მოსკოვი სირიელი მეამბოხეების საქართველოში შესაძლო წვრთნების წინააღმდეგ აფრთხილებს
Civil Georgia, Tbilisi / 3 Oct.'14 / 12:43

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სერიოზულად“ აღიქვამს თბილისის მიერ მედია-საშუალებებით გავრცელებული იმ ინფორმაციის უარყოფას, რომ საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საბრძოლო მომზადების მასპინძლობა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ამ თემას ყურადღებით დააკვირდება. 

„ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ თბილისის მსგავსი გადაწყვეტილება, თუ ის მიღებული იქნებოდა, სერიოზულ ზიანს მიაყენებდა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის ამჟამად წარმატებით განვითარებად პროცესზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.   

Foreign Policy იტყობინებოდა 23 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველომ აშშ-ს თავის ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ბაზის განთავსება შესთავაზა.

იმავე დღეს მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა გადაჭრით არ უარყო Foreign Policy–ის ინფორმაცია.

ამის შემდეგ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

სულ ბოლოს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ იგეგმება არანაირი საწვრთნელი ბაზის áƒ›áƒáƒ¡áƒžáƒ˜áƒœáƒ«áƒšáƒáƒ‘ა საქართველოს ტერიტორიაზე, გამორიცხა რაიმე სახის სამხედრო კომპონენტით საქართველოს წვლილი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნა, რომ აშშ-ის ლიდერობით შექმნილ ამ კოალიციაში საქართველო „სიმბოლურად“  იქნება წარმოდგენილი, რაც მხოლოდ „ჰუმანიტარულ“ კონტრიბუციას გულისხმობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „თბილისიდან გაჟღერებული ოფიციალური უარყოფა, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან, ჩვენს მიერ სერიოზულად არის აღქმული“.

„ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ თემას“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

Civil.Ge © 2001-2024