პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების სამიტზე დასწრების შესახებ დავა გრძელდება
Civil Georgia, Tbilisi / 8 Sep.'14 / 18:46

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ სურვილი, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეცვალოს გადაწყვეტილება და არ მიიღოს მონაწილეობა კლიმატის ცვლილებების შესახებ ნიუ–იორკში 23 სექტემბერს დაგეგმილ სამიტში, რადგანაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით, ასევე აპირებს ამ სამიტს დაესწროს.
 
ივლისის დასაწყისში პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდოდა სიტყვით და ასევე მიიღებდა მონაწილეობას მთელ რიგ ღონისძიებებში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მათ შორის კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტში.

იმავე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მოწვევა მიიღო, რომელმაც მსოფლიოს ლიდერები გაეროს შტაბბინაში მიიწვია 23 სექტემბერს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობისთვის.

ორი თვის თავზე, 1 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებების  სამიტზე სიტყვით პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი გამოვა, რამაც იმავე ღონისძიებაში პრეზიდენტის მონაწილეობის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 1 სექტემბერს, რომ ორი დელეგაციის გამგზავრება, რომელთაგანაც ერთს პრეზიდენტი, ხოლო მეორეს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს, „უხერხული“ იქნება.  

„მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 5 სექტემბერს, როდესაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შესახებ ჰკითხეს. მან ასევე განაცხადა, რომ მისი გეგმა ნიუ–იორკში ვიზიტის თაობაზე ძალაში რჩება.

ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა თვის დასაწყისში, რომ მას არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი პირადად პრეზიდენტთან განეხილა და ამის გაკეთებას ნატოს უელსის სამიტის ფარგლებში შეეცდებოდა. როდესაც 4-5 სექტემბრის სამიტის შემდეგ მას ჰკითხეს ისაუბრა, თუ არა ამ საკითხზე პრეზიდენტთან, ფანჯიკიძემ უპასუხა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 5 სექტემბერს, რომ ქართული დელეგაცია უელსში მთლიანად ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო ფოკუსირებული და პრეზიდენტთან სხვა თემების განხილვის დრო არ ჰქონდა.

8 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ ქვეყნისთვის არ იქნება სწორი „ორი ქვეყნის უმაღლესი ლიდერის“ გამგზავრება ნიუ–იორკში დაგეგმილ ერთსა და იმავე ღონისძიებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ  კლიმატის ცვლილებების áƒ¡áƒáƒ›áƒ˜áƒ¢áƒ˜ გაეროს გენერალური ასამბლეის ერთ–ერთი „რიგითი პარალელური ღონისძიებაა“ და ამის გამო, „ჩვენი ლოგიკა სწორედ აქედან გამომდინარეობდა, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს იმის ფუფუნება, რომ ორი უმაღლესი დონის ლიდერი იყოს წარმოდგენილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და ერთ–ერთ მის მცირე შემადგენელ ღონისძიებაზე“.

„მიგვაჩნია, რომ ასეთ ღონისძიებაზე, როგორიცაა გაეროს გენერალური ასამბლეა, უნდა იყოს ერთი დელეგაცია – გადაწყვეტილება მიღებულია, რომ წავიდეს პრემიერ–მინისტრი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

„თუკი იქ ორი დელეგაცია იქნება წარმოდგენილი, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის“, - განაცხადა მან, „მე მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ დარჩენილ დროში მოხდება ეს კომუნიკაცია, რომ ეს ჩვენი არგუმენტები უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს გააცნოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ეს კომუნიკაცია შედგება, ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მართლაც არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის“.

Civil.Ge © 2001-2024