ოთხმა ყოფილმა კანდიდატმა რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს გამოუცხადა მხარდაჭერა
Civil Georgia, Tbilisi / 8 Jul.'14 / 12:08

რუსთავის მერობის ოთხმა ყოფილმა კანდიდატმა, რომლებიც მეორე ტურში ვერ გავიდნენ, 12 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურისთვის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გამოუცხადეს მხარდაჭერა, რომელიც 15 ივნისის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.   

რუსთავში მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან ქართული ოცნების კანდიდატი დავით ჯიქია, რომელმაც ხმების 40.49% მიიღო და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი, რომელმაც ხმათა 29.23% დააგროვა.

ამ ოთხი ყოფილი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობა არჩევნების პირველ ტურში 24.76%–ს შეადგენს.  

ერთ–ერთი მათგანია ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი თანამფლობელი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა ხმების 12.07%–ით 15 ივნისის არჩევნებზე. კიწმარიშვილმა, რომელიც 2010–2011 წლებში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, თუმცა შემდეგ მერობის კანდიდატურის წამოყენებამდე აღარ უაქტიურია, განაცხადა 7 ივლისს, რომ ის მას შემდეგ დათანხმდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მამუკა ჩიქოვანის მხარდაჭერას, რაც მან თანამშრომლობა შესთავაზა იმ ხედვაზე, რომელიც მას რუსთავის განვითარებასთან დაკავშირებით გააჩნია.

მამუკა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება საბჭო, რომელიც მის ოთხ ყოფილ კონკურენტს გააერთიანებს და რომლებიც ერთად იმუშავებენ რუსთავის განვითარებაზე.

დანარჩენი სამი ყოფილი კანდიდატი, რომლებიც მხარს უჭერენ ჩიქოვანს, არიან: ნინო ბურჯანაძის კოალიციის მიერ დასახელებული კობა ძლიერიშვილი, რომელმაც პირველ ტურში 6.29% მიიღო; ივანე შათირიშვილი, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი, რომელმაც 4.32% მიიღო და ალექსანდრე ბერიძე, არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი, რომელმაც ხმების 2.08% მიიღო.

იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთა კანდიდატებიც ახლა ჩიქოვანს უჭერენ მხარს რუსთავში, განაცხადეს 7 ივლისს, რომ ემიჯნებიან ამ გადაწყვეტილებას და კანდიდატებმა, რომლებიც უკვე აღარ წარმოადგენენ მათ, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეს.

Civil.Ge © 2001-2024