თავდაცვის სამინისტრო: საქართველო ნატოს 2016 წლის სამიტზე MAP–ს მოითხოვს
Civil Georgia, Tbilisi / 2 Jun.'15 / 12:29

საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება ვარშავის 2016 წლის სამიტზე საქართველოს ალიანსთან და მის წევრებთან მოლაპარაკებების პრიორიტეტი იქნება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 1 ივნისს ბრიუსელში ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა პრეს–რელიზში, რომ „საუბრის მთავარი თემა“  ნატოს ვარშავის სამიტი იყო, რომელიც 2016 წლის 8–9 ივლისს გაიმართება.

„საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს – თავდაცვის მინისტრი ალიანსის ლიდერებთან და პარტნიორებთან შეხვედრებს სწორედ ამ დღის წესრიგით იწყებს“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

თინა ხიდაშელმა განუცხადა ჟურნალისტებს ბრიუსელში 1 ივნისს, რომ „ვარშავის სამიტი, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე დღეიდან მომავალი წლის 9 ივლისამდე ნებისმიერ ჩემს შეხვედრაზე იქნება საუბრის მთავარი თემა“.

„ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია - ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“, - განაცხადა მან, „ეს საუბრები დავიწყეთ და ვნახოთ სადამდე მივალთ. მე ერთ კვირაში მივდივარ პარიზში, შემდეგ რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში და ოქტომბრის მინისტერიალისთვის რაღაც პირველი კონტურები გვექნება“.

ნატოს უელსის სამიტზე 2014 წლის სექტემბერში საქართველო კვლავ MAP–ის გარეშე დარჩა; სანაცვლოდ ალიანსმა საქართველოს თანამშრომლობის „არსებითი პაკეტი“ შესთავაზა, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად ასევე ითვალისწინებს ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებას. ცენტრი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება.

Civil.Ge © 2001-2024