ალასანიას პარტიამ მმართველი კოალიცია დატოვა
Civil Georgia, Tbilisi / 5 Nov.'14 / 17:42

ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ დატოვა ქართული ოცნების მმართველი კოალიცია.

„არ შედგა ისეთი საუბარი, როგორიც ჩვენ გვინდოდა, რომ გამოგვსვლოდა ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ ძალიან ცივილურად ჩვენ დავემშვიდობეთ ჩვენს პარტნიორებს - კოალიციაში აღარ იქნება თავისუფალი დემოკრატები“, - განაცხადა ალასანიამ.

მან ეს განცხადება მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა მას შემდეგ, რაც ეს შეკრება მისვლიდან ძალიან მალე დატოვა. თავისუფალი დემოკრატების წევრების გაცხადებით, შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. 

„ჩვენ სასაუბროდ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან“, - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს. 

"დაგეგმილი მქონდა ჩემი კოალიციის ყოფილ პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც გადადგა „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები, სამწუხაროდ ესეთი საუბარი ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალი პოლიტიკური ცხოვრება "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემს შანსს ჩვენს საზოგადოებასთან  ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა", - განაცხადა ალასანიამ. 

ეს განცხადება ასევე ნიშნავს იმასაც, რომ თავისუფალი დემოკრატების საპარლამენტო ფრაქცია დატოვებს ქართული ოცნების უმრავლესობას პარლამენტში.

თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევი რჩება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს თუ არა ფრაქციის ათივე წევრი.

თუ ფრაქციის მთელი შემადგენლობა გავა უმრავლესობიდან, მაშინ ქართულ ოცნებას დარჩება 73 დეპუტატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 წევრიან პარლამენტში მას სამი დეპუტატი დააკლდება უმრავლესობის შესაქმნელად. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი კოალიცია ცალკეულ დამოუკიდებელ მაჟორიტარებთან მოლაპარაკებებს მართავს თანამშრომლობაზე პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნების მიზნით.

ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, მისმა ახლო მოკავშირეებმა თავისუფალი დემოკრატებიდან, სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ასევე დატოვეს პოსტები. პრემიერ–მინისტრმა უკვე დანიშნა ახალი თავდაცვის მინისტრი, თუმცა ჯერ არ წარუდგენია საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი.

ამ სამ ცვლილებას მთავრობაში პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება.

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ კაბინეტის 20 წევრიდან სულ ცოტა  7 გამოიცვლება; მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო იმისათვის, რომ მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვოს. ასევე სულ ცოტა 76 ხმაა საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად - მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი კენჭისყრაზე დეკემბერში დადგება.

ალასანიამ 5 ნოემბერს გამორიცხა „პოლიტიკური კავშირი“ ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან და ამჟამად ოპოზიციაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობასთან, თუმცა განაცხადა, რომ მომავალში პარტნიორად ხედავს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც იმ ხუთ პარტიას შორის არის, რომლებიც ქართული ოცნების მმართველ კოალიციაში რჩებიან.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ 5 ნოემბერს, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ასევე ესწრებოდა ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, განაცხადა, რომ კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა „ძალიან დიდი დანაკლისია“.

„ისინი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები არიან და უამრავ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა ყოველთვის თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მაგრამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს დღეს არ ემუქრება საფრთხე; ჩვენ ვრჩებით კოალიციაში“, - განაცხადა მან მხედველობაში ჰქონდა რა „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული „პოლიტიკურად მოტივირებული“  áƒ’ამოძიებები მიმართული იყო ალასანიას წინააღმდეგ და წარმოადგენდა შეტევას ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე.

გასულ თვეში რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც პარლამენტში ცხრა დეპუტატით არის წარმოდგენილი, გამოაქვეყნა ხედვა ქართული ოცნების „ევროპული ტიპის კოალიციად“ ფორმირების თაობაზე, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების ჩამოყალიბებული სისტემა ექნება; წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალია პარტიამ განაცხადა, რომ კოალიციის შემადგენლობაში დარჩება, მაგრამ ის საჯაროდ გამოხატავს პოზიციას, როცა კოალიციას არ დაეთანხმება.

„ამ საკითხებზე რომ გვემსჯელა, უფრო მეტი ფორმალიზება რომ ყოფილიყო კოალიციის, უფრო მეტი ინსტიტუციონალიზაცია, დარწმუნებული ვარ, ნაკლები იქნებოდა ის პრობლემები, რა პრობლემებიც დღეს დადგა კოალიციაში“,  - განაცხადა სამნიძემ.

8 ნოემბერს „თავისუფალი დემოკრატები“ გეგმავენ ყრილობას, რომელიც მანამ დაანონსდა, ვიდრე კოალიციაში უკანასკნელი მოვლენები მოხდებოდა. ამ ყრილობაზე მოსალოდნელია, რომ ირაკლი ალასანია დაბრუნდება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელიც მან 2012 წლის ბოლოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დატოვა.

Civil.Ge © 2001-2024