არჩევნებში წარმატების შემდეგ პატრიოტთა ალიანსი ნაციონალური მოძრაობის რადიკალურ კრიტიკას აგრძელებს
Civil Georgia, Tbilisi / 18 Jun.'14 / 17:41

საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა - პარტიამ, რომელიც აცხადებს, რომ ეროვნულ პლატფორმაზე დგას და ნაციონალური მოძრაობის რადიკალური კრიტიკით გამოირჩევა, 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც ამ  არჩევნების ერთ-ერთ უმთავრეს სიახლეს წარმოადგენს.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 2013 წლის იანვარში დარეგისტრირდა დავით თარხან-მოურავის თავმჯდომარეობით, რომელიც პარტიის სხვა ლიდერთა უმეტესობასთან ერთად ტელეკომპანია "ობიექტივთან" ასოცირდება. ამ ტელეკომპანიას ხელმძღვანელობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი, რომელმაც 15 ივნისს დედაქალაქის მერის არჩევნებში მეოთხე ადგილი დაიკავა ხმების 5%-ზე მეტით.

პარტიამ, რომელმაც პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 6.34% მიიღო და საარჩევნო ბარიერი გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ორი წევრით იქნება წარმოდგენილი დედაქალაქის საკრებულოში.

ქვეყნის მასშტაბით საკრებულოთა პროპორციულ არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა, წინასწარი მონაცემებით, 4.71% დააგროვა (პარტიას 24 ოლქში არ ჰქონდა პარტიული სიები წარდგენილი).

ამასთან, პარტიის კანდიდატებმა მეორე შედეგი აჩვენეს და მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ქართული ოცნების კანდიდატებს ფოთსა და ოზურგეთში მერების პოსტის დასაკავებლად, ლანჩხუთსა და ხულოში კი გამგებლობისთვის.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვუგებთ იქ ქართულ ოცნებას და მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა 17 ივნისს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ ძირითადად იმ ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვინც „შეურაცხყოფილია იმით, რომ არ აღდგა სამართლიანობა“ ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, რომელმაც მისი თქმით, სათანადოდ არ გამოიძია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები.

„მე მინდა ვუთხრა ნაციონალურ მოძრაობას -  ახლოვდება თქვენი პოლიტიკური აღსასრული და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი იქნება ის ძალა, რომელიც თქვენ პოლიტიკურად დაგმარხავთ“, - განაცხადა ინაშვილმა.

„ჩემი პოლიტიკური გუნდი სწორედ იმისთვის იბრძოლებს და იზრუნებს, რომ ეს კრიმინალური დაჯგუფება მოხვდეს ციხეში და აგოს პასუხი“, - დასძინა მან. 

იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომ მისი პოლიტიკური პარტია პრორუსული ორიენტაციისაა, ინაშვილი ნაციონალური მოძრაობის მიმართ კონტრბრალდებებით გამოვიდა და ყოფილი ხელისუფლება რუსეთის „ფარულ აგენტობაში“ დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, გამოიხატა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის რუსეთისთვის „ჩუქებით“ და მასზე სტრატეგიული ობიექტების გასხვისებით.

ინაშვილმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რადიკალური რეფორმირებისკენ, რათა ახალ პარტიებს პოლიტიკურ პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის მეტი უფლება მიეცეთ და „პოლიტიკური სივრცე გათავისუფლდეს პოლიტიკური დისკრიმინაციისგან“.

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის დახმარებით გადავლახეთ ეს ბარიერი ფულის გარეშე, პოლიტიკური თანადგომის და დახმარების გარეშე“, - აღნიშნა მან.

2013 წლის აპრილში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო „მესამე ძალა“ გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში.

„მესამე ძალის სურვილი გამაჩნია და არც ვმალავ. მე არ დაგიმალავთ ქალბატონ სალომესთანაც [ზურაბიშვილი, საქართველოს გზის ლიდერი], ქალბატონ ირმა ინაშვილთანაც მქონდა შეხვედრა და ჩემი სურვილი მასაც გადავეცი, რომ მათ აქვთ პარტია და კარგი იქნება, თუ განავითარებენ და გააქტიურდნენ, მე მგონი; ქალბატონ ნინოსაც ბურჯანაძეს შევუთვალე, რომ კარგი იქნება, თუ გააქტიურდება და თავის პარტიას გააძლიერებს“, - განაცხადა მაშინ ივანიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ახალი პარტიების „გაცოცხლება“ ნაციონალური მოძრაობის „განადგურების“ სურვილს „არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავდა“. 

Civil.Ge © 2001-2024