აბაშიძის და კარასინის შეხვედრა პრაღაში
Civil Georgia, Tbilisi / 27 Feb.'15 / 14:37

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ერთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე 26 თებერვალს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა იმ პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2012 წლის ბოლოდან მიმდინარეობს, როგორც მხარეები აცხადებენ, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების მიზნით.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელიც პრაღის შეხვედრაზე განიხილეს, 2011 წელს დადებული შეთანხმების განხორციელება იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს ეხება.

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.

მონიტორინგის განსახორციელებლად შეირჩა ჟენევაში განთავსებული კომპანია SGS. ახლა საქართველომ და რუსეთმა ცალ–ცალკე კონტრაქტები უნდა გააფორმონ ამ კომპანიასთან.

კარასინთან შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქრთველომ უკვე დაასრულა მუშაობა კონტრაქტზე, ხოლო რუსეთმა პირობა დადო, რომ მალე გააკეთებს ამას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ დიპლომატებმა „მოსაზრებები გაცვალეს“ ამ შეთანხმების განხორციელების შესახებ და „ორმხრივი სურვილი გამოთქვეს, რომ სამუშაო უახლოეს მომავალში დაასრულონ“.

კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ საქართველოს და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენას, თუმცა დეტალურ განხილვას ადგილი არ ჰქონია. მან განაცხადა, რომ ამ საკითხის დეტალურად განხილვა შეუძლებელია აფხაზური მხარის მონაწილეობის გარეშე.

აბაშიძემ განაცხადა, რომ „აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი არ ყოფილა“ და მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი პოზიციები ამ საკითხზე.

„ჩვენ ადრე გვსმენია მათი აზრი, რომ თუ საქართველოს მხარე დაინტერესებულია ამ რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზებს და მათთან მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ მსგავსი პოზიცია მათ ადრეც გამოუხატავთ და ქართული მხარის პასუხი ყოველთვის იყო, რომ áƒ•áƒ˜áƒœáƒáƒ˜áƒ“ან ეს რკინიგზა საქართველოს და რუსეთს აკავშირებს, ამაზე აფხაზებთან საუბარს საქართველოს მთავრობა არ აპირებს.

მოლაპარაკებების ამ ფორმატს, რომელსაც საქართველოს ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფები მწვავედ აკრიტიკებენ, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება მიესალმება, როგორც კომუნიკაციის მნიშვნელოვან არხს კონკრეტული „პრაქტიკული“ საკითხების მოსაგვარებლად იმ პირობებში, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.

„დიალოგი გაგრძელდა საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების კონკრეტულ საკითხებზე იმ მიმართულებით, სადაც პროგრესია შესაძლებელი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

„მხარეები დარწმუნებული არიან, რომ მიუხედავად არსებული უთანხმოებისა, პრინციპული პოლიტიკური პრობლემების მიმართ არსებულ მიდგომებში, „პრაღის დიალოგის“ საქმიანი ატმოსფერო ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას დაეხმარება“, – განაცხადა სამინისტრომ.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 26 თებერვალს, რომ „აბაშიძე–კარასინის ფორმატში“ áƒ“იალოგი  „საკმაოდ წარმატებულია“ და „ამ ეტაპზე ფორმატის გადახედვას ან შეცვლას არ ვაპირებთ“. 

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ და "თავისუფალმა დემოკრატებმა" გააკრიტიკეს ეს ფორმატი, სხვა საკითხებთან ერთად, იმის გამოც, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენის საკითხი იქნა წამოწეული, რასაც ეს ოპოზიციური პარტიები ეწინააღმდეგებიან. ოფიციალური პირები თბილისში აცხადებენ, რომ საქართველო მზადაა ეს საკითხი განიხილოს, თუ რუსეთი კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით.

აბაშიძე, რომელიც ოპოზიციამ ნატოს შესახებ მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გამოც გააკრიტიკა, საგარეო საქმეთა კომიტეტში მივა და დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდის კარასინთან მოლაპარაკებების შესახებ, როგორც ამის თაობაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა ამ ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი, რაც ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებას დაეხმარა. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელს რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. თუმცა რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკური პრობლემები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ექსპორტზე რუსეთში, რომელიც 2015 წლის იანვარში 8 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა გასული წლის იმავე პერიოდში არსებული 21 მილიონი აშშ დოლარიდან.

აბაშიძესთან მოლაპარაკებების შემდეგ კარასინმა ასევე განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის ნაკლებად სავარაუდოა, სანამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება. 

Civil.Ge © 2001-2024