პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებზე ახალი რეგულაციების მიღების გადადებას ვეტო დაადო
Civil Georgia, Tbilisi / 31 Oct.'14 / 12:10


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 31 ოქტომბერი. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ფარულ მოსმენებზე ახალი რეგულაციების მიღება, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელ ორგანოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მოსმენებზე, უზრუნველყოს 2015 წლის 28 თებერვლამდე, ნაცვლად აქამდე კანონით განსაზღვრული 1 ნოემბრისა.

პრეზიდენტმა თავის შენიშვნებში პარლამენტს მოუწოდა, რომ ვადები კიდევ უფრო შეამჭიდროვოს, კერძოდ, კი 1 დეკემბერი განსაზღვროს ბოლო ვადად, áƒ áƒáƒªáƒ áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტმა ახალი რეგულაციები უნდა მიიღოს და ასევე მისი ამოქმედებისთვის "გონივრული ვადები" დააწესოს. ამასთან, პრეზიდენტის წინადადების თანახმად, შსს-საც 1 დეკემბრამდე უნდა გაუხანგრძლივდეს პირდაპირი წვდომა სანქცირებულ ფარულ მოსმენებზე და ასევე ის უფლებამოსილება, რომ კოპირება გაუკეთოს და შეინახოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელ მონაცემები.

„დღეს მე გადავწყვიტე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს დავადო ვეტო. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რამდენიმე მიზეზით“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს გაკეთებულ ორწუთიან სატელევიზიო განცხადებაში.

„პირველი არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის მტკიცე კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხზე პოზიცია უნდა იქნას ჩამოყალიბებული და ჩვენ გადავიდეთ თანამედროვე, დემოკრატიულ ფორმაზე სპეცსამსახურების ფუნქციონირების“, – განაცხადა მან. 

„მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც მე ვიცოდი, რომ ჩვენ გვისმენდა კგბ და ამითი გავიზარდეთ“, – განაგრძო მან, „შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტ–საბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა აიღო უკანონო მოსმენები და შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ორი წლის თავზე ჩვენ იმაზე, რაზეც მთელი საზოგადოება ჩამოყალიბებულია და არსებობს კონსენსუსი, ჩვენ ეს კონსენსუსი უნდა დავაყენოთ კანონის ფორმაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტი მიესალმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობას ამ პროცესში, რომელიც „თავიდანვე ძალიან აქტიური იყო“. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც უკვე დიდი ხანია აქტიურად ლობირებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ ჰქონდეს პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, რაც სამართალდამცავებს შესაძლებლობას აძლევს მოსმენები უკონტროლოდ განახორციელონ, პრეზიდენტს პარლამენტის მიერ 30 ოქტომბერს ერთი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს.

პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე მიესალმა იმ ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც პარლამენტმა აგვისტოში მიიღო და რომელიც მკაცრ წესებს უდგენს სამართალდამცავებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში, მათ შორის შესაბამისი ნებართვების სასამართლოდან მისაღებად დასაბუთების მაღალი სტანდარტის შემოღების კუთხით და ასევე ზრდის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებებს.

თუმცა ამ წესების მიღებასთან ერთად ღიად დარჩა მთავარი საკითხი, რაც მოსმენებზე პირდაპირი წვდომის განმახორციელებელ ორგანოს განსაზღვრავდა. პარლამენტმა ამ რეგულაციების მოსამზადებლად თავის თავს 1 ნოემბრამდე განუსაზღვრა მაშინ ვადა. 

„უმნიშვნელოვანესი თემები გადაიდო და ეს თემები გადაიდო დღევანდელი დღისთვის. ამ გადადებას მოყვა კიდევ ერთხელ გადადება რაღაცა დროით“, - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ  „სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არ არის პირველი ჩვენ ახალ პარლამენტში“.

მას მხედველობაში ჰქონდა პარლამენტის მიერ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადება 2013 წლის დეკემბერში. პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ საკითხზეც განიხილავდა ვეტოს დადების შესაძლებლობას, თუმცა საბოლოოდ კანონს მაინც მოაწერა ხელი.

„ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომელზეც არის სრული კონსენსუსი საზოგადოებაშიც,  მე დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ელიტაშიც და შესაბამისად, ის კანონები, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცულობას უნდა უსწრაფეს ვადაში იქნას მიღებული“, - განაცხადა მარგველაშვილმა 31 ოქტომბერს.

„ამდენად, მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი: აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის“, - განაცხადა მან, „ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯი, უნდა კიდევ ერთხელ ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში და ამით გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა".

„შესაბამისად მე ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.   

ვეტოს დადება ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პარლამენტს უკან უბრუნებს კანონპროექტს თავისი მოტივირებული შენიშვნებით, პარლამენტი კი ან იზიარებს ამ შენიშვნებს ან ხელახლა იღებს პრეზიდენტის მიერ დაწუნებულ ვარიანტს. ვეტოს დაძლევას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტის შენიშვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, „არ არის გამორიცხული“, რომ პლენარულ სხდომაზე „დღესვე განვიხილოთ ეს საკითხი“.

 

 

Civil.Ge © 2001-2024