სატელევიზიო რეკლამა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ რამდენიმე კომპანიაში ფასდაკლებებით სარგებლობას სთავაზობს
Civil Georgia, Tbilisi / 11 Jul.'14 / 12:49

12 ივლისის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე სატელევიზიო სივრცეში განთავსდა სარეკლამო რგოლი, რომელშიც რამდენიმე ბიზნეს კომპანია ამომრჩეველს ფასდაკლებებს პირდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი წავლენ და ხმას მისცემენ საარჩევნო უბნებზე.

„12 ივლისს, არჩენების მეორე ტურის დღეს ბიზნეს კომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო“, - აცხადებს მამაკაცის ხმა რეკლამაში, „მიდი არჩევნებზე, გაიარე მარკირება და ხმა მიეცი სასურველ კანდიდატს. არჩევნების დღის ბოლომდე წარადგინე მარკირება შემდეგ სავაჭრო ქსელებში და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებებით:  20%-იანი ფასდაკლება „მაკდონალდსა“ და „ვენდისში“; 22%-იანი ფასდაკლება - „პსპ“-ში, „ავერსსა“ და „ჯიპისი“-ში; 15%-იანი ფასდაკლება - „გუდვილსა“ და „სმარტში“; 5-თეთრიანი ფასდაკლება „გალფსა“ და „ვისოლში“. გამოხატე შენი პოზიცია, მიდი არჩევნებზე! ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.

ამომრჩეველთა უფერული სითხით მარკირების წესი ხმის რამდენჯერმე მიცემის თავიდან ასარიდებლად უკვე წლებია მოქმედებს საქართველოში; საარჩევნო უბანში შესვლისას ამომრჩეველს მარკირების შემოწმებას  სპეციალური აპარატით უტარებენ და ხმის მიცემის წინ უფერულ სითხეს ასხამენ თითზე იმის ნიშნად, რომ მან მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მარკირებული მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის რეკლამაში ჩამოთვლილ კომპანიებს ასევე დასჭირდებათ სპეციალური აპარატებით მათი შემოწმება, რათა რეკლამაში მოცემული პირობები შესრულდეს.  

ქართული ოცნების ერთი ახალი პოლიტიკური რეკლამა ასევე მთლიანად ეძღვნება მოწოდებებს მაღალი აქტივობისკენ.

„ნუ მოთხოვ სხვას შეასრულოს თავისი მოვალეობა, თუ შენ საკუთარს არ შეასრულებ. გამოხატე შენი ნება, მოდი არჩევნებზე. ეს შენი მოვალეობაა. საქართველოს ისტორიაში პირველად არჩევნების მეორე ტური დაინიშნა და ახლა შენი მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შენი ხმა იგებს, აირჩიე მომავალი“, - აცხადებს მამაკაცის ხმა ფასიან რეკლამაში, რომლის დასასრულსაც ქართული ოცნების საარჩევნო ნომერი ჩნდება ეკრანზე.

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 43.31% შეადგინა. დედაქალაქში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი 37.3% იყო.

არჩევნების მეორე ტური შაბათს მერის ასარჩევად თბილისში და კიდევ შემდეგ შვიდ თვითმმართველ ქალაქში გაიმართება: ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, მცხეთა, ოზურგეთი და ფოთი.

მეორე ტური გამგებლის ასარჩევად ასევე გაიმართება შემდეგ 13 მუნიციპალიტეტში: ყვარელი, თელავი, თიანეთი, ახმეტა, თერჯოლა, ხონი, ტყიბული, მარტვილი, ქობულეთი, ბაღდათი, გორი, ლენტეხი და ხულო.

Civil.Ge © 2001-2024