მოსმენების კანონპროექტზე დებატებისას უსუფაშვილმა სამართალდამცავი სისტემის რეფორმისკენ მოუწოდა
Civil Georgia, Tbilisi / 28 Nov.'14 / 17:47

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოუწოდა თავის კოლეგებს კოალიცია ქართული ოცნებიდან, რომ მნიშვნელოვანი „სისტემური“ პრობლემები მოაგვარონ, მათ შორის იმ დაპირების შესრულების გზით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას ეხება მისგან უშიშროების სამსახურების განცალკევების კუთხით.

თავის გამოსვლაში, რომელმაც ფუნდამენტური განსხვავებები გამოავლინა რესპუბლიკურ პარტიის და დანარჩენი კოალიციის, კერძოდ კი პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის პოზიციებს შორის მთელ რიგ საკითხებზე, უსუფაშვილმა ნათლად აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებისა რესპუბლიკელები არ აპირებენ მმართველი კოალიციის დატოვებას. 

უსუფაშვილი პარლამენტში სიტყვით 28 ნოემბერს გამოვიდა, სანამ პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს უყრიდა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო პაკეტს მოსმენების შესახებ. 
 
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 28 ნოემბერს მეორე მოსმენით 74 ხმით 45-ის წინააღმდეგ და ასევე მესამე მოსმენითაც 73 ხმით 30-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული, შსს-ის უტოვებს ბერკეტს საკომუნიკაციო საშუალებებზე ჰქონდეს პირდაპირი წვდომა.

კენჭისყრის შემდეგ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი დღესვე გადაუგზავნის პრეზიდენტს კანონპროექტებს ხელმოსაწერად. „დაველოდებით პრეზიდენტის მხრიდან  გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელსაც საჯაროდ ჯერ არ გაუკეთებია განცხადება საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ საკუთარი პოზიციის შესახებ, უფლება აქვს ვეტო დაადოს მას. პარლამენტს სულ ცოტა 76 ხმა სჭირდება პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. რესპუბლიკური პარტიის 9 დეპუტატის გარეშე, რომლებიც კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას 78 დეპუტატი ყავს.

კანონპროექტს რესპუბლიკელებთან ერთად ასევე ეწინააღმდეგებოდნენ "თავისუფალი დემოკრატები" და ნაციონალური მოძრაობა. საკანონმდებლო პაკეტი ასევე გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც კამპანიას ახორციელებენ საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე სამართალდამცავი სტრუქტურების პირდაპირი წვდომის შეზღუდვის მიზნით.

გუშინ პარლამენტმა ჩააგდო ამავე საკითხზე რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას უზღუდავდა. 

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ უთანხმოებამ ამ საკითხზე კოლეგებთან ქართული ოცნებიდან უსაფუძვლო „აჟიოტაჟი“ გამოიწვია რესპუბლიკელების კოალიციიდან შესაძლო გასვლის თაობაზე.

„არა ბატონებო, არ არის ეს ის დრო და იმ დროზე, რომელზეც შესაძლოა ბევრი ოცნებობს სხვადასხვა მხარეს პოლიტიკური სპექტრების, გპირდებით, რომ იმედი უნდა გაგიცრუოთ. ფრაქცია რესპუბლიკელებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ კოალიციაში  გაერთიანებით მისი დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე და ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი პარტნიორების წინაშე. რა არის ეს პასუხისმგებლობა? არა ჩვენი ძმობა და მეგობრობა, არამედ ის, რისთვისაც შევთანხმდით და ის, რისთვისაც შევთანხმდით ასახულია კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში, კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში და აი აქ ვრჩებით ჩვენ მაშინაც, როდესაც, შესაძლოა, დღესაც და ხვალაც ალტერნატიული, განსხვავებული ხედვები გვქონდეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, როცა უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრები ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, ეს არის ნიშანი, რომ „საქართველოში იბადება პარლამენტი და საქართველოში სრულდება საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს ეპოქა“.

„ეს არის სერიოზული წინსვლა და ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა, „აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად ჭკუით ვიქნებით და რამდენად მოვახერხებთ  იმას, რომ ვიყოთ ერთად, როცა ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ეს არის ერთად ყოფნა პოლიტიკური“.

„მჯერა, რომ ის მიდგომა [ხმალაძის მიერ შემოთავაზებული] არის სწორი და ისიც მჯერა, რომ იმ მიდგომამდე ჩვენ მივალთ, შესაძლოა ახლა არ აღმოჩნდა მზად კოალიცია, უმრავლესობა, მთავრობა და ა.შ. მე ეს მჯერა იმიტომ, რომ აქეთ მიდის მთელი ცივილიზებული მსოფლიო, მთელი ევროპა და ჩვენც მოგვიწევს აქეთ წასვლა ადრე თუ გვიან“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, პოლონეთის და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროებს პირდაპირი წვდომა აქვთ  საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, რასაც კანონპროექტის მხარდამჭერები იშველიებენ, საქართველოს არ მიესადაგება, რადგანაც, როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, იმ ქვეყნებში შინაგან საქმეთა სამინისტროებს სულ სხვა სტრუქტურა აქვთ, რომელიც სრულიად განსხვავდება საქართველოსგან, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აერთიანებს არა მხოლოდ საპოლიციო ძალებს, არამედ უშიშროების და დაზვერვის სტრუქტურებსაც. 
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა. შემდეგ მან ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ის ნაწილები მოიყვანა, სადაც კოალიცია პირობას დებს, რომ შსს–ს რეფორმირებას განახორციელებს  და უშიშროების და დაზვერვის სტრუქტურებს შსს–სგან გამოყოფს.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა შსს–ს რეფორმა ისე განხორციელდეს, როგორც ამის თაობაზე ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაშია საუბარი.

ეს დაპირება რეფორმის თაობაზე ამ დრომდე არ განხორციელებულა და პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 27 ნოემბერს გაკეთებული განცხადება „კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს“ საჭიროების თაობაზე იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა ასეთი რეფორმა არც გატარდეს.

27 ნოემბერს შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ძალიან სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ვიწრო ჯგუფს არ ესმის მნიშვნელობა იმისა, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი პოლიცია, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემთვის პირადად კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და ჩემი დევიზია ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების, წინსვლის და ძლიერების“.

თავის გამოსვლაში უსუფაშვილმა იმ „სპეკულაციების“ დასრულებისკენ მოუწოდა, რომ თითქოს ვიღაცას შინაგან საქმეთა სამინისტროს დასუსტება სურს.

მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე დებატების დროს ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი, რომლებიც მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პაკეტს ემხრობოდნენ, აცხადებდა, რომ შსს–სთვის საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი წვდომის უფლების ჩამორთმევა სამინისტროს „დასუსტების“ ტოლფასია. მათ შორის იყვნენ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პაკეტის ერთ–ერთი ავტორი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

შსს–ს „ძლიერებაზე“ პრემიერ–მინისტრის მიერ 27 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე აშკარა მინიშნებით უსუფაშვილმა განაცხადა: „კონცეფცია იმის შესახებ, რომ ‘ძლიერი პოლიცია ეს არის ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა’, არასწორია, მეგობრებო“.

„ძლიერი პოლიციიდან პირდაპირი გზა ძლიერ სახელმწიფომდე არ არსებობს, თუ ამ გზამ არ გაიარა ძლიერ მოქალაქეზე,  ძლიერ ინსტიტუტებზე, ძლიერ კანონზე, ძლიერ ბიზნეს-სექტორზე, ძლიერ პარლამენტზე, ძლიერ მთავრობაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე, ძლიერ პიროვნებაზე და ა.შ.“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ამიტომ არ არის ასე მარტივად საქმე, რომ ვიღაც აქ სახელმწიფოს აშენებს და ვიღაცა არ ფიქრობს თემებზე და სულერთია მისთვის ოღონდ რამე სადმე ჩამოინგრეს და დაინგრეს. სწორედ პირიქით არის შესაძლოა საქმეები“, – განაცხადა მან. 

შსს–თან ერთად, უსუფაშვილის თქმით, რეფორმირება პროკურატურასაც სჭირდება.

მართალია კონსტიტუციით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია, მაგრამ შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი ფაქტიურად სრულიად ჩამოაცილეს პროკურატურის ზედამხედველობას.

„მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცეები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „ადეიშვილზე შეშინებულებმა, რომ იუსტიციის მინისტრი არასწორად მართავდა პროკურატურას და იმან დააქცია ძალიან ბევრი რამ, პრაქტიკულად გავწყვიტეთ ხაზი მინისტრსა და პროკურატურის უწყებას შორის და მივიღეთ სერიოზული პრობლემები“.

მისი თქმით, ანგარიშვალდებულების ნაკლებობამ გამოიწვია ის ვითარება, როდესაც პროკურატურა პარლამენტსაც კი იყენებდა სასამართლოს სხდომების გადადების საბაბად. რამდენიმე თვის წინ პროკურატურამ სასამართლოს გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმეზე სხდომის გადადება სთხოვა იმ მოტივით, რომ გამომძიებლებმა ვერ დაკითხეს საქმის რამდენიმე მოწმე, რომლებიც დეპუტატები არიან და იმუნიტეტი იცავთ; იმავე შუამდგომლობაში პროკურატურა აცხადებდა, რომ „აქტიური დიალოგი“ მიმდინარეობდა პარლამენტთან ამ დეპუტატების დაკითხვის საკითხის მოსაგვარებლად.

„მითხარით ვისთან მიდის ეს აქტიური დიალოგი? არავისთან. ვიღაცამ, „გონიერმა“ პროკურორმა მოძებნა მიზეზი თუ საბაბი იმისა, რომ საქმეზე ვადის გაგრძელებისთვის შეიქმნას საფუძველი. და რა ხდება მერე? მერე ჩვენი პატივცემული კოლეგა გიორგი კანდელაკი ამ ფრაზას თარგმნის მსოფლიოს ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ენაზე და აგზავნის ყველგან და ჩავდივარ მერე და ვდგავარ პირდაღებული, როცა მეუბნებიან, რომ  რა დიალოგი მიდის ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე თქვენთან? და მერე ვლაპარაკობ, რომ არა ბატონო, რა პოლიტიზირება, რის პოლიტიზირება, რა ჩემი საქმეა ვის დაკითხავენ, ვის წაიყვანენ და ა.შ. და მაფარებენ თვალზე სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაწერილ ფრაზას, რომელიც მოსამართლეს არ დასიზმრებია, რომელიც პროკურორმა მიუტანა“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოიწვიოს და გამოკითხოს, თუ როგორ ემზადებიან ისინი მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე გადასასვლელად, რომლის ამოქმედებაც შარშან დეპუტატებმა 2016 წლამდე გადაავადეს

„მე არ მგონია, რომ თუ ამ კითხვას ჩვენ დავსვამთ, ჩვენ ვინმეს ვასუსტებთ, მე მგონია, რომ ჩვენ ამით ვაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს და ერთმანეთს და ეს სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თუ ვინმეს რამე უარყოფითი წამოცდება ტაბუდადებული თემების თუ პირების მიმართ, ეს არის ქვეყნის ღალატი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება „ძალიან ძლიერი სპეცსამსახურები, მაგრამ სპეცსამსახურები გვჭირდება არა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც ხანდახან გვაცნობებენ ჩვენ, რომ უნდა შევასრულოთ, არამედ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად კვალიფიციური ანალიზის და ინფორმაციის მოსაწოდებლად“.

„მე მქონია შემთხვევები, როცა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უცნობებიათ აქ. არ მქონია შემთხვევა, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად კვალიფიციური ფაქტობრივი და ანალიტიკური მასალა მიგვიღია. არადა ჩვენ ვართ ის ხალხი პარლამენტში, ვინც ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ამიტომ თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, თუ არ გვინდა ისევ დაგვიცდეს ფეხი იმ მოლიპულ ბილიკზე, რომელზეც უნდა გავიაროთ, თუ არ გვინდა, რომ ამათ [ნაციონალური მოძრაობის]  დღეში აღმოვჩნდეთ ოდესმე, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ ყველა სისტემა და ამისთვის, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დღევანდელი კანონის ისეთი მიღება თუ ასეთი მიღება. ამ კანონმა და ამ კანონზე მსჯელობამ გამოჩინა ძალიან ბევრი  პრობლემაც და უკეთესი მხარეც ჩვენი ურთიერთობის, დაგვხვეწა და მე მგონი, ერთი საფეხურით მაღლა ავედით ჩვენ, როგორც პარლამენტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

„ამიტომ მე ყველას ვთავაზობ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამ კანონპროექტის გამო ნუ შეველეწებით ერთმანეთს ნურც უმრავლესობის შიგნით, ნურც აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი, ნურც პრეზიდენტი და პარლამენტი, ნურც არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ელიტები. პირიქით, ეს იყოს ის ეტაპი, როდესაც შესაძლოა რაღაცაა მიღწეული არცთუ  ყველაზე უკეთესი და არცთუ ყველაზე სასურველი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ თუ შევჯერდებით ჩვენ იმაზე, რომ ამ სისტემურ პრობლემებს და სისტემურ საკითხებს ერთად მოვუვლით - არა იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ შევქმენით, არამედ იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო სისტემური, მაგრამ მათ გამოსასწორებლად ვერ მოვიცალეთ“, – განაცხადა მან. 

„ახლა ზუსტად დროს არის ყველა ამ მიმართულებით გავიხედოთ და ყველა სხვა წვრილმან საკითხებზე გვეყოს პოლიტიკური გამჭრიახობა და ინტუიციაც, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Civil.Ge © 2001-2024