ალასანია: პროკურატურის ნაბიჯები ‘არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე’
Civil Georgia, Tbilisi / 4 Nov.'14 / 18:35

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები მისი უწყების წინააღმდეგ, რომელშიც „აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული“,  არის „შეტევა  საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“.

მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიმართავს 5 ნოემბერს, რათა „გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა“.

„ყველაფერი ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, პოლიტიკურ მომავალს, სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე ეს განცხადება გამეკეთებინა“, - განაცხადა ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც თავისუფალი დემოკრატების წევრების, მათ შორის დეპუტატებისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თანხლებით ჩაატარა.

„მე მინდა ნათლად ვთქვა: ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეული იყო და არის  თავისი წარმატებით რეფორმებში, რომელიც გამორჩეულია ამ საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

„მე ძალიან კარგად ვიცი ვისი გორის ვარ“, - განაგრძო მან, „მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან. მე გპირდებით, ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს, 2012 წლის არჩევნების  შემდეგ, ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ“.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი: ახლა მთავარია სიმშვიდე, სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ პოლიტიკური განცხადების“ შემდეგ შეკითხვებს აღარ უპასუხებდა.

„დანარჩენს მომავალში მოგახსენებთ“, - აღნიშნა მან.

თავისი განცხადების დასაწყისში áƒáƒšáƒáƒ¡áƒáƒœáƒ˜áƒáƒ› ხაზი გაუსვა, რომ საიდუმლო შესყიდვების საქმეზე მისი თანამშრომლების დაკავება მოხდა მაშინ, როცა ის ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავდა "საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე", ხოლო ბრალდებების წაყენება მეორე საქმეზე, რომელიც 2013 წელს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს ეხება, დღეს მაშინ გაგრძელდა, როცა „საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი კაპანაძე იმყოფება თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში“.

„ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, მაგრამ ყოველთვის ბოლო დღეების განმავლობაში  მქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ ციხეში, ისინი არსად არ გარბოდნენ და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში.“, - განაცხადა მინისტრმა.

როდესაც ის ამ განცხადებას აკეთებდა, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერია, ქართული ოცნების ოფისში შეხვედრას იწყებდა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან და მინისტრებთან.

ალასანია, მისი პარტიის თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებთან ერთად, 3 ნოემბერს ღარიბაშვილს შეხვდა, რათა თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების დაკავების საკითხი განეხილა. 28 ოქტომბერს ამ დაკავებების შემდეგ ალასანიამ უკვე ორჯერ განაცხადა, რომ ის „აბსოლუტურად დარწმუნებულია“ მისი დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში, რომელთაც 4.1 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედებათ ბრალი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის საქმესთან დაკავშირებით.

მთავარმა პროკურატურამ კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამ ექიმს და კვების უზრუნველმყოფელი კომპანიის სამ მენეჯერს ბრალს წარუდგენენ 2013 წელს ჯარისკაცების „მასობრივი“ მოწამვლის საქმეზე.

სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და თავისუფალი დემოკრატების წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა დაგმო ბოლოდროინდელი დაკავებები და ბრალდებები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ როგორც „კასკადი აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო ბრალდებების“.

„ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი და ამისთვის არსებობს პოლიტიკური საბჭო. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორებისგან მათი შეფასებები და მათი ხედვები“, – განუცხადა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს ალასანიას მიერ განცხადების გაკეთების შემდეგ.

დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ თავისუფალი დემოკრატებიდან, რომელიც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიება „უსაფუძვლოა“ და წარმოადგენს „მიზანმიმართულ ბრძოლას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“. მისი თქმით, 4 ნოემბერს წარდგენილი ახალი ბრალდებები „ნამდვილად შემზარავია და გასცდა ყველანაირ ზღვარს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 4 ნოემბერს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ახალი ბრალდებების წაყენება მისთვის მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ერთი წლის წინ დაწყებული საქმის დასრულება უშუალოდ  ამ დღეებში,  როცა ემთხვევა პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს შორის რაღაც მიმოწერების ფონზე, რა თქმა უნდა, ეს არ არის დამაჯერებელი“.

„მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს [გიორგი ბადაშვილს], რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ მისი უწყება მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე და მხოლოდ და მხოლოდ კანონის ჩარჩოებში,  მე მას მივმართავ თხოვნით, რომ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო წნეხს“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ კოალიციის პარტნიორები უნდა გაუმკლავდნენ „ამ ტიპის გარკვეულ კრიზისულ ვითარებებს ისე, როგორც გვეკადრება კოალიციის პარტნიორებს, ისე როგორც გვეკადრება ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღებ ხალხს და ყველა თემა განვიხილოთ და მოვაგვაროთ“.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ალასანიას განცხადება „უაღრესად საგანგაშოა“.

„ჩვენ მოვითხოვთ პასუხს თავდაცვის მინისტრისგან, მთლიანად ხელისუფლებისგან და მთავრობისგან, ვინ ებრძვის საქართველოს ევროპაში და ნატოში გაწევრიანებას, ვინ არიან ის ძალები, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც შეტევა მიაქვს თავდაცვის სამინისტროზე იმ მიზნით, რომ საქართველო არ იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები წარმოადგენს „არა მხოლოდ სახელისუფლებო კრიზისს, არამედ სახელმწიფოებრივ კრიზისს“.

„როდესაც ქვეყანაში გამოდის თავდაცვის მინისტრი და ამბობს, რომ მისივე თანაგუნდელი მთავრობის მხრიდან აქვს ადგილი პოლიტიკურ დევნას, ეს უკვე არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ეს ნათლად მიუთითებს იმ უმძიმეს კრიზისზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

Civil.Ge © 2001-2024