთის პარლამენტმა 4 აპრილს  მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის „უკანონოდ“ შექმნილი კომისიების რეკომენდაციით გაცემული პასპორტები „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას კანონიერ ძალას ვერ ანიჭებს“.

ასეთი პასპორტების რაოდენობა, სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით 25 000–ს ან შესაძლოა 26 000–ს შეადგენს.  2011 წელს სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული აღწერის შედეგად, აფხაზეთში 46 000–ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.

რეგიონის პარლამენტის 4 აპრილის რეზოლუციაზე დაყრდნობით, დროებითი ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ რაულ ხაჯიმბამ  12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ „უკანონოდ“ შექმნილი კომისიების მიერ გაცემული 25 000–26 000 პასპორტის მფლობელს არ უნდა მიეცეს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

„ეს ის ხალხია, ვინც ჩვენთან ერთად უნდა ააშენოს ეს სახელმწიფო, მაგრამ მათი სამართლებრივი სტატუსი ჩვენი კანონების შესაბამისად უნდა განისაზღვროს“, – იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით 12 ივნისს.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას თქმით, ამომრჩეველთა სიიდან ჯერჯერობით ის 1 188 ადამიანი ამოიღეს, რომელთა პასპორტებიც პროკურატურამ უკანონოდ გაცემულად ჩათვალა. თუმცა მან განუცხადა ტელეკომპანია „აბაზა ტვ“–ს 12 ივნისს, რომ საარჩევნო კომისია სხვებსაც ამოიღებს სიიდან, თუ პარლამენტი ასეთ მითითებას გასცემს.

ამ და ზოგიერთი სხვა მიზეზის გამო ტაბაღუა 12 ივნისს გამართული შეხვედრის დროს დროებითმა ეროვნულმა საბჭომ გააკრიტიკა. საბჭო მის გადადგომას ითხოვდა.

2009 წელს, როდესაც აფხაზეთის მაშინდელ ლიდერს, აწ გარდაცვლილ სერგეი ბაღაფშს კანონში ცვლილებების შეტანა სურდა, რათა გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭება გაემარტივებინა, ოპოზიციამ ეს გააპროტესტა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ეთნიკური ქართველების ხმებზე ამყარებდა იმედებს; ბაღაფშს კანონპროექტზე ვეტოს დადება მოუხდა.
.

Civil.Ge © 2001-2024