ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაუყენეს
Civil Georgia, Tbilisi / 27 Nov.'14 / 15:05

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 27 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის áƒ¡áƒáƒ¥áƒ›áƒ”ზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი.

პროკურატურის განცხადებით, 2006 წლის იანვარში 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო „საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად, საქმით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ  დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“.

„აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიას და  მისი ძმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კერძოდ, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით მაშინდელ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე  „მიხეილ სააკაშვილმა დავით ახალაიას უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამოდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გერონტი ალანიაც, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან. ამასთან დავით ახალაიას შეპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ“.

სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები 2008 წლის 24 ნოემბერს შეიწყალა, გაუნახევრა რა მათ სასჯელები. ამ ქმედებით, პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილმა „ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება“.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოუტანა ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას; ხოლო დათა ახალაიას საქმე  სასამართლოშია წარმართული.

„ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სააკაშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზე იძებნება გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებით, რასაც ის უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, ექს-პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად პროცედურები მიმდინარეობს. სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის შემოდგომაზე მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

Civil.Ge © 2001-2025