შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა
Civil Georgia, Tbilisi / 23 Jan.'15 / 16:43

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 23 იანვარს განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა.

„ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას“, - ნათქვამია ჭიკაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც შსს-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბრალდებები, რომელიც ჭიკაიძემ უარყო, ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა გაახმოვანა, რომელიც 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, იური ვაზაგაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო. ხოლო გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სამართალდამცავი, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ 2006 წლის მაისის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, კვლავაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მან მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მათ „მფარველობაში“ დაადანაშაულა.

„იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ“, - აცხადებს ჭიკაიძე და გამოთქვამს იმედს, რომ  „უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“.

ალექსანდრე ჭიკაიძე 28 წლის ასაკში შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა; მან ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რადგან ის მთავრობის მეთაურად დაწინაურდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა.  

მართალია ყველაზე ძლიერ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჭიკაიძე მაინც ნომინალურ ფიგურად ითვლებოდა მთავრობაში. მინისტრობის პერიოდში მან საზოგადოებას თავისი უადგილო გამონათქვამებით დაამახსოვრა თავი; თვეების განმავლობაში ის საჯარო კომენტარების გაკეთებას და ჟურნალისტებთან უშუალო კონტაქტს ერიდებოდა; ის ასევე იგნორირებას უკეთებდა ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის მოთხოვნებს საპარლამენტო მოსმენებზე დაბარებასთან დაკავშირებით. 

29 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე მეოთხე მინისტრია, რომელიც მას შემდეგ შეიცვლება, რაც ივლისში ღარიბაშვილის განახლებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა ხელახლა მოიპოვა.

მთავრობაში ამ ცვლილებას, რომელიც მას შემდეგ შევა ძალაში, რაც პრემიერი ღარიბაშვილი დააკმაყოფილებს ჭიკაიძის განცხადებას, áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტის დამტკიცება არ სჭირდება.

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ კაბინეტის 20 წევრიდან სულ ცოტა  7 გამოიცვლება; ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო იმისათვის, რომ მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვოს.

Civil.Ge © 2001-2024