ბიძინა ივანიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის დასტაბილურებისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 26 Feb.'15 / 16:35

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა ეროვნული ვალუტის "კრიზისამდე" ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიიყვანა და მოუწოდებს მას, რომ áƒšáƒáƒ áƒ˜áƒ¡ სტაბილიზაციისათვის „ადეკვატური ნაბიჯები“ გადადგას.

„ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილობით განცხადებაში, რომელიც 26 თებერვალს გავრცელდა. 

ლარი, რომელმაც ნოემბრის დასაწყისიდან გაუფასურება დაიწყო, დეკემბრის ბოლოს ოდნავ გამყარდა, თუმცა იანვრიდან კვლავ განაგრძო  გაუფასურება. 

26 თებერვალს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში თეთრნახევრით გამყარდა და ოფიციალური მონაცემებით, 2.2494 შეადგინა. ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე, ლარი დოლართან მიმართებით 28.2%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებით 15.8%-ით გაუფასურდა.

ივანიშვილის თქმით, 2014 წლის ნოემბრიდან ეროვნული ვალუტის ირგვლივ ვითარება „საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა“, კერძოდ, კი ლარის გაუფასურების პროცესზე იმოქმედა დოლარის გამყარებამ თითქმის ყველა ვალუტის მიმართ და ასევე „რეგიონში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ვითარებამ“.

„მიმაჩნია, და ეს მოსაზრება სრულად შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიციას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდებოდა ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას მოჰყვებოდა გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდებოდა სტაბილური ვალუტებისათვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში და ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საგარეო ეკონომიკური გარემოებების ცვლილებაზე“, - აცხადებს ივანიშვილი.

მისი თქმით, მთავრობამ საგარეო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების შემსუბუქების მიზნით ბიუჯეტის დეფიციტი 300 მლნ ლარით შეამცირა და 2014 წელს არსებული  3.9%-იდან 2.9%-მდე დაწია 2015 წლისთვის. შედეგად, მისივე თქმით,  გასული წლის ბოლოსა და 2015 წლის იანვარში ლარის გაცვლითი კურსი „მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნიშნულზე“ დასტაბილურდა.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი "ექსპერტები", რომლებიც ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე ხელს იშვერენ მთავრობისკენ, მაშინ როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი“, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში. 

„სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე“, - აცხადებს ივანიშვილი.

მაშინ, როცა რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა თავიანთი რეზერვების „მნიშნელოვანი ნაწილი გაიღეს“ (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%) ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით და ამით, მათი „ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია“ უზრუნველყვეს, ივანიშვილის თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ  დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო“. 

ნოემბრის დასაწყისიდან სომხურმა დრამმა დოლართან მიმართებაში 16.5% დაკარგა,  ხოლო მოლდოვური ლეი - 22.3%-ით გაუფასურდა.

ლარის გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა წელს სამჯერ  - 11, 19 და 24 თებერვალს - გაყიდა 40-40 მლნ აშშ დოლარი და იმავდროულად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 4.5%–მდე გაზარდა.

მთავრობა, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ძირითად მიზეზებს შორის საგარეო ფაქტორებს ასახელებს, აცხადებს, რომ პროცესის შესაჩერებლად ეროვნულ ბანკთან კოორდინირებულად მოქმედებს. ოპოზიცია მთავრობას ადანაშუალებს და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი მისი არასწორი ეკონომიკურ პოლიტიკაა.

 

 

Civil.Ge © 2001-2024