საგარეო უწყება რუსეთს ვმო-ზე 2011 წლის შეთანხმების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
Civil Georgia, Tbilisi / 13 Mar.'15 / 17:44

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვი 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით დადებული შეთანხმების „ცალმხრივ ინტერპრეტაციაში“ დაადანაშაულა.

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

11 მარტს სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეთანხმება „არ შელახავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუს“, ვინაიდან ეს ხელშეკრულება „ამ ტერიტორიებს არ ფარავს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 12 მარტს, რომ ლავროვის განმარტება წარმოადგენს შეთანხმების “ცალმხრივ ინტერპრეტაციას და ეწინააღმდეგება მის არსს”.

“შეთანხმება დადებულია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, უკანონო ვაჭრობის აღკვეთის, მათ შორის არსებული ტვირთბრუნვის აღრიცხვის მიზნით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების ტრანსპარენტულობის მუხლის უზრუნველყოფას ემსახურება”, - ნათქვამია განცხადებაში.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლავროვის განცხადების საპირისპიროდ შეთანხმება სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება  და მისი ძირითადი არსია ტვირთების უკანონო მოძრაობის აღკვეთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - შეთანხმებით განსაზღვრულ სატრანსპორტო კორიდორებში“,  - აცხადებს საგარეო უწყება.

სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას - ასეთ კომპანიად SGS შეირჩა - სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე. საქართველოს მომლაპარაკებლები იმ დროს აცხადებდნენ, რომ ის პუნქტი, რომელიც ერთიან „სავაჭრო რეჟიმს“ აწესებდა როგორც სეპარატისტულ რეგიონებში, ისე საქართველოს არასადავო ნაწილში მდებარე სამივე მონაკვეთზე, თბილისისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. კერძო კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში.

შეთანხმების თანახმად, საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმს უნდა მიაწოდონ მონაცემები ყველა იმ საქონლის შესახებ, რომელიც შედის ან გამოდის სავაჭრო დერეფნებიდან.

საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმი ორ ძირითად კომპონენტს აერთიანებს – ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (Electronic Data Exchange System, EDES) და საერთაშორისო მონიტორინგის სისტემას (International Monitoring System, IMS).

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის (EDES) შემადგენელი კომპონენტი იქნება ტვირთის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიწოდების ფუნქცია (advanced cargo information). ეს არის სპეციალურად შექმნილი ვებ პლატფორმა, სადაც მოხდება გადასაზიდი ტვირთის შესახებ ინფორმაციის წინასწარ თავმოყრა, რაც კერძო კომპანიას რისკის მართვის პროცესს გაუადვილებს. ანუ ამ ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელზეც წვდომა კერძო კომპანიას ექნება, ინფორმაცია თავს მოიყრის მანამ, სანამ ტვირთი სავაჭრო დერეფნის პლატფორმაზე გამოჩნდება.

საერთაშორისო მონიტორინგის სისტემის ერთ–ერთი ელემენტია „თითოეულ სავაჭრო ტვირთზე,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, ელექტრონული ბეჭდის“ დასმა და ამ ტვირთებზე GPS/GPRS მიკვლევადობის სისტემის გამოყენება.

Civil.Ge © 2001-2024