პარლამენტმა 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფარულ მოსმენებზე ახალი რეგულაციების მიღება, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელ ორგანოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მოსმენებზე, უზრუნველყოს 2015 წლის 28 თებერვლამდე, ნაცვლად აქამდე კანონით განსაზღვრული 1 ნოემბრისა. თავდაპირველად შემოთავაზებული ვარიანტით, გადავადების თარიღად განსაზღვრული იყო 2015 წლის 1 აპრილი, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წინადადების შემდეგ, რომელიც კენჭისყრის წინ გაკეთდა, საბოლოოდ ამ ვადამ ერთი თვით გადმოიწია. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 28 თებერვლამდე შეუნარჩუნდება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება ჰქონდეს პირდაპირი წვდომა სანქცირებულ ფარულ მოსმენებზე და ასევე უფლებამოსილება, რომ კოპირება გაუკეთოს და შეინახოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელ მონაცემები. გადავადების საკითხს ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ცალკეული დეპუტატები ქართული ოცნებიდან, ისე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა და ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრის წინ თავის გამოსვლაში „ამ მძიმე გადაწყვეტილების“ მოტივები ახსნა, რათა დაერწმუნებინა ოპონენტები მისი მიღების საჭიროებაში. „ჩვენ გვიწევს გადავადება და ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმის აღიარება, რომ დიახ, ეს ჩვენი ბრალია“, - განაცხადა უსუფაშვილმა, „თუ ჩვენ ამ 1 ნოემბერს არ გავახანგრძლივებთ, მაშინ იურიდიულად დაგვრჩება ორი რეალობა: ერთი, პარლამენტს არ ექნება მიღებული არანაირი ახალი რეგულაციები და მეორე, საგამოძიებო ორგანოებს 1 ნოემბრიდან არ ექნებათ კანონიერი საფუძველი განახორციელონ ეს [ფარული საგამოძიებო] მოქმედებები“. „ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ორი რამ უნდა გავაკეთოთ: პირველი არ დავაყენოთ [სამართალდამცავი] სისტემა ძალიან რთული პრობლემების წინაშე და მეორე, ჩვენ შევინარჩუნოთ ამ საკითხის სწორად და რაც შეიძლება კარგად მოგვარების შესაძლებლობა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ ახლა და შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი, იმ ვაკუუმის პირობებში ამ საკითხის კარგად მოგვარების შანსი უდრის ნულს, რადგან 1 ნოემბრიდან ჩვენ ვალდებული ვიქნებით რაც შეიძლება სწრაფად რაღაც წესები მოვიგონოთ, რომ სისტემამ გააგრძელოს მუშაობა და ის წესები ნამდვილად იქნება არასწორი და გაუაზრებელი“, - განაცხადა მან. დავით უსუფაშვილი თავის გამოსვლაში ასევე კრიტიკულად შეეხო პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 30 ოქტომბრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის წინააღმდეგია შსს-ს ჩამოერთვას პირდაპირი წვდომა ფარულ მოსმენებზე. „პარლამენტს უნდა მოგვეცეს საშულება მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან. დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც დებატების დროს აღიარებდნენ, რომ უკანონო ფარული მიყურადების პრობლემა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებობდა, საკითხის გადავადების წინააღმდეგ მისცეს ხმა და ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ნება მოაგვაროს ეს საკითხი, რადგან არ სურს ხელიდან გაუშვას ბერკეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ერთდროულად ათასობით აბონენტის მოსასმენად ჩართვა განხორციელდეს. „დღეს პატივცემული კოლეგები ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმდენად მახინჯი სისტემა გვქონდა შექმნილი, რომ ამას თუ გადაწევთ, ქვეყანა დაიქცევაო. არადა ჩვენ ვიცით, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემა გაცილებით სწრაფად იყო შესაცვლელი“, - განაცხადა ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ დავით უსუფაშვილმა. |
|||
Civil.Ge © 2001-2025