უნგრეთში მყოფმა სააკაშვილმა მისთვის ბრალის წაყენების თაობაზე კომენტარი გააკეთა
Civil Georgia, Tbilisi / 31 Jul.'14 / 13:01

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 30 ივლისს ბუდაპეშტში, რომ მისთვის ბრალის წაყენების ერთ–ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, მისი უცხოური მოგზაურობების „შეზღუდვა“ და უკრაინის აქტიური მხარდაჭერაა.

 áƒ›áƒáƒœ ასევე განაცხადა, რომ მას არ სჭირდება თავშესაფრის ძიება რომელიმე ქვეყანაში. 

„როგორც მე ვხვდები, მათი მთავარი გადაწყვეტილება, რომ ეს სისულელე გააკეთონ, სრულიად დაუსაბუთებელი, უსამართლო, სასაცილო... იყო ის, რომ შემიზღუდონ გადაადგილება“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ბუდაპეშტში, სადაც ის უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

„მათ აღიზიანებთ ჩემი აქტიური [მხარდაჭერა] უკრაინაში. რანაირად უნდა შემიზღუდონ?  ხომ ხედავთ აქ ვარ, ევროპის ერთ–ერთ მთავარ ქვეყანაში მის ხელმძღვანელთან [პრემიერ–მინისტრ ორბანთან]“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა, რომელიც უნგრეთის პრემიერ–მინისტრის გვერდზე იდგა, განაცხადა, რომ მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც მას ჩასვლა არ შეუძლია – ეს საქართველო და რუსეთია.

„ეს არის ძალიან დროებითი მოვლენა, ძალიან, ძალიან დროებითი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა ის, რომ მან შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს, ან შესთავაზეს თუ არა მას უკვე პოლიტიკური თავშესაფარი, სააკაშვილმა უპასუხა: „რაში მჭირდება მე პოლიტიკური თავშესაფარი. ხომ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ. ამერიკაში ძალიან კარგად მიღებენ და ამერიკის რეაქციები ნახეთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კარგად მიღებენ... ერთადერთი ქვეყანა, სადაც უხარიათ და ამას ამართლებენ, არის ჩრდილოეთი და ყველა სხვაგან, ვინც არის ჩვენი მეგობარი, გვიცავს და მათზე ვართ დამოკიდებული, ყველა არის გაბრაზებული“.     

სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ქმედებას, ჩადენილს არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

საქმე ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი იმავე საქმეზე სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც წარედგინათ, მათ შორის ზურაბ ადეიშვილს, რომელიც 2007 წელს გენერალური პროკურორი იყო და შემდეგ იუსტიციის მინისტრი. ადეიშვილი, რომელიც სხვა სისხლის სამართლებივი ბრალდებების გამო იძებნება საქართველოს მიერ, გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთს აფარებს თავს.

მართალია სააკაშვილს ბრალი წარედგინა, მისი დაპატიმრების ორდერი ჯერჯერობით არ არის გაცემული. პროკურატურას შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და სააკაშვილისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მოითხოვოს. პროკურატურა არ აცხადებს, თუ როდის აპირებს სასამართლოსთვის ამგვარი შუამდგომლობით მიმართვას, ან თუ საერთოდ აპირებს ამის გაკეთებას.

Civil.Ge © 2001-2025