ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლი ცვლილებების განხილვისას ქართული ოცნების პოზიციები გაყოფილია
Civil Georgia, Tbilisi / 27 Nov.'14 / 13:31

პარლამენტი 26-27 ნოემბერს ფარული მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიმართაც კოალიცია ქართული ოცნების პოზიციები გაიყო, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ ცალკე ცვლილებები მოამზადა იმ ფონზე, როცა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე შსს–ს პირდაპირი წვდომის პრობლემის დარეგულირების ვადა იწურება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ინიცირებაც ქართული ოცნების დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, მისმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მოახდინეს და რომელიც მოსმენებზე პირდაპირი წვდომის ანუ  ე.წ. „გასაღების“ შსს-ისთვის დატოვებას გულისხმობს, აღიქმება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაწერილი.

დებატები ძირითადად იმ საკითხის გარშემო მიმდინარეობს, თუ ვის უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ანუ „გასაღები“ საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, რათა უკანონო მოსმენების პრაქტიკა აღიკვეთოს. 

26 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებისთვის კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი ინიციატივა მოიცავს „ორგასაღებიან სისტემას“, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი წვდომა დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მეორე გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება, რომლის უფლებამოსილებები ცოტა ხნის წინ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაიზარდა. ბესელია და კანონპროექტის სხვა ავტორები აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის იდეა ისაა, რომ სასამართლო ნებართვის მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი წვდომა ექნება საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მოსმენების დაწყებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე.

ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონპროექტის ტექსტი, რომელიც სავსეა ისეთი რთული ტექნიკური ტერმინოლოგიით, როგორიცაა „მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა“ ან მაგალითად „ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ჰეშ-ღირებულება“, შორსაა იმისგან, რის წარმოჩენასაც მისი ავტორები ცდილობენ და შესაძლებლობას უტოვებს შსს–ს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით იმოქმედოს. 

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ რასაც თანაავტორები აცხადებენ შესაძლოა მისაღები იყოს მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, კანონპროექტში არ არის ასახული áƒ¨áƒ”საბამისი პუნქტები, რომლებიც უკანონო მოსმენების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ამ კანონპროექტს აქვს არსებობის უფლება, თუ ეს და სხვა საკითხები ჩაიწერება მასში.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ამ კანონპროექტს, რადგანაც ის ფაქტიურად არ ართმევს სამართალდამცავ სტრუქტურებს პირდაპირ წვდომას  საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე.

„წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კარადა, ამ კარადას აქვს კარები, რომელსაც აღებს და კეტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო და კარებთან დგას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ხედავს რამდენჯერ დახურა და გააღო და ვისი მონაცემი მოისმინა შსს–მ, მაგრამ რასაც ეს კანონი არ გეუბნებათ არის ის, რომ შსს–ს შეუძლია ასეთი კარები გაჭრას გვერდზე, მარჯვნიდან, მარცხნიდან, უკნიდან და ასე შემდეგ და იმ კარებთან აღარ დგას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და იმას უკვე ვერ გააკონტროლებს. ეს არის მთავარი ხარვეზი“, – განაცხადა დეპუტატმა ჯაფარიძემ.     

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები ასევე ეწინააღმდეგებიან მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ცვლილებებს.

რამდენიმე დეპუტატი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან, რომლის თავმჯდომარეც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, ასევე გამოვიდა საჯაროდ კანონპროექტის წინააღმდეგ; მათ შორის არიან დეპუტატები ელისო ჩაფიძე და თამარ კორძაია; მართალია ეს უკანასკნელი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრია, მაგრამ ის ხშირად რესპუბლიკური პარტიის პოზიციებს იზიარებს.

ოპონენტები ასევე აკრიტიკებენ იმ დებულებას, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება უზრუნველყოს ტექნიკური შესაძლებლობები და შექმნას ელექტრონული პროგრამა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის.

მოწინააღმდეგები ასევე აცხადებენ, რომ კანონპროექტით  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს ბევრად მეტი უფლებამოსილება ენიჭება, ვიდრე მხოლოდ მონიტორინგის ფუნქციებია. ოპონენტები აცხადებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭება, რომ ტექნიკურად უზრუნველყოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ფარული მოსმენის კანონიერი განხორციელება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მაკონტროლებლიდან პროცესის მონაწილედ აქცევს.

„გასაღების გადატრიალებით ინსპექტორი ფარული ღონისძიების განხორციელებას შესაძლებელს ხდის კონკრეტული პირის მიმართ, კონკრეტული დროის მონაკვეთში, კონკრეტული ინტენსივობით. სწორედ ეს უნდა აკონტროლოს ინსპექტორმა და მეტი არაფერი და გამოდის, რომ ინსპექტორი თვითონ ახორციელებს იმ მოქმედებას, რისი კონტროლიც მას ევალება – აქედან გამომდინარე აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი“, – განაცხადა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ასევე განაცხადა, რომ მისი სამსახურის კონტროლის ფუნქცია მოიცავს მხოლოდ მონიტორინგს და არა პროცესში მონაწილეობას.

დღესვე დეპუტატები ასევე დაიწყებენ იმავე საკითხზე მომზადებული მეორე საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომელიც რეპუბლიკური პარტიის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მოამზადა. მისი ინიციატივა ეყრდნობა პრინციპს, რომ ე.წ. გასაღები ჰქონდეს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად.

კანონპროექტის მისაღებად დამსწრე დეპუტატების უმრავლესობაა საჭირო, თუმცა არანაკლებ 50 ხმისა.

ახალი რეგულაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტმა 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

ზაფხულში პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები áƒ›áƒ˜áƒ˜áƒ¦áƒ, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების გაუმჯობესებული რეგულაციები დაკანონდა, მათ შორის მოსმენების განსახორციელებლად სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად სამართალდამცავ ორგანოებს დასაბუთების მაღალი სტანდარტები დაუდგინდათ და პროცესზე მონიტორინგის კუთხით გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები.

თუმცა დეპუტატებმა მთავარი საკითხი, თუ რომელ ორგანოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ფარულ მოსმენებზე მოუგვარებელი დატოვეს. 2014 წლის 1 ნოემბერი განისაზღვრა საბოლოო ვადად შესაბამისი კანონპროექტის მისაღებად.  

თუმცა, უთანხმოებამ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სისტემა უნდა დანერგილიყო, შეუძლებელი გახადა დაგეგმილ ვადაში კანონპროექტის მომზადება და პარლამენტმა ვადა ოთხი თვით გაახანგრძლივა

ვადის გახანგრძლივებას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო და სანაცვლოდ, საბოლოო ვადად 1 დეკემბერი დაასახელა, რაზეც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას დათანხმება მოუწია.

Civil.Ge © 2001-2024