ალასანიას მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა სურს
Civil Georgia, Tbilisi / 25 Jul.'14 / 18:01

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ 2015 წლისთვის მისი უწყების ბიუჯეტის, რომელიც წელს 660 მლნ ლარს შეადგენს, 11%-იანი ზრდა სურს. 

„ჩვენი მოთხოვნაა და იმედია პარლამენტი ერთსულოვნად  - ოპოზიციაც და პოზიციაც მხარს დაგვიჭერს, რომ 11%-იანი ზრდა დაფიქსირდეს ბიუჯეტის“, - განაცხადა მან საკომიტეტო მოსმენაზე 25 ივლისს, რომელიც განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების წინ მიმდინარე განხილვების ფარგლებში გაიმართა.  

2014 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება არ გაზრდილა და 2013 წლის მსგავსად, წელსაც 660 მლნ ლარს შეადგენს. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებამ თავის პიკს 2008 წელს მიაღწია, როცა უწყების ბიუჯეტი 1.5 მლრდ ლარს შეადგენდა, შემდეგ წლებში კი მას კლების ტენდენცია შეეხო: 2009 წელი - 879 მლნ ლარი; 2010 წელი – 728 მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი; თუმცა 2012 წელს ის 734.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.

მოგვიანებით, მთავრობის შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობასთან დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც გააკრიტიკა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავდაცვის უწყების ბიუჯეტის შემცირება, მინისტრ ალასანიას ჰკითხა, თუ ბიუჯეტის რა ოდენობა მიაჩნია მას საჭიროდ იმისათვის, რომ „რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ეფექტურად განეიტრალება“ მოხდეს.

„ის საფრთხეები, რომელიც რეგიონში არსებობს განსაკუთრებით მას მერე, რაც უკრაინაში დაიწყო აგრესიული აქციები რუსეთის ფედერაციამ, ბუნებრივია, როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში და მათ შორის ნატოს ქვეყნებში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა გამოჩნდა“, - უპასუხა ალასანიამ, „აქედან გამომდინარე, ჩვენც, პრემიერ-მინისტრთან არაერთი თათბირი გვქონდა და მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს და მოთხოვნა გვაქვს საბიუჯეტო ზრდასთან დაკავშირებით, რომლის დიდი ნაწილი მიმართული იქნება წვრთნებზე და ასევე, საგანგებო ზომები გვაქვს დაგეგმილი თავდაცვითი შეიარაღების კიდევ უფრო სრულყოფაზე“.

მან თავდაცვის სისტემების განთავსებისკენ ნატოს პარტნიორებს 30 აპრილს ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებაში მოუწოდა. 25 ივლისს უმცირესობასთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „პრაქტიკულად კონსენსუსია ნატოში, რომ უნდა მოხდეს საქართველოსთვის თავდაცვის შეაირაღების გაზრდა“.

„თავდაცვის სისტემებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს [მთავრობის] უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომ ამისთვის საჭირო თანხების მოძიება და მოპოვება მოხდება  ცალკე, მთავრობის მიერ და ეს არ იქნება პირდაპირი დარტყმა ჩვენ თავდაცვის ბიუჯეტზე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მანამდე საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას.

მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ „დახურულ ფორმატში“ მიაწოდოს „დეტალურად“ ინფორმაცია დეპუტატებს, მათ შორის ოპოზიციიდან, თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს  ანტისატანკო და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით.

„უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ რაციონალურ ვადებში დასრულდება ეს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა მინისტრმა ალასანიამ საკომიტეტო მოსმენაზე.

მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და  განაცხადა, რომ ხონში მალე დასრულდება ახალი ბაზის მშენებლობა, ხოლო კრწანისში სამანევრო ბაზა; ასევე, მისი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია სამუშაოები ახალი საწვრთნელი ბაზის ასაშენებლად ახალქალაქში, სადაც ადრე რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული და რომელიც 2007 წლის ივნისიდან, მას შემდეგ რაც რუსმა სამხედროებმა საქართველო დატოვეს, საქართველოს კუთვნილება გახდა.

„ეს ძალიან დიდი სოციალური დ პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი პროექტია“, - განაცხადა მან უმეტესად ეთნიკური სომეხი საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ ახალქალაქში ბაზის მშენებლობის გეგმებზე საუბრისას, „დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი მოსახლეობასაც მიეცემა შესაძლებლობა აქტიურად ჩაებას ამ ბაზის მშენებლობა-მომარაგების საკითხებში და მათთვის სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება“.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე დამოკიდებული იქნება იმ სქემაზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების დისლოკაციის სტრატეგიას, რომელიც „უახლოეს პერიოდში“ იქნება მიღებული.

Civil.Ge © 2001-2025