პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო
Civil Georgia, Tbilisi / 29 Nov.'14 / 13:23


ვიდეო კადრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სატელევიზიო მიმართვიდან, რომლის დროსაც მან 29 ნოემბერს მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილება გამოაცხადა.  

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 28 ნოემბერს დაამტკიცა და რომელიც შსს-ის საკომუნიკაციო საშუალებებთან პირდაპირი მიერთების ბერკეტს უტოვებს.

„პირველ ყოვლისა მე მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმ პროცესის მიმართ, რომელიც ამ კანონის მიღების ირგვლივ წარიმართა. აქ იყო აქტიური ჩართულობა პოლიტიკური ძალების, დებატები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. აქ იყო ის, რასაც ქვია ქართული დემოკრატია - ყველა მხარე ცდილობდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კანონებს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული“, - განაცხადა მან.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას და ფაქტიურად იმას, რასაც ქვია გახსნა ამ მიყურადების, გასაღების გადატრიალებას რომ კონკრეტული მიყურადება განხორციელდეს, განახორციელებს შესაბამისად სასამართლო, ხოლო ზედამხვედველობას ამ პროცესზე განახორციელებს პერსონალურ დაცვათა ინსპექტორი“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიერ შეთავაზებული კანონპროექტის თაობაზე.

„ეს არის მოდელი, რომელშიც ფუნქციები სწორად არის გადანაწილებული და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებათა შორის და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს ადეკვატურად დაცული“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

„მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას“, - განაცხადა მან.   

პარლამენტი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს სავარაუდოდ áƒ“ღესვე განიხილავს და გადაწყვეტს გაიზიაროს მისი შეთავაზებული ვარიანტი თუ დაძლიოს ვეტო. ვეტოს დაძლევას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
 
ეს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული უკვე მეორე ვეტოა ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

პირველად მან 31 ოქტომბერს გამოიყენა ვეტოს უფლება, რადგან არ დაეთანხმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ფარული მოსმენების შესახებ ახალი რეგულაციების მისაღებად 1 ნოემბრამდე განსაზღვრული ვადა ვერ დაიცვა და გადაწყვეტილების მიღება ოთხი თვით გადაავადა. პრეზიდენტმა ეს ვადა ერთ თვემდე შეამჭიდროვა და რეგულაციების მიღება კანონმდებლებს 1 დეკემბრამდე მოთხოვა. მაშინ დეპუტატებს პრეზიდენტის ამ შეთავაზების გაზიარება áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒ˜áƒáƒ— და შესაბამისად, ვეტოს დაძლევა აღარ უცდიათ.

მართალია საპარლამენტო უმრავლესობას 87 დეპუტატი ჰყავს მას შემდეგ, რაც „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ მისი შემადგენლობიდან და სანაცვლოდ, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატების ორი ფრაქცია შეიერთეს, მაგრამ რესპუბლიკური პარტიის 9-კაციანი ფრაქცია მხარს არ უჭერს პარლამენტის მიერ მიღებულ ვარიანტს. ამდენად, უმრავლესობას 78 დეპუტატი რჩება, რათა პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აქედან სულ ცოტა სამი დეპუტატი - თამარ კორძაია ქართული ოცნების ფრაქციიდან, ამავე ფრაქციის წევრი ელისო ჩაფიძე და ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე საჯაროდ აფიქსირებდნენ საწინააღმდეგო პოზიციას შსს-სთვის მოსმენებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობის დატოვების მიმართ. არცერთ მათგანს ხმა არ მიუცია ამ ვარიანტისთვის, რომელმაც პირველ მოსმენაზე 75 ხმა, მეორეზე - 74, ხოლო მესამე და საბოლოო მოსმენის დროს 73 ხმა მიიღო. 

 

Civil.Ge © 2001-2022