ივანიშვილი ალასანიას, პრემიერ–მინისტრის, პრეზიდენტის და მომავალი გეგმების შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 10 Nov.'14 / 14:36


ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან, 8 ნოემბერი.

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩევით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ზიანს აყენებს „თავისუფალ დემოკრატებს“, რადგანაც ჯერ არ გაუცია პასუხი მისი თავდაცვის მინისტრობის დროს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებულ „სერიოზულ კითხვებზე“, რომელთან დაკავშირებითაც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
 
ივარაუდა რა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა მმართველი კოალიციიდან შესაძლოა კარგიც იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგანაც ამით შესაძლოა „კონსტრუქციული ოპოზიცია“ გაჩნდეს, ივანიშვილმა განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში შაბათს საღამოს, რომ მან ეს საკითხი ირაკლი ალასანიასთან 6 ნოემბერს გამართული შეხვედრის დროს განიხილა.  
 
საათნახევრიანი ინტერვიუს დროს მან ასევე ისაუბრა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, რომელიც მან „ეფექტიანობისთვის“ შეაქო, მაგრამ ასევე გააკრიტიკა იმის გამო, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს „უჭკუო და ავანტიურისტი“ უწოდა და ღარიბაშვილის ეს „შეცდომა“ მის „პოლიტიკურ გამოუცდელობას“  დაუკავშირა.
 
ივანიშვილმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმის გამო, რომ მან ვეტო დაადო მოსმენების შესახებ ახალი რეგულაციების მიღების ოთხი თვით გადავადების შესახებ კანონპროექტს, ასევე იმ განცხადების გამოც, რომ ივანიშვილი ქვეყანას „კულუარებიდან“ მართავს.
 
სატელევიზიო თოქშოუ „ობიექტური ანალიზის ვაკუუმს“ შეავსებს
 
ინტერვიუს პირველი კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება მმართველი კოალიციის დატოვების შესახებ მოულოდნელი მისთვის. ივანიშვილმა თავისი პასუხი იმ „ერთ–ერთი პროექტის“ შესახებ საუბრით დაიწყო, რომელზეც იმ ამჟამად მუშაობს, და რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს „ობიექტური ანალიზის ვაკუუმის“ შევსებას.
 
მისი თქმით, ბევრი „შეცდომა“ და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების „არასწორი ინტერპრეტაცია“ მიმდინარე მოვლენების „კვალიფიციური ანალიზის“ ნაკლებობის გამოა გამოწვეული. მან განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ს, რომელიც „პირდაპირ აგიტაციას“ ეწევა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, კვლავაც შეაქვს წვლილი მოვლენების ამ „არასწორ ინტერპრეტაციაში“.
 
„ობიექტური ინფორმაციის და ობიექტური ანალიზის ვაკუუმი გაჩნდა და ეს აბნევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს, თუ ექსპერტს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის ამ საკითხზე უკვე „ზრუნავს“ ანალიტიკოსების მომზადების გზით.
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან ახალი ორგანიზაცია დააფუძნა სახელწოდებით „2030“ – მანამდე მან რამდენჯერმე განაცხადა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და მის შემდეგაც, რომ საქართველოს სულ ცოტა 20 წელი დასჭირდება, რათა ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარდა „ანალიტიკოსების მომზადებისა“, ორგანიზაცია ასევე მოამზადებს გრძელვადიან სტრატეგიებს ქვეყნის განვითარებისთვის.
 
მისი თქმით, ერთსაათიან სატელევიზიო პროგრამას, რომლის შესახებაც პირველად ოთხი თვის წინ გაჟღერდა, ასევე „2030“ ერქმევა და კვირაში ერთხელ სამ „ანალიტიკოსთან“ ერთად თანაწამყვანის რანგში თავად გაუძღვება.
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს სატელევიზიო პროგრამა „ობიექტური ანალიზის ვაკუუმის“ შევსებას დაეხმარება და მისი მიზანი იქნება „საზოგადოების დახმარება მოვლენების სწორი ანალიზის გაკეთებაში“.
 
„ძალიან ხშირად საზოგადოებაში ხდება მოვლენების არასწორი ინტერპრეტაცია და ამას ვამბობ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ მოვლენების სწორი ანალიზის მიწოდებას საზოგადოებისთვის და ყველა მოვლენას მიეცემა ობიექტური და სწორი შეფასება...  მე გვერდით დავუდგები პოლიტიკოსებს, დავეხმარები მოვლენების სწორად გაანალიზებაში და საზოგადოება სწორ აქცენტებს გააკეთებს ყველა მოვლენაზე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
გასულ თვეს მან განაცხადა, რომ ის ტელეპროექტის დაწყებას ახალ წლამდე გეგმავს, თუმცა ახლა მან განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს.   
 
‘კრიზისი კოალიციაში და არა მთავრობაში’
 
ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბრისას –28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლები დააკავეს, რაც მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაგმო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და მას „საქართველოს ევრო–ატლანტიკურ არჩევანზე შეტევა“ უწოდა; ამას მოყვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და შემდეგ სახელმწიფო მინისტრის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომა,  მოგვიანებით კი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მმართველი კოალიციის დატოვება – ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს მოვლენები არ არის „მთავრობის პოლიტიკური კრიზისი“.
 
მან განაცხადა, რომ „კრიზისის მსგავსი რაღაც შეიძლება იყო რაღაც მომენტში, მაგრამ პრაქტიკულად უკვე დალაგებულია ყველაფერი“.
 
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს იყო „კრიზისი“ მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებაში.
 
„რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, კარგი არაფერია ამაში, განსაკუთრებით ახლო მომავალში და იმის შემდგომ, როდესაც ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს პასუხი გაეცემა, მე ვფიქრობ, რომ სტრატეგიულად ეს ქვეყანას არ დააზარალებს და შეიძლება უკეთესიც იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს მოვლენები როგორც განვითარდა ქვეყნის სასიკეთოდ მოვირგოთ“, – განაცხადა მან.
 
„ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, თუ კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება პარლამენტში“, – განაცხადა მან და სანამ განავრცობდა ამ საკითხს, მან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ გამოძიებაზე და ალასანიას მიმართ არსებულ „სერიოზულ“ შეკითხვებზე ისაუბრა.
 
‘უპასუხისმგებლო’ ბრალდებები
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას რეაქცია თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების დაკავებაზე იყო მცდელობა, რომ გამოძიების პოლიტიზირება მომხდარიყო, რითიც ის „პრაქტიკულად დაუპირისპირდა“ პროკურატურას.
 
28 ოქტომბერს თავდაცვის სამინიტროს შესყიდვების დეპარტამენტის და გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი იქნა დაკავებული 4.1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, რაც პროკურატურის განცხადებით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას უკავშირდება. ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი დაკავებულები უარყოფენ ბრალდებებს, ხოლო ალასანიამ ჯერ კიდევ მინისტრობის დროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თავის თანამშრომლებს და განაცხადა, რომ მათ უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. მთავარმა პროკურატურამ კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამ ექიმს და კვების უზრუნველმყოფელი კომპანიის სამ მენეჯერს ბრალს უყენებდა 2013 წელს ჯარისკაცების „მასობრივი“ მოწამვლის საქმეზე. იმავე დღეს, საღამოს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები მისი უწყების წინააღმდეგ, რომელშიც „აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული“,  არის „შეტევა  საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე“.
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას არ ქონია რაიმე მიზეზი, რომ ასეთი „უპასუხისმგებლო“ განცხადებები გაეკეთებინა.
 
მან განაცხადა, რომ პროკურატურა ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, თუ არსებობს კანონდარღვევების ეჭვი.  „კითხვები მაქვს“ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ნაჩქარევად“ ჩატარებული ტენდერი და თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტის ღირებულების დიდი ნაწილი წინასწარ გადაეხადათ გამარჯვებული კომპანიისთვის ავანსის სახით კითხვებს აღძრავს.  
 
„სად ეჩქარებოდათ, რისთვის გადაირიცხა ამხელა თანხა და ასე სწრაფად; რატომ იჩქარა, როდესაც ტყვია–წამლის ფული არ აქვს თავდაცვის სამინისტროს?“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
‘მცდარი’ იყო ალასანიას თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარედ არჩევა
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას გადაწყვეტილება "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე გამხდარიყო,  „მცდარი“ იყო. ალასანია ამ პოსტზე, რომელიც მან 2012 წლის ბოლოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დატოვა, 8 ნოემბერს თბილისში პარტიის ყრილობაზე აირჩიეს.
 
ივანიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარედ იმ პირობებში არჩევა, როდესაც არსებობს „სერიოზული კითხვები“ ალასანიას მინისტრობის დროს თავდაცვის უწყებაში საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, ზიანს მოუტანს მის პოლიტიკურ პარტიას.
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან ურჩია ალასანიას, როდესაც 6 ნოემბერს შეხვდა, რომ არ გამხდარიყო პარტიის ლიდერი. 
 
„როდესაც ლიდერზე არის სერიოზული შეკითხვები, ის რომ თავმჯდომარე ყოფილიყო, უნდა გადამდგარიყო, თუ შეკითხვებია ლიდერთან, მან არ უნდა დაამძიმოს თავისი თანაგუნდელები და პარტია“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ჯერ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და მერე უნდა დაუბრუნდეს [თავმჯდომარის პოსტს]...  კიდევ ვიმეორებ, ყველა მოვლენას 2016 წლის არჩევნებისთვის აუცილებლად მიეცემა სწორი შეფასება“.
 
‘მე შურისმაძიებელი არ ვარ’
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ ალასანიას „ჰქონდეს კარგი მომავალი“.
 
„მე პირადული არაფერი არ მაქვს ირაკლის მიმართ და საერთოდ შურისმაძიებელი არ ვარ; მე არ ვარ სუსტი პიროვნება, რომ ვიღაცეებზე შური ვიძიო და ეს არ არის ჩემი თვისება“, – განაცხადა მან.
 
„მე დავუდგები ყველა პოლიტიკოსს, ვინც ჩემი ქვეყნისთვის იზრუნებს და სწორი გზით წაიყვანს. დავუპირისპირდები ყველას, ვინც შეცდომებს დაუშვებს და ქვეყნის საზიანო ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
‘არასწორი დრო, არასწორი მიზეზი’
 
„უამრავი საინტერესო პიროვნებაა ამ პარტიაში [თავისუფალ დემოკრატებში]. მე ამ პარტიას უდიდეს პატივს ვცემ და ჩემთვის ცუდი ის მოხდა, რომ არასწორ დროს, არასწორი მიზეზით დატოვეს კოალიცია თავისუფალმა დემოკრატებმა“, – განაცხადა ივანიშვილმა. 
 
„თვითონ კოალიციის დატოვება არავითარ ტრაგედიას არ წარმოადგენს – შეიძლება ამან ბევრი პოზიტივიც კი მოიტანოს პოლიტიკაში, რომ კონსტრუქციული ოპონენტები გაჩნდნენ“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამგვარი განვითარება „ცუდი არ არის“, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ოპოზიციამ, როგორც ინსტიტუტმა, დაკარგა თავისი ფასი“ ნაციონალური მოძრაობის ფონზე.
 
„თავისუფალ დემოკრატებს ერთ–ერთი წამყვანი პოზიცია ეჭირათ [ქართულ პოლიტიკაში] და მე მინდა, რომ ეჭიროთ უფრო მძაფრი, მაგრამ ამდენი შეცდომების ფონზე, პარტიას შეიძლება ბევრი გაჭირვება ელოდებოდეს წინ იმიტომ, რომ ასეთი მიზეზებით არ უნდა გაეკეთებინათ მსგავსი ქმედებები“, – განაცხადა მან.
 
‘კონსტრუქციული ოპოზიცია’
 
მან განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ალასანიას, მაგრამ „უფრო მეტ პატივს“ სცემს „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრებს.
 
ივანიშვილმა წარმატება უსურვა მათ, რადგანაც, მისი თქმით, „თავისუფალ დემოკრატებში“ მას ბევრი მეგობარი ყავს და დასძინა, რომ ამას დადებითი მხარეც აქვს, რადგანაც პარლამენტში და მის გარეთ კონსტრუქციული ოპოზიცია ჩამოყალიბდება.
 
„მე, როგორც მოქალაქეს, თანაბარი დამოკიდებული მაქვს ყველასთან; არ არსებობს ჩემთვის ფავორიტი, არავითარი ლიდერი; ლიდერი და ფავორიტი არის ის, ვინც სწორი გზით წაიყვანს და სწორად ემსახურება ჩემს ქვეყანას“, – განაცხადა მან.   
 
‘პოლიტიკაში დაბრუნება? ღმერთმა დამიფაროს’
 
ივანიშვილმა, რომელმაც 2013 წლის ნოემბერში პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებაც გააკეთა განცხადება, გასულ კვირას ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს სულ ცოტა ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 6 ნოემბერს ის ალასანიას, ხოლო მომდევნო დღეს პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს შეხვდა, რომელმაც რამდენიმე საათი ივანიშვილის რეზიდენციაში გაატარა, სანამ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის შეხვედრაზე გაემართებოდა.
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოში ძალიან იშვიათად ხდებოდა და ბოლოს მან ეს გააკეთა, როდესაც მწვავე დებატები მიდიოდა ანტი–დისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის მაისში მიიღო.
 
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება პოლიტიკაში, მან უპასუხა: „ღმერთმა დამიფაროს მაგისგან, რაღაც კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ ამის აუცილებლობა დადგეს“.
 
მან განაცხადა, რომ მთავრობა ძალიან ეფექტურად მუშაობს. 
 
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომ მას  2013 წელს მიაჩნდა და ახლაც ფიქრობს, რომ ივანიშვილი უნდა დარჩენილიყო თავის პოსტზე ერთი წლით მაინც, რათა სისტემა უკეთ ამუშავებულიყო.
 
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 4 ნოემბერს, რომ „ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან“. 


‘ბრალდებები კულუარებიდან  მართვის შესახებ შეურაცხმყოფელია ’
  
პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ამ განცხადების კომენტირებისას, ივანიშვილმა განაცხადა 8 ნოემბერს, რომ ასეთი განცხადება „უპასუხისმგებლოა“.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები „შეურაცხმყოფელია“ როგორც მისთვის, ისე მთავრობისთვის.

„ირაკლი ღარიბაშვილი არანაირად არ იმსახურებს იმას, რომ კულისებიდან იმართება – ის არის აბსოლუტურად ეფექტური პრემიერ–მინისტრი, რომელიც დღე და ღამე მუშაობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„შეუძლებელია კულისებიდან მთავრობის მართვა, ვისაც წარმოდგენა აქვს საერთოდ მართვაზე, მთავრობის მართვა კულისებიდან შეუძლებელია. ექვსი თვე ურეკში ვიჯექი და ერთხელ ვნახე მარტო ღარიბაშვილი. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოიმართოს. ახლა ჩემი პოზიცია აიღეთ, მე როგორ შეურაცხყოფას მაყენებს. როგორც წარმოგიდგენიათ მე – ჩემი ბიოგრაფიის, ჩემი წარსულის, მოვედი, გავაკეთე განცხადებები აბსოლუტურად თანმიმდევრულად: მოვალ, დავალაგებ, წავალ... ყველაფერი გავაკეთე ისე, როგორც ვთქვი... თუ მინდოდა პოლიტიკაში ყოფნა და მართვა, ვინ მიშლიდა ხელს?“

„საიდან უნდა ჰქონდეს საღად მოაზროვნე ადამიანს იმის განცდა – გარდა ნაციონალური მოძრაობისა – რომ კულისებიდან მართვის სურვილი გამიჩნდა? ყველა ბერკეტი მქონდა, რომ მემართა [პრემიერ–მინისტრობის დროს]. რატომ უნდა გაუჩნდეს ასეთი კითხვები ვინმეს? ნაციონალებს არ ვცემდი პასუხს, მაგრამ მას [პრეზიდენტ მარგველაშვილს] პასუხს ვცემ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „რჩევის მიცემა“ განსხვავდება მთავრობის მართვისგან. მან აღიარა, რომ პრემიერ–მინისტრს რჩევებს აძლევდა, თუმცა დასძინა, რომ ამაში დასამალი არაფერია.

მან ასევე განაცხადა: „რაც დრო გადის, ირაკლი ნაკლებს მაწუხებს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თუ თვეში ერთხელ მირეკავდა, ან კვირაში ერთხელ, შეიძლება ორი თვე გავიდეს და არ დამირეკოს“.

‘მარგველაშვილი  თავად ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს’

ინტერვიუს დროს ივანიშვილმა პრეზიდენტი მარგველაშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ვეტო დაადო მოსმენების შესახებ ახალი რეგულაციების მიღების ოთხი თვით გადავადების შესახებ კანონპროექტს. პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები მიიღო და კანონპროექტის მიღების ვადა 1 დეკემბრამდე გადაწია.

„პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, ეს ვეტო დაადო, რომ ვეტოს დადების სურვილი გააჩნდა“, – განაცხადა ივანიშვილმა და პრეზიდენტი იმაში დაადანაშაულა, რომ მან არ აცნობა საკუთარი პოზიცია საკითხზე პარლამენტს, როდესაც დეპუტატები მას განიხილავდნენ.

„მას უნდა აჩვენოს, რომ ვეტოს დადება შეუძლია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი ვენაში განხორციელებული ვიზიტის გამო, სადაც მარგველაშვილმა ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების  გაეროს მეორე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

„ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ ვიზიტებზე რამდენიმე სკანდალი იყო“, – განაცხადა მან, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა მარგველაშვილის ჩაშლილი ვიზიტი ნიუ–იორკში გაეროს კლიმატის სამიტზე.

„ჩემი აზრით,  ავსტრიაში კონფერენციაზე ვიზიტისთვის რომ წავიდა, ეს იყო ვიზიტი ვიზიტისთვის, ისე ვეტო ვეტოსთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ პრეზიდენტს სურს „კონკურენცია“ მთავრობასა და პარლამენტთან.

შემდეგ მან იმ საკითხებთან დაკავშირებით გააკრიტიკა მარგველაშვილი, რომლებზეც ადრეც ისაუბრა, მათ შორის იყო მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით და ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ხარჯების ნაწილისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის გაჭიანურების საკითხი.

„მე არ მაქვს დიდი ეჭვები, რომ ის ნაციონალურ მოძრაობასთან მეგობრობს, მაგრამ მისი ქმედება და ნაციონალური მოძრაობის ქმედება და ინტერესები ძალიან დიდ თანხვედრაში მოდის“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან მარგველაშვილის კრიტიკა იწვევს მოსაზრებებს, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას ცდილობს.

„ადვოკატებს წინასწარვე შევახსენებ – ნუ ცდილობენ ტაბუს დადებას პრეზიდენტის კრიტიკაზე – ყველას კრიტიკის საშუალება უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„პრეზიდენტის ინსტიტუტს ასუსტებს მისი [მარგველაშვილის] ქმედებები“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მარგველაშვილი თავად აუფასურებს პრეზიდენტის ინსტიტუტს ისეთი გადაწყვეტილებით, როგორიცაა ცოტა ხნის წინანდელი ვეტო, ნაცვლად იმისა, რომ შეეცადოს მისი როლის გაზრდას „მისი სიტყვებისა და ქმედებებისთვის“ წონის შეძენით. 

მოსმენების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ დებატების კომენტირებისას, კერძოდ უნდა ჰქონდეს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, ივანიშვილმა უარი თქვა დეტალების შესახებ საუბარზე. თუმცა მისი განცხადებიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, შსს–ს პოზიცია მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობიდან  გამომდინარე, ის, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება შსს–სთვის ამ ბერკეტის  ჩამორთმევას. მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეგულაცია იქნება მიღებული, ხალხს მაინც ექნება „აღქმა“, რომ ადგილი აქვს უკანონო მოსმენებს; მისი თქმით, იგივე აღქმა უფრო განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს.

ღარიბაშვილი – ‘ძლიერი პიროვნება, მაგრამ გამოუცდელი’

ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი „არის ძალიან ძლიერი პიროვნება და ძალიან მაგარი პრაქტიკოსი“.

„რა თქმა უნდა, ის არის გამოუცდელი“, – განაცხადა მან და დასძინა ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ალასანიას „მოღალატე“, ასევე  „ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური“ უწოდა: „ეს განცხადებები, რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე აბსოლუტურად მიუღებელი იყო; შეეშალა; ემოციებს უნდა მოთოკვა; აქ აჩვენა, რომ პოლიტიკურად ნაკლები პრაქტიკა აქვს გავლილი“.

„ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

10 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკაზე საპასუხოდ, ღარიბაშვილმა განაცხადა: „მეც არ მომეწონა ის, რაც ვთქვი, ის სიტყვები, მაგრამ თუ შეფასებებში ვიდავებთ, მე შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მხრიდან სათქმელი ალბათ არ იყო“.

ინტერვიუს დროს ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ღარიბაშვილი არის „ძალიან გულწრფელი, ძალიან ეფექტური, ძალიან ენერგიული, 24 საათს მუშაობს“.

Civil.Ge © 2001-2024