თბილისის მერობის კანდიდატების სატელევიზიო დებატები
Civil Georgia, Tbilisi / 11 Jul.'14 / 13:21

თბილისის მერობის კანდიდატები დავით ნარმანია ქართული ოცნებიდან და ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობიდან 9 ივლისს ერთმანეთს 70–წუთიან ტელედებატებში დაუპირისპირდნენ.

ნარმანია, რომელმაც 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში 50%-იანი ბარიერის დასაძლევად არასაკმარისი ხმები - 46% მიიღო, და მელია, რომელიც მას 18 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა, ერთმანეთს 12 ივლისის მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ტურამდე რამდენიმე ტელეკომპანიაში, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში, სატელევიზიო დებატები გაიმართა ნარმანიას და მელიას, ასევე რამდენიმე იმ სხვა კანდიდატს შორის, რომლებიც 15 ივნისის არჩევნებში იყრიდნენ კენჭს. მეორე ტურამდე ნარმანია დათანხმდა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან თავის ოპონენტს ასევე დაპირისპირებოდა სატელევიზიო დებატებში, თუმცა ამ დებატების „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ გამართვა მოითხოვა, რათა ყველა მაუწყებელს ჰქონოდა მისი თანაბრად გადაცემის შესაძლებლობა.

მელიამ უპასუხა, რომ მართალია არ ესმოდა, თუ რას ნიშნავდა „ნეიტრალური ტერიტორია“, მაგრამ მზად იყო დებატებისთვის ნებისმიერ ადგილას, სადაც ნარმანია თავს კომფორტულად იგრძნობდა; მისი თქმით, იმაზეც კი იქნებოდა თანახმად, რომ დებატები ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ სატელევიზიო თოქშოუში შემდგარიყო. ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების წარმომადგენლები დებატების ფორმატზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით შეთანხმდნენ. დებატები სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, რომლის დროსაც სატელევიზიო არხების ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

დებატების დროს, რომელიც რამდენიმე სატელევიზიო არხმა პირდაპირ ეთერში გადასცა, მათ შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა, კანდიდატები ხშირად აკრიტიკებდნენ ერთმანეთს და ზოგჯერ, ეს კრიტიკა პირადულში გადადიოდა.               

მელიამ თავისი შესავალი სიტყვა იმით დაიწყო, რომ ნარმანიას „ნეიტრალურ ტერიტორიასთან“ დაკავშირებით გამოეკიდა. „ერთხელ და სამუდამოდ, შედგა დებატები იმ ტერიტორიაზე, რასაც „ნეიტრალური ტერიტორია“ დაერქვა და გმადლობთ, ბატონო დავით, იმისათვის, რომ მივიღე დამატებითი ინფორმაცია, რომ თურმე ჩვენ თბილისში გვაქვს ‘ნეიტრალური ტერიტორია’ ავლაბრის სახით“, – განაცხადა მელიამ დამცინავად.

ერთ მომენტში, ნარმანიას ერთ–ერთი თავდასხმის საპასუხოდ, მელიამ მინიშნება სავარაუდოდ იმ ფაქტზე გააკეთა, რომ მისი კონკურენტი, მისგან განსხვავებით, თბილისელი არ არის. მომდევნო დღეს გაკეთებულ წერილობით განცხადებაში, მელიას თავის მართლება მოუხდა, რომ მას ამგვარი მინიშნება არ გაუკეთებია.

დებატების დროს ნარმანიამ განაცხადა, რომ მან 15 ივნისის პირველ ტურში მელიას არჩევნები მშობლიურ უბანშიც კი მოუგო მთაწმინდის რაიონში. „ისმის კითხვა: ადამიანი, რომელსაც საკუთარი უბანი არ ენდობა, რატომ უნდა ვანდოთ ამხელა ქალაქი და ქვეყნის გული?“- განაცხადა ნარმანიამ.

მელიამ უპასუხა: „ან მე–6 უბანი საიდან უნდა იცოდეთ, ან ჩიტაძის ქუჩა საიდან უნდა იცოდეთ მთაწმინდის რაიონში რომ არის, რომ არა ის ‘მესიჯ ბოქსი’, რომელიც დაგიწერეს? მაშინ როდესაც ჩიტაძის ქუჩა არ იცით და შეუძლებელია იცოდეთ სად არის და მთაწმინდის რაიონში რამდენჯერ ხართ ნამყოფი, ჯერ კიდევ საკითხავია, ძალიან გთხოვთ, ასეთი აპლომბით საუბარს თავი დავანებოთ“.    

10 ივლისს მელიამ აღნიშნა წერილობით განმარებაში, რომ ნარმანიას მიმართ მისი განცხადებები არასწორად იქნა აღქმული, როგორც „მითითება მის არათბილისურ წარმოშობაზე“.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე არაერთხელ საჯაროდ დავაფიქსირე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარმოშობას. მეტიც, უზნეობად მიმაჩნია ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, ვისი მხრიდანაც არ უნდა კეთდებოდეს ეს“, – განაცხადა მელიამ.

კამპანიის განმავლობაში და სატელევიზიო დებატების დროსაც მელია იმეორებდა, რომ  ნარმანია მერობის შემთხვევაში ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული; ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, როცა 2013 წლის ნოემბერში მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.

მელიამ განაცხადა, რომ ამომრჩევლების სანაცვლოდ, ნარმანია ივანიშვილის მითითებების შემსრულებელი იქნება.

„ახლა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რომ დაგირეკოთ და გითხრათ, რომ იდექით საღამოს 12–ის ნახევრამდე აქ, სადაც დგახართ, თქვენ იდგებით აქ“, – მიმართა მელიამ ნარმანიას. 

მელიამ ასევე განაცხადა, რომ მართალია მას ბევრი მეგობარი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ კამპანიის განმავლობაში მას არასდროს შეუკავებია თავი წინა ხელისუფლების და თბილისის მთავრობის დამსახურებული კრიტიკისგან; მან ასევე განაცხადა, რომ მართალია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ბევრ მიღწევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ასევე იყო „შეცდომები და გადაცდომები“.

ნარმანიამ უპასუხა, რომ ის ყოველთვის იყო და დარჩება დამოუკიდებელ პიროვნებად და ამის დასადასტურებლად მისი ბიოგრაფიიდან განათლების და სამუშაო გამოცდილების მაგალითები მოიყვანა და დასძინა, რომ ის ყოველთვის იყო დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში.

„ჩვენ ის კი არ გვკითხეს, ომლეტს რამდენად დამოუკიდებლად შევწვავთ... არამედ პოლიტიკურად რამდენად დამოუკიდებლები ვიქნებით", - მიმართა მელიამ ნარმანიას. 

იმ ბრალდებებზე საუბრისას, რომ ის მთლიანად ივანიშვილზეა დამოკიდებული, ნარმანიამ ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს „პანორამა თბილისის“ პროექტზე უარი თქვას, თუ ეს პროექტი ექსპერტების ფართო სპექტრის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ის თანაინვესტირების ფონდის პროექტს გულისხმობდა, სადაც ივანიშვილი ერთ–ერთი ინვესტორია და რომელიც სოლოლაკში, ივანიშვილის რეზიდენციის მახლობლად, მრავალმიზნობრივი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს; დედაქალაქის ძველ ნაწილთან დაკავშირებით შემოთავაზებულმა ამ პროექტმა წინააღმდეგობა გამოიწვია.  

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მელიამ განაცხადა, რომ ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ნარმანიასთვის მეორე ტურის წინ „ხელისშემწყობი“ პირობები შეექმნათ.

ნარმანიამ უპასუხა, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და განაცხადა, რომ მელიას უფრო აწყობდა უგულავას დაკავება, რადგანაც მელიას გვერდით საარჩევნო კამპანიის დროს აღარ იდგება „დანაშაულებებით დატვირთული ადამიანი“.  

„მოსალოცად მქონია საქმე, ბატონ დავითს თუ დავუჯერებ“, – უპასუხა მელიამ, „გიგი უგულავა არის ჩემი მეგობარი და ასეთად დარჩება და რამდენად პოპულარული არის, თუ არ არის, ამას მე ნაკლებად ვუყურებ... ეს იყო ერთგვარი ძღვენი ბატონ ნარმანიასთვის, რომ მან რამენაირად იქნებ მეორე ტურში მოიპოვოს გამარჯვება“.

თბილისში პარკრების პრობლემასთან და კომპანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მელიამ განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში თბილისში ოთხი ახალი  ავტოსადგომი აშენდება, რომელთაგანაც ორი მიწისზედა და ორი მიწისქვეშა იქნება. 

კომპანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით მან განაცხადა, რომ არ მოსწონს რამდენიმე ასპექტი ამ კომპანიის მიერ პარკირების საკითხის მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ დასძინა, რომ „სიცრუეა“, როდესაც ნარმანია ამბობს, რომ ის ამ კომპანიასთან კონტრაქტს გააუქმებს და თუ ის ამას გააკეთებს, მელიას თქმით, ეს დედაქალაქის ბიუჯეტს ფინანსურ ზიანს მიაყენებს, რადგანაც სახელმწიფო აუცილებლად წააგებს საქმეს საერთაშორისო არბიტრაჟში.

ნარმანიამ განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ის მიაღწევს ხელშეკრულების „გადახედვას“ და დასძინა, რომ სწორედ „სითი პარკმა“ და არა მერიამ უნდა ჩადოს ფული  პარკირების დამატებითი ადგილების აშენებაში.

ერთ–ერთი დამატებითი ბრალდება, რომელიც გიგი უგულავას ცოტა ხნის წინ წაუყენეს, „სითი პარკთან“ დადებულ კონტრაქტს უკავშირდება; ბრალდების მხარე აცხადებს, რომ უგულავამ უკანონოდ უზრუნველყო კომპანია შეღავათიანი რეჟიმით, რამაც დედაქალაქის ბიუჯეტს ფინანსური ზიანი მიაყენა; უგულავა უარყოფს ბრალდებებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

როდესაც ჟურნალისტმა ნარმანიას თბილისში მილიონი ხის დარგვის თაობაზე იმ დაპირებაზე ჰკითხა, რომელზეც ამომრჩევლებს „ეღიმებათ“, ქართული ოცნების კანდიდატმა განაცხადა, რომ ეს შესაბამის „დაანგარიშებებს“ ეფუძნება და „აბსოლუტურად რეალურია“.

„დაახლოებით 300 ჰექტარი ტერიტორიაა საჭირო თბილისში და მის შემოგარენში, რაც არსებობს და დარწმუნებული ვართ, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ნარმანიამ.  

როდესაც მელიას ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ის თავისი ერთ–ერთი დაპირების შესრულებას საწვავის აქციზური გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე მაშინ, როდესაც ეს საკითხი ცენტრალური და არა ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში ექცევა, მან უპასუხა: „ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მერწმუნეთ, ყოველდღიურ საქმიანობად ვაქცევ – კარგი გაგებით ზეწოლას – ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რომ მან ეს ცვლილება შეიტანოს და პარლამენტში შევიდეს შუამდგომლობით“, – განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ამ ყველაფერს 138 მილიონი ლარის დანაკლისი მოყვება ბიუჯეტში, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაბიჯი წაახალისებს ბიზნესს და ეკონომიკას 400 მილიონი ლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს. 

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ის თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობას, სადაც ქართულმა ოცნებამ ადგილების ორი მესამედზე მეტი მოიპოვა, მელიამ უპასუხა, რომ ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, ის ვითარება, სადაც ნაციონალური მოძრაობა ქალაქის მთავრობას აკონტროლებს, ხოლო ქართულ ოცნებას უმრავლესობა აქვს საკრებულოში კარგი იქნება ძალთა გადანაწილებისთვის. მელიამ ასევე განაცხადა, რომ ასეთი „ბალანსის“ არარსებობამ ცუდი სამსახური გაუწია ნაციონალურ მოძრაობას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

როდესაც მელიამ ჰკითხა მის კონკურენტს ეთანხმება თუ არა ის ივანიშვილის და პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ხალხს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაპირდა, ნარმანიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ყველა დანაპირები ჯერჯერობით შესრულებული არ არის, მაგრამ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ან შესრულებულია ან მიმდინარეობს მათი შესრულება“.

თავის დასკვნით სიტყვაში მელიამ განაცხადა, რომ მეორე ტურში ნარმანიას გამარჯვების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ „თბილისი აღმოჩნდეს სამი წლის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული, ვინაიდან კიდევ უფრო მეტი არაკომპეტენტური, უუნარო ადამიანების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს დედაქალაქის მმართველობა“.

„არის საფრთხე, რომ დედაქალაქის მმართველობაში აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლობისგან იქნება შორს. არ იქნება არც ერთ მარტივ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი. და ვფიქრობ, რომ თბილისელები ღირსნი არიან ავირჩიოთ მერობის ის კანდიდატი, რომელიც პირველ რიგში ანგარიშვალდებული იქნება თბილისელებთან; ეს შეცდომა ჩვენ დავუშვით 1 წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ მარგველაშვილის შემთხვევაში... ძვირფასო თბილისელებო, უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე 12 ივლისს და გავაკეთოთ ის არჩევანი, რომელიც თბილისს წაადგება და არა ერთ ადამიანს [ივანიშვილზე მინიშნებით]“, – განაცხადა მელიამ.

თავის დასკვნით სიტყვაში ნარმანიამ ამომრჩევლებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა: „თითოეული თქვენთაგანის ხმა არის გადამწყვეტი, აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ იმას, რომ გააკეთოთ ღირსეული არჩევანი... რომელიც თბილისს და თბილისელებს ეკადრება“. მან ასევე განაცხადა, რომ „დედაქალაქი ძალიან მძიმე მდგომარეობაში“ იმყოფება, თუმცა მერად არჩევის შემთხვევაში ის მზად არის გაუმკლავდეს იმ  „მძიმე მემკვიდრეობას“, რომელიც მას დახვდება.

Civil.Ge © 2001-2024