თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკითხვა თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომელთა საქმეს სიმძაფრეს მატებს
Civil Georgia, Tbilisi / 4 Nov.'14 / 13:29

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა3 ნოემბერს თითქმის 10 საათი გაატარა პროკურატურაში, სადაც ის „მოწმის“ სახით დაკითხეს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას ეხება და რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავეს ოქტომბერის ბოლოს.

თავად ბატიაშვილმა არ ისაუბრა ჟურნალისტებთან დაკითხვის შემდეგ, რომელიც 3 ნოემბერს გვიან ღამით დასრულდა, თუმცა მისმა ადვოკატმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ დაკითხვის პროცესი „დარღვევებით“ წარიმართა.

ადვოკატმა ლევან სამუშიამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ერთ–ერთი დაკავებული თანამშრომლის ადვოკატიცაა, განაცხადა, რომ გამომძიებელს უნდოდა, რომ სასურველი პასუხები მიეღო ბატიაშვილისგან და დაკითხვის შემდეგ მისი კლიენტისთვის წარდგენილი დაკითხვის ოქმი არ ასახავდა მოწმის რეალურ განცხადებებს. მას შემდეგ, რაც, როგორც ადვოკატმა განაცხადა, არაზუსტ ოქმთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოითქვა, გამომძიებელმა მოწმის განცხადების შეცვლილი ვერსია წარმოადგინა, თუმცა ისიც არ ასახავდა ზუსტად ბატიაშვილის პასუხებს. ამიტომ, როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისმა კლიენტმა უარი თქვა ოქმის სიზუსტის დამოწმებაზე და მის ხელმოწერაზე.

პროკურატურამ უარყო ადვოკატის ბრალდებები დარღვევების შესახებ და განაცხადა 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ „დაკითხვა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ყველა პროცედურის დაცვით“.

„როგორც აღმოჩნდა ამ უკანასკნელს [ბატიაშვილს] არ აღმოაჩნდა პასუხები დასმულ კითხვებზე. დაკითხვის დასრულებისას მოწმე ალექსი ბატიაშვილმა გამოიჩინა გაურკვეველი დამოკიდებულება და უარი განაცხადა მის მიერვე მიცემული ჩვენების საფუძველზე შედგენილი დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე“, – განაცხადა პროკურატურამ და დასძინა, რომ  „გამომძიებელმა მას და მის ადვოკატს მისცა საშუალება დაეფიქსირებინათ დაკითხვის ოქმზე შენიშვნა ხელმოწერაზე უარის მიზეზების დასაფიქსირებლად, რის შემდეგაც მოხდა დაკითხვის პროცესის დასრულება, ვინაიდან იწურებოდა დაკითხვისთვის კანონით განსაზღვრული 8 საათიანი ვადა“.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ბატიაშვილის ადვოკატის პრეტენზიები დაკითხვის დროს „დარღვევების“  შესახებ არის „სრულიად გაუგებარი“. პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ ბატიაშვილმა და მისმა ადვოკატმა იმიტომ მიმართეს მსგავს „ტაქტიკას“, რომ მოწმე „არ აღმოჩნდა მზად პასუხები გაეცა გამოძიების კითხვაზე“.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ის მზად არის ხელახლა დაკითხოს ბატიაშვილი და მისი ახალი დაკითხვის პროცესის დაფიქსირება მოხდეს აუდიო-ვიდეო გადამღები საშუალებების გამოყენებით, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული „მსგავსი სპეკულაციები“.

პროკურატურა აცხადებს, რომ 4.1 მილიონი ლარი გაიფლანგა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებული  საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვისას, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან „სილქნეტთან“ გაფორმდა კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, უარყოფენ ბრალდებებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ის მათ უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

პროკურატურამ ბატიაშვილის დაკითხვაზე დაბარების ორი მიზეზი დაასახელა: „სილქნეტთან“ კონტრაქტს სწორედ ის აწერდა ხელს და პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ ის „სილქნეტის“ ფინანსური დირექტორის „ახლო ნათესავია“.

მართალია კონტრაქტს „სილქნეტთან“ 2013 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი, მაგრამ თავად სახელმწიფო შესყიდვა, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, 2013 წლის 27 აგვისტოს გამოცხადდა, 5 სექტემბერს გაიხსნა რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები და სექტემბრის დასაწყისშივე „სილქნეტი“ გამარჯვებულად გამოცხადდა.

მაშინ ბატიაშვილი ჯერ არ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ამ პოსტზე ის გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაინიშნა.

ტენდერის გამოცხადების დროს ბატიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო; მაშინ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

კომპანია „სილქნეტმა“ აღნიშნა განცხადებაში, რომ ტენდერის ჩატარების პროცესში „კომპანია სილქნეტის ყველა წარმომადგენელი მოქმედებდა სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით“.
 
„ტენდერში მონაწილე ოთხ კომპანიას შორის სილქნეტის მიერ წარდგენილი წინადადება იყო ყველაზე სანდო, საუკეთესო ფასისა და ხარისხის მომსახურების შეთავაზება, რომელიც მეორე ადგილზე გასულ კომპანიასთან შედარებით 2,4 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს“, – განაცხადა კომპანიამ. „ამ გრიფის მოხსნის შემთხვევაში, კიდევ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი, რაც დაადასტურებს, რომ სილქნეტის მიერ ტენდერში წარდგენილი წინადადება  საუკეთესო იყო ფასისა და მომსახურების გაწევის ჭრილში“.

პროკურატურის საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რადგანაც თავად ტენდერს დაადო საიდუმლო გრიფი თავდაცვის სამინისტრომ. თავდაცვის სამინისტროს სურს, რომ საქმეს ეს გრიფი მოეხსნას. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შსს–მ უარი თქვა გრიფის მოხსნაზე იმ მოტივით, რომ საჭიროა იმ საქმის მასალების გადახედვა, რომელსაც პროკურატურა გადასცემს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 3 ნოემბერს, რომ ოფიციალურად თხოვა პროკურატურას საქმის მასალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემა.  3 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ განცხადებები, რომ „თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას“.  პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის, რომ საქმის მასალები შსს–ს გადასცეს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა. ამ განცხადების საპასუხოდ თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და განმარტა, რომ მას "არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია თითქოს საიდუმლო გრიფი ამ მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და მით უმეტეს არ განუცხადებია, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის".

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაიმეორა 3 ნოემბერს, რომ ის „აბსოლუტურად ბოლომდეა დარწმუნებული“ მისი იმ დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში.

3 ნოემბერს საღამოს ალასანია და და მისი თანაპარტიელი დეპუტატები „თავისუფალი დემოკრატებიდან“ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ საკითხის განხილვის მიზნით.

4 ნოემბერს ირაკლი ალასანია ამ საქმის "დეტალების" გასაცნობად პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა, რომელიც მმართველ კოალიციაში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს. áƒ¨áƒ”ხვედრის შემდეგ ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ამ საიდუმლო შესყიდვის თაობაზე ინფორმირებული იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, რომელსაც სამინისტრომ კანონის áƒ›áƒáƒ—ხოვნათა შესაბამისად შარშანვე აცნობა áƒ™áƒáƒœáƒ¢áƒ áƒáƒ¥áƒ¢áƒ˜áƒ¡ შესახებ, ვინაიდან მისი ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატებოდა.  

„ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ასევე ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის [გამოძიების] მიზეზები“, - განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ თუკი პარლამენტიდან წამოვა სურვილი, „თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად ითანამშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანაში“. 

„პარლამენტი, რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, კომიტეტის მეშვეობით თუ სხვა ბერკეტებით ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით“, - განაცხადა უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ.  

ამ დაკავებებმა სპეკულაციები წარმოშვა იმის თაობაზე, რომ ეს შესაძლოა კოალიცია ქართულ ოცნებაში მიმდინარე შიდა ბრძოლის ნაწილი იყოს, რომლის სამიზნეც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა. ასევე პარალელები გაივლო იმ საქმესთან, რომელიც  2013 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ასევე გაფლანგვის ბრალდებით დაკავებას უკავშირდება; მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ამ დაკავებების შემდეგ თანამდებობა დატოვა. თუმცა, ცხრა თვის თავზე სამინისტროს თანამშრომლებს გაფლანგვის ბრალდებები მოეხსნათ.
 
31 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ áƒ—ავდაცვის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა განაცხადა, რომ მასაც აქვს შეკითხვები სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით.

Civil.Ge © 2001-2024