არასაპარლამენტო ოპოზიცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვს
Civil Georgia, Tbilisi / 8 Dec.'14 / 18:11

რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებების მოთხოვნით გაერთიანდნენ, განაცხადა 8 დეკემბერს, რომ მათ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ, რათა საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების თაობაზე საკუთარი მოთხოვნა გადასცენ.

საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მუშაობს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.   

არასაპარლამენტო ოპოზიციას სურს, რომ სისტემის მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდეს და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებისგან დაკომპლექტდეს.

განსხვავება პროპორციული სისტემით მიღებული ხმებისა და მანდატების გადანაწილებას შორის აშკარა იყო წინა პარლამენტში, როდესაც მაშინდელ მმართველ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას ადგილების 79%–ზე მეტი ერგო მიუხედავად იმისა, რომ 59%–ზე ოდნავ მეტი ხმა მიიღო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.  ეს იმიტომ მოხდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ ქვეყნის მასშტაბით ოთხის გარდა ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგო არჩევნები.

თუმცა, ასე არ მომხდარა 2012 წლის არჩევნების დროს, როდესაც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მიერ როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში მოგებული ადგილები ძირითადად შეესაბამებოდა ხმების იმ რაოდენობას, რომელიც მათ პროპორციული სისტემით მოიგეს.

თუმცა, შეუსაბამობა აშკარა იყო 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს თბილისის საკრებულოში, როდესაც მართალია პარტიული სიით ქართულმა ოცნებამ ხმების 46% მიიღო, მაგრამ მან თბილისის საკრებულოში ადგილების 74% დაიკავა, რადგანაც დედაქალაქში ერთის გარდა ყველა ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვა.

ერთმანდატიანი ოლქები ერთმანეთისგან ამომრჩეველთა რაოდენობით განსხვავდებიან  – ყველაზე დიდ ოლქში 150 000 ამომრჩეველია, ხოლო უმცირეს ოლქში 6 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ვენეციის კომისია უკვე დიდი ხანია ურჩევს საქართველოს, რომ ოლქებს შორის ეს შეუსაბამობა  მოაგვაროს, რადგანაც ეს ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპს არღვევს.

ეს ერთ–ერთი ის საკითხი იყო, რომელიც გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის დროს იქნა განხილული.       

„როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, საარჩევნო კანონმდებლობის მაჟორიტარული ნაწილი არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სტანდარტებს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა, „საარჩევნო ოლქების ზომები იმდენად განსხვავებულია, რომ დეპუტატებს ამომრჩეველთა ძალიან განსხვავებული რაოდენობა ირჩევს. დროა, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა, რათა ეს პროცესი დროულად დასრულდეს“.

ეს საკითხი ასევე განიხილეს  მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა 5 დეკემბერს  პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე.

„არსებული მაჟორიტარული ოლქები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ამომრჩეველთა რაოდენობით ... არის კრიტიკის საგანი, მათ შორის ევროპის საბჭოს მონიტორების მხრიდან და გვეკითხებიან რას ვაპირებთ, სისტემის შეცვლას ვაპირებთ, თუ ოლქების გათანაბრებას ვაპირებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

„ამ კითხვას პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს“, – განაგრძო მან, „ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ საკითხს ვეხებით, თუ არ ვეხებით და ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ თებერვალ–მარტამდე, რადგანაც მერე უკვე დრო არ დარჩება იმისთვის, რომ ეს ცვლილებები აისახოს საარჩევნო კოდექსში [2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე]“.

ათამდე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა შორის ასევე არიან ახალი მემარჯვენეები და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო და რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ, გასული თვის ბოლოს უსუფაშვილს შეხვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარეცაა. თუ გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების სასარგებლოდ იქნება მიღებული, ამას საკონსტიტუციო ცვლილება დასჭირდება, რასაც სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება; მაგრამ თუ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება და მისი შეცვლა გადაწყდება მაშინ, ამისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა გახდება მხოლოდ საჭირო.

Civil.Ge © 2001-2024