უგულავამ თბილისის მერად აღდგენის მიზნით სასამართლოს გზით ბრძოლა შეწყვიტა
Civil Georgia, Tbilisi / 25 Jun.'14 / 18:54

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თბილისის მერად მისი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე სასამართლოდან áƒ¨áƒ£áƒáƒ›áƒ“გომლობა გამოაქვს.

„ამით სამთავრობო ზეწოლისგან და პირდაპირი აბუჩად აგდებისგან ვათავისუფლებ სასამართლოსაც და იმედი მაქვს, მომავალში, თუ საქმე სხვა არჩეულ პირებს შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მყარი ფუნდამენტი იქნება სასამართლოს არაორაზროვანი და სამართლიანი პოზიციისა“, - განაცხადა უგულავამ.

მას მხედველობაში ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული საქმე, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საკანონმდებლო ნორმები, რომლის საფუძველზეც მას, როგორც პირდაპირი წესით არჩეულ მერს, გაფლანგვის ბრალდებების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკემბერში უფლებამოსილება შეუჩერა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მაისში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ უგულავამ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ.

პროკურატურის არგუმენტებით, უგულავას შუამდგომლობა არ უნდა განეხილა იმავე ინსტანციის სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებითაც მას უფლებამოსილება შეუჩერდა და ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გაუქმებულ ნორმებს დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებაზე უკუქმედების ძალა ვერ ექნებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს უგულავას შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა გადაიდო ამ თემაზე გამართული სხვა რამდენიმე პროცესის მსგავსად, რომლებიც პროკურორების გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა.

უგულავამ 25 ივნისს განაცხადა, რომ მისმა მცდელობამ უკვე „გამოიღო შედეგი“, ვინაიდან საზოგადოებას დაანახა, რომ  „პროკურატურა გარბის  პროცესიდან“.

„იმას კი არ აქვს მნიშვნელობა მე, გიგი უგულავა ერთი კვირით შევალ თუ არა ოფისში, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ყველა არჩეული პირი გათავისუფლდეს მთავრობის აღვირახსნილი მცდელობისგან პროკურატურის საშუალებით, გზიდან  ჩამოიცილონ არასასურველი ოპონენტები“, - განაცხადა მან. 

„თბილისელები არჩევნების მეორე ტურში თავად აირჩევენ თბილისის მერს და საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით, უკანონოდ ვეღარავინ  შეაჩერებს  არჩეულ პირთა უფლებამოსილებას“, - დასძინა მან. 

 

Civil.Ge © 2001-2024