ფანჯიკიძე აცხადებს, რომ სანქციები რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული კრიზისიდან გამოსავალი არ არის
Civil Georgia, Tbilisi / 8 Aug.'14 / 13:14

უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე რუსეთისა და დასავლეთის მიერ ერთმანეთისთვის სანქციების დაწესება კრიზისიდან გამოსავალი არ არის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 7 აგვისტოს.

„საერთოდ სიტუაცია არის ძალიან გამწვავებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა დააწესა ახალი სანქციები, აამოქმედა ეს სანქციები ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსეთმა საპასუხოდ აკრძალა ზოგიერთი პროდუქტის შეტანა ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთში, განსაკუთრებით ეხება ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, კვების მრეწველობას და ეძებს ახალ მიმწოდებლებს. გარდა ამისა, იყო დღეს ამაზე ინფორმაცია იმის თაობაზე რომ საჰაერო სივრცე შეიძლება ჩაიკეტოს   ევროპული რეისებისთვის რუსეთის გავლით... ასევე იყო საპასუხო განცხადება ევროკავშირის მხრიდან, რომ მათაც შეუძლიათ ჩაკეტონ საჰაერო სივრცე. უკვე ფაქტიურად დადასტურებულია, რომ უკრაინიდან მომავალი თვითმფრინავები ჩვენი [საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის] მიმართულებით ვეღარ იფრენენ რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მან თბილისში გამართული ოთხდღიანი ამბასადორიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეს ყველაფერი არის  რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი შეშფოთების საგანი“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. „სანქციები, ურთიერთობების გაწყვეტა და ასე შემდეგ არ არის, რა თქმა უნდა, ამ კრიზისიდან გამოსავალი, რადგანაც საუკეთესო შემთხვევაში უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ყველანი ვისაც ეს ეხება და ეძებონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები“.

Civil.Ge © 2001-2024