ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია
Civil Georgia, Tbilisi / 18 Jul.'14 / 18:37

საქართველოს პარლამენტმა 123 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ áƒ¨áƒ”თანხმების რატიფიცირებას, რომლის ნაწილია ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

რატიფიცირების კენჭისყრას, რასაც წინ უძღოდა 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო განხილვები, დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტთან ერთად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბულგარეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები კრისტიან ვიგენინი და ედგარს რინკევიჩსი, ავსტრიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერი, კარლჰაინს კოფვი, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ áƒ’ანუცხადა დეპუტატებს, რომ „შეთანხმების 80%-ის“ დროებითი გამოყენება 1 სექტემბრიდან დაიწყება.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რომ რატიფიკაცია გზას გაუხსნის შეთანმხმების „სწრაფ დროებით გამოყენებას“. „ძალაში შესვლისთანავე, ევროკავშირი მოხსნის ყველა გადასახადს საქართველოდან იმპორტზე“, – განაცხადა მან.

„ისტორიული“ იყო სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებდნენ როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები სხდომის დროს შეთანხმების რატიფიკაციის მნიშვნელობაზე საუბრისას.

„მიხარია, რომ დღეს ვარ საქართველოს პარლამენტში, სადაც ვხედავ ასეთ ერთსულოვნებას - ეს არის მთავრობა, ეს არის უმრავლესობა, ეს არის უმცირესობა - ყველა გაერთიანებული ვართ ერთი იდეით“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კენჭისყრის შემდეგ თავის ხანმოკლე მილოცვაში.

განხილვის ეტაპი, რაც წინ უძღოდა კენჭისყრას, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ქართულ ოცნებაზე და  ყოფილ პრემიერ–მინისტრზე ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური შეტევისთვის გამოიყენეს და ისინი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ „პოლიტიკურ დევნაში“ დაადანაშაულეს; მათი თქმით, პოლიტიკური შურისძიება საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს.

სანამ áƒ›áƒáƒ¬áƒ•áƒ”ული უცხოელი სტუმრები პარლამენტი ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდოდნენ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ქართულ-ინგლისურ ენოვანი პლაკატები გამოფინეს სხდომათა დარბაზში წარწერით „ევროკავშირში პოლიტიკური პატიმრების გარეშე“ და „ევროპული საქართველო პოლიტიკური პატიმრების გარეშე“. ამ დეკორაციების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სიტყვის თავისუფლების იმ მისაბაძ ხარისხზე მიანიშნა, რაც საქართველოს პარლამენტში არსებობს.

„შიდა პოლიტიკური პროცესი სამწუხაროდ არის არაევროპული და შეიძლებოდა ამ დღეს ხელისუფლებას აეცილებინა თავიდან საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიგი წერეთელმა თავის გამოსვლაში.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ  2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნა. „მაგრამ ყველასთვის აშკარაა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად საფრთხე ექმნება არა მხოლოდ შემდგომ ნაბიჯებს, არამედ იმ ფუნდამენტსაც, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ჩაყრილი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ოლიგარქი“ ივანიშვილი „დემოკრატიულ წესწყობილებას“ არღვევს.

„კოლაბორაციონისტ ოლიგარქ ივანიშვილის გზა არ არის ევროპის გზა. ჩვენ, როგორც ერთადერთი ალტერნატივა ივანიშვილის კოლაბორაციონისტი რეჟიმისა, მალე შევცვლით მას და დავაბრუნებთ საქართველოს განვითარების ნორმალურ გზაზე“, - განაცხადა კანდელაკმა.

დეპუატმა დავით დარჩიაშვილმა  ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქვეყანას. „მაგრამ ცუდი ამბავი ის არის, რომ ამ გზაზე ის კონკრეტული ფონი, რომელიც ახლა არის შექმნილი, აბსოლუტურად აცდენილია ამ [ხელშეკრულების] ტექსტის მოთხოვნებს და შინაარსს... არის სისტემური პრობლემები ამ ქვეყანაში, რომლის კულმინაცია პოლიტიკური დევნა-შურისძიებისა იყო გიგი უგულავას დაკავება“.

„ევროპელობა და პოლიტიკური შურისძიება არ არის ერთმანეთთან თავსებადი“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გია ბარამიძემ და მანაც ივანიშვილზე მინიშნებით განაგრძო: „როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დემოკრატიის წინსვლაზე და განვითარებაზე, როდესაც ქვეყანას მართავს არაუფლებამოსილი პირი?“

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა ივანიშვილზე მინიშნებით განაცხადა, რომ „რუს ოლიგარქზე“ „უტყვი მორჩილება“ არ არის ევროპული გზა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი გზის დასაწყისს“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა, „ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია ეს არჩევანი შეცვალოს. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა  შეეცდებოდა ან მომავალში შეეცდება ეს არჩევანი შეცვალოს, მიიღებს ზუსტად იმას, რაც მიიღო ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ უკრაინაში“.

„პოლიტიკური შურისძიება, პოლიტიკური დევნა, ოპონენტების დევნა არ არის ის გზა, რომელიც საქართველოს მიიყვანს ევროპამდე“, - აღნიშნა მან და ქართული ოცნებიდან კოლეგებს მიმართა: „თქვენ იქეცით მძევლებად საკუთარი ბოღმის, შურისძიების სურვილის“.  

ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობამ, რომლებიც სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, არჩიეს თავიანთი გამოსვლები ოპონენტებზე თავდასხმისთვის არ გამოეყენებინათ. „დღევანდელ დღეს არ ეკადრება პასუხი, რომელსაც ეს ბატონები áƒ˜áƒ›áƒ¡áƒáƒ®áƒ£áƒ áƒ”ბენ, ეს მათი სტანდარტია, მათი არჩევანია. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე არ უნდა დავაბინძუროთ  და არ უნდა გავაფუჭოთ მათთვის პასუხის გაცემით“, - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა.

მაგრამ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ  განსხვავებით მის წინ გამომსვლელი თანაგუნდელებისგან, ის გვერდს ვერ აუვლიდა ნაციონალური მოძრაობიდან ოპონენტების „ხეპრულ და დამამცირებელ“ განცხადებებზე პასუხის გაცემას; მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც დღეს ლაპარაკობენ თავისუფლებაზე, ევროპულ ფასეულობებზე“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფუნდამენტურ ევროპული ღირებულებებს არღვევდნენ.

„და მაინც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, ნებისმიერი მთავრობისა და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის კუთვნილების მიუხედევად, რომლებმაც მართლაც პატიოსნად იმუშავეს, თუნდაც მოლაპარაკებებები [ასოცირების შეთანხმებაზე] პროფესიონალურ დონეზე ჩაატარეს“, - განაცხადა ვოლსკიმ თავის გამოსვლაში.  

ქართული ოცნების სხვა რამდენიმე დეპუტატმაც აღიარა ის წვლილი, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებში შეიტანა. თინა ხიდაშელმა მადლობა გადაუხადა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას „დაუღალავი შრომისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კიდევ უფრო გამტკიცების, თვისობრივად უფრო მაღალ ხარისხში აყვანის და დღევანდელი დღის მომზადებისთვის“. მან ასევე მადლიერებით მოიხსენია საქართველოს პირველი და მეორე პრეზიდენტები ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე.

„მაგრამ ეს დღე არ ეკუთვნის არც პრეზიდენტ გამსახურდიას, არც პრეზიდენტ შევარდნაძეს, არც პრეზიდენტ სააკაშვილს, ეს დღე ქართველ ხალხს ეკუთვნის -  ხალხს, რომელიც... იბრძოდა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ხიდაშელმა თავის გამოსვლაში.

„წინ რთული გზა გვაქვს, ძალიან რთული წინააღმდეგობებით და სირთულეებით  სავსე“, - განაგრძო მან, „გამბედაობა და სითამამე სჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას, შეუვალობა, სიფრთხილე, საქართველოში ევროპული იდეალების და ღირებულებების ცხოვრების წესად ქცევისთვის... ყველას თანასწორობის უზრუნველსაყოფად გვჭირდება გამბედაობა და არა იმისთვის, რომ კანონით და პოლიციით დავამკვიდროთ ეს თანასწორობა. ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ თანასწორობა და მაშინ ვიქნებით ჩვენ ევროპული ქვეყანა“.

ბევრი დეპუტატი, რომელიც სიტყვით გამოდიოდა მოსმენის დროს, აღნიშნავდა, რომ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმსარულებელ ხელისუფლებას ბევრი მუშაობა მოუწევს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

27 ივნისს ხელმოწერილი 1600-გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც 8 კარს, 34 დანართსა და 4 ოქმს მოიცავს, ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროებში რეფორმების განხორციელებას, მათ შორის  საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან, რისთვისაც ვადებიც 2–დან 10 წლამდეა გაწერილი. 

„ბურთი ჩვენს მოედანზეა, ჩვენი გასაკეთებელია ძალიან ბევრი რამ, რომ ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს შეთანხმება გვაძლევს, გამოვიყენოთ სრულად“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა ქართული ოცნებიდან, „ჩვენ დღეს ხელშეკრულების რატიფიცირებით  ფაქტიურად ფრთხილად დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე... ჩვენ ამ კაკუნს გავაგრძელებთ და მოვითხოვთ, რომ ეს კარი გაიხსნას ჩვენთვის“.

ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა: „რეალური სამუშაო ჩვენ გვეწყება დღეიდან და მე დარწმუნებული ვარ დღევანდელი ხელისუფლება იგივე წარმატებით გაართმევს თავს მის [ხელშეკრულების] განხორციელებას და იმპლემენტაციას, როგორი წარმატებითაც  მოახერხა გაცილებით დროზე ადრე მისი ხელმოწერა“.

პარლამენტის რიგგარეშე  სხდომა საზეიმოდ, ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სხდომის მონაწილეები მიღებაზე დაპატიჟა: „ევროპა კარგია, მაგრამ ჭიქით ხელში თუ არ აღინიშნა ეს დღესასწაული, ისე რატიფიკაცია არ ჩაითვლება“.

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024