უსუფაშვილი ნატოს: ‘ან მიეცით საქართველოს MAP, ან თქვით, რომ MAP საჭირო აღარ არის’
Civil Georgia, Tbilisi / 18 May.'15 / 18:22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ახლა ისევეა  მზად ნატოს წევრობისთვის, როგორც ზოგიერთი წევრი იყო მაშინ, როცა ალიანსში მიიწვიეს და ვარშავის 2016 წლის სამიტის დროს ნატომ ან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მისცეს ქვეყანას, ან განაცხადოს, რომ MAP–ი აღარ არის áƒ¬áƒ”ვრობის წინაპირობა.
 
18 მაისს ბუდაპეშტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ნატოს ვარშავის სამიტზე მომავალ წელს ალიანსის მხრიდან „გადამწყვეტი ნაბიჯი“ და „ყველაზე ადეკვატური პასუხი“ იქნებოდა საქართველოს ნატოში მისწრაფებების მიმართ.

უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლამდე, იმავე აუდიტორიას 18 მაისს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსადრე ვერშბოუმ მიმართა და განაცხადა, რომ მართალია საქართველოს ამჟამად წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა ისტრუმენტი გააჩნია, მაგრამ ალიანსის ყველა ადრინდელი გადაწყვეტილება, რომ MAP–ი უნდა გახდეს შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, კვლავ ძალაში რჩება.

„მაგრამ არსებითად, საქართველოს შეუძლია საკმაოდ წინ წაიწიოს ღია კარის მიმართულებით ნატო–საქართველოს კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და უელსში შეთანხმებული არსებითი პაკეტის მეშვეობით“, – განაცხადა ვერშბოუმ, რომელსაც ის მთავარი ინსტრუმენტები ჰქონდა მხედველობაში, რომლის ფარგლებშიც ამჟამად ნატო–საქართველოს ურთიერთობები მიმდინარეობს. 

უელსში 2014 წლის სექტემბერში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველო კვლავ MAP–ის გარეშე დარჩა; სანაცვლოდ ალიანსმა ქვეყანას თანამშრომლობის „არსებითი პაკეტი“ შესთავაზა, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად, ასევე მოიცავს საქართველოში ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს მრჩეველთა გუნდის მივლენას.
 
ვერშბოუმ ასევე განაცხადა, რომ ნატო „აქტიურ მხარდაჭერას“ უწევს საქართველოს და ამ კუთხით ალიანსი პასიური არ არის. თუმცა, მან ასევე დასძინა: „მე ვადებს ვერ დავასახელებ, თუ როდის მიაღწევს [საქართველო ნატო-ს] ღია კარს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უთხრა ნატოს პარლამენტარებს, რომ მართალია საქართველო არ არის ნატოს წევრი, მაგრამ „სამართლებრივად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების ღირებული  კონტრიბუტორი ვართ“ და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის კუთხით საქართველო მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს ავღანურ ოპერაციებში.

„ნატოს ღია კარის პოლიტიკამ  დაადასტურა, რომ ის ნამდვილად წარმატებაა“, – განაცხდა უსუფაშვილმა.

„თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ღია კარის პოლიტიკა არ გახდეს მბრუნავი კარის პოლიტიკა – სადაც ასპირანტი ქვეყნები ბრუნვის პროცესში არიან გაჭედილები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ასეთი მიდგომით მხოლოდ ასპირანტი ქვეყნები არ დაზარალდებიან.

„[2008 წლის] ბუქარესტის სამიტის დროს ნატომ ძლიერი გზავნილი გააკეთა – საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა მან, „დღეს, პოლიტიკურად და ტაქტიკურად, საქართველო ისევეა მზად გაწევრიანებისთვის,  როგორც რამდენიმე ამჟამინდელი წევრი იყო მაშინ, როცა ისინი ალიანსში მიიწვიეს“.

„2014 წელს ჩვენ მოვისმინეთ უელსში, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ‘შეიცავს ინსტრუმენტებს, რომლებიც საქართველოს საბოლოო წევრობისკენ წინსვლის გაგრძელებისთვისაა საჭირო’. ბევრმა საქართველოში ეს სიტყვები გაიგო, როგორც საქართველოსთვის დე ფაქტო MAP–ის მინიჭება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

„არ მსურს, რომ გაჭიანურებულმა მოლაპარაკებებმა იმის თაობაზე იმსახურებს თუ არა საქართველო MAP–ს, იმედები გაუცრუოს ამ ხალხს,“ – განაცხადა მან.

„რუსეთთან ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ იმისათვის, რომ ევრო–ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურამ სიძლიერე შეინარჩუნოს, შემაკავებელი ფაქტორია საჭირო“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერა ერთ–ერთი ასეთი შემაკავებელი ფაქტორი იქნება.  

„დროა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ ეს გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა იყოს ამ მიმართულებით და მომავალი სამიტი ვარშავაში [მომავალ წელს] შესაფერისი ადგილია ამისთვის. დადგა დრო, რომ საქართველოს შესახებ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“, – განაცხადა მან.

„ამიტომ, ვარშავის სამიტის დროს ჩვენ ველით ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების თაობაზე, ან ცალსახად თქმას, რომ საქართველოს MAP–ი აღარ სჭირდება და რომ წევრობისთვის MAP–ი წინაპირობა არ არის – ესაა ჩვენი მოლოდინი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„MAP ან იმის თქმა, რომ MAP–ის საჭიროება აღარ არსებობს – ვფიქრობ, ეს იქნება ნატოს ყველაზე ადეკვატური პასუხი არა მხოლოდ საქართველოს ნატოში მისწრაფებების მიმართ, არამედ ასევე იმ გამოწვევების მიმართ, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას“, – დასძინა მან.

უსუფაშვილმა ასევე უთხრა ნატოს პარლამენტარებს, რომ „ალიანსს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ áƒáƒ  იყოს ჩართული ჩვენს რეგიონში“. მისი თქმით, რუკაზე ერთი შეხედვაც კი „საკმარისია იმის გასაცნობიერებლად.... რომ საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის და აზიის დასაკავშირებლად რუსეთის ნებართვის გარეშე“.

თავისი გამოსვლის ბოლოს უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის 2017 წელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას უმასპინძლოს და განაცხადა: „ამ მოწვევას არ ჭირდება არც MAP–ი და არც რაიმე სხვა წინაპირობა“.

შარშან ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების დეპუტატებს  აერთიანებს, თანხმობა განაცხადა, რომ საგაზაფხულო სხდომა 2017 წელს საქართველოში ჩაატაროს.

Civil.Ge © 2001-2024