გაეროში ქართული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით კვლავ გაურკვევლობაა
Civil Georgia, Tbilisi / 10 Sep.'14 / 19:09

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 10 სექტემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გაეროში საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული უთანხმოებიდან ისეთი გამოსავლის მოძებნას შეეცდებიან, რომელიც „იქნება მისაღები ყველასთვის“. 

8 ივლისს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდოდა სიტყვით და ასევე მონაწილეობას მიიღებდა ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში, მათ შორის კლიმატის ცვლილების სამიტში. იმავე დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც დააანონსა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიწვევით გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებდა 23 სექტემბერს ნიუ-იორკში კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი იქნება, თუ საქართველოს გაეროს გენასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ორი დელეგაცია წარმოადგენს და აღნიშნა, რომ ამ თემაზე მინისტრი ფანჯიკიძე პრეზიდენტს შეხვდებოდა áƒ˜áƒ› მიზნით, რომ მას შეეცვალა გადაწყვეტილება ვიზიტთან დაკავშირებით.

„მე არავის დარწმუნება არ მიცდია“, - განუცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს თავის მოკლე კომენტარში.

დღევანდელი შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტის ვიზიტის მზადებაზე მუშაობა გრძელდება და ამაზე „იქნება ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს საღამოს „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუში სტუმრობისას გააკრიტიკა ფანჯიკიძის უწყება კომუნიკაციის კუთხით áƒáƒ áƒ¡áƒ”ბული „სირთულეების“ გამო და შეახსენა, რომ ის არის „არა მთავრობის, არამედ სახელმწიფოს -საქართველოს სამინისტრო“.

„მათ გააჩნიათ ვალდებულებები არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ სახელმწიფოს მიმართ, აგრეთვე და სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წერილი უნდა მივიდეს დროზე; თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს, ეს წერილი უნდა მოვიდეს დროზე; თუ ერთიანი პოზიცია არის ჩამოსაყალიბებელი ვინ სად წავა, ასეთი ერთიანი პოზიცია კონსულტაციებით ყალიბდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ეს „ჭეშმარიტეტები“ შესაძლოა დაავიწყდეთ, თუმცა მისი ვალდებულებაა „შევახსენო ყველას თავისი კონსტიტუციური სტატუსი“.

„ასე ნელ-ნელა, ყოველგვარი სკანდალების გარეშე, ზედმეტი ვნებათაღელვის დაცხრობის ფონზე, ჩვენ მივალთ იმის გააზრებამდე, რომ ქვეყანაში არის პარლამენტი, არის აღმასრულებელი ხელისუფლება, არის პრეზიდენტი და რომ ყველას მათ გააჩნიათ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების მომსახურება არ არის გემოვნების თემა, ვის რომელი მოსწონს  - ეს არის კონსტიტუციური ვალდებულება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

„რაღაც სირთულეები კომუნიკაციაში არის, ეს სირთულეები ნორმალურია, ახალი კონსტიტუციაა, ხდება მისი მოთელვა, ხდება როლების მოთელვა -  ეს ნორმალურია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში“, - განაცხადა მან და გაეროში „ეფექტური“ ვიზიტი უსურვა ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი აღმასრულებელი გუნდი ძალიან ეფექტურად იმუშავებს ამასთან მიმართებაში, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი - „ჩემი“ არასწორი სიტყვაა ალბათ - პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილებები შევკვეცოთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა 9 სექტემბერს თოქ-შოუში საუბრისას.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ შემთხვევიდანაც ჩვენ უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხით გამოვალთ“, - დასძინა მან. 

იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ვიზიტი გაეროში და აღნიშნა, რომ „არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ მეც დავიღალე ამ თემებზე საუბრით“.

„მაგ საკითხს ალბათ გაარკვევენ. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

Civil.Ge © 2001-2024