![]() |
|||
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი „შემთხვევა“ აღარ განმეორდება და მთავრობის წევრები წელს მაინც მოახერხებენ დაესწრონ მის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებას პარლამენტში, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერ არ განსაზღვრულა. გასული წლის 22 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტის წევრები არ დასწრებიან, რასაც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნისას მიმართავს პარლამენტს ყოველწლიური მოხსნებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რის შემდეგაც შესაძლებელია გაიმართოს დებატები. ბოლო წლებში, ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, როგორც წესი, იმართება დებატები, რომლის ფორმატსაც პარლამენტი განსაზღვრავს. გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სამჯერ სტუმრობდა პარლამენტს. პირველად ის საკანონმდებლო ორგანოს თებერვალში ყოველწლიური მოხსენების წარსადგენად ეწვია; მეორედ, ივლისში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს დაესწრო; მესამედ კი მან დეპუტატებს ნოემბერში მიმართა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე. მისი ბოლო სტუმრობის დროს ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის მიუხედევად, პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დებატები არ გამართულა.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025