ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობისა და ოპერირებისთვის ორი კონსორციუმი განაგრძობს ბრძოლას
Civil Georgia, Tbilisi / 9 Jun.'15 / 13:15

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფინალურ ეტაპზე ორი áƒ’ანმცხადებელი áƒ’ავიდა - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის და Power China კონსორციუმი“, იტყობინება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია 9 ივნისს.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ივლისში გამოაცხადა; თავდაპირველად ინტერესი 12-მა კომპანიამ გამოხატა, საიდანაც  შემდგომ ეტაპზე 7 კომპანია შეირჩა, რომელთა შორის უპირატესობა ორ ფინალისტს მიენიჭა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" სპეციალურად ამ მიზნით "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დააარსა და  ამ პროექტში ამერიკულ კომპანია Conti Group–თან თანამშრომლობს.

კონკურენტ კონსორციუმში  გაერთიანებული არიან „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“, რომლის დამფუძნებელიც არის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა, რომელიც ბიზნესებს ფლობს რუსეთსა და საქართველოში და რომელიც ასევე დაკავშირებულია თბოელექტროსადგურის დაგეგმილ მშენებლობასთან სომხეთში და  ჩინური სახელმწიფო კომპანია Power Construction Corporation of China (PowerChina).

ამ ორ კანდიდატს უპირატესი განმცხადებლის სტატუსი 9 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიენიჭა.

შემდგომი პროცედურები ითვალისწინებს მათთან მოლაპარაკებების წარმოებას და საბოლოო წინადადებების წარდგენის შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენას, რომელთანაც  გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის 2016 წლის ზაფხულში დაწყებისა და პორტის ოპერირების შესახებ.

პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს. 

მთავრობის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტის პირველი ფაზის დროს – პორტის ოპერირების პირველ სამ წელიწადში პორტმა ყოველწლიურად სულ ცოტა 7 მილიონი ტონა შერეული ტვირთის გადამუშავება უნდა შეძლოს; მომდევნო ოთხ წელიწადში ეს მოცულობა 20 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს და პორტის ოპერირების მე–12 წლისთვის უნდა გაორმაგდეს.  

ფოთის და ბათუმის პორტებს მხოლოდ მცირე გემების მიღება შეუძლიათ მაქსიმუმ 1700 კონტეინერით. უფრო დიდი მოცულობის ტვირთებს რეგიონის სხვა პორტები იღებენ, ძირითადად სტამბოლი, სადაც კონტეინერები უფრო მცირე ზომის გემებზე იტვირთება და შემდეგ მათი ბათუმისა და ფოთისკენ ტრანსპორტირება ხდება.

სტანდარტული კონტეინერების მხრივ, 40 მილიონი ტონა შერეული ტვირთი, დაახლოებით, 3 მილიონი ოცფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტია (TEU).     

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის და ფოთის პორტების საერთო გამტარიანობა, დაახლოებით, 500 000 ოცფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტია ყოველწლიურად.

2014 წელს საქართველოს პორტების მიერ კონტეინერების მთლიანი გამტარიანობა 480 000 TEU იყო, საიდანაც 80%, ანუ  385 000 TEU ფოთის პორტზე მოდიოდა. 

ცოტა ხნის წინ კომპანია APM Terminals–მა, რომელიც ფოთის პორტის აქციების 80%–ის მფლობელია, განაცხადა, რომ „პორტის ფართომასშტაბიანი გაფართოების“ გეგმა აქვს.

APM Terminals–მა განაცხადა, რომ ეს გეგმა ითვალისწინებს ორი ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის აშენებას, სადაც შესაძლებელი გახდება 9 000 TEU–ს მოცულობის მქონე გემების მიღება, რომელთა წლიური გამტარიანობაა 1 მილიონი TEU-ა. კომპანია პროექტის დასრულებას 2018 წლისთვის გეგმავს. 

„იმ დროს, როდესაც მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კავკასიის რეგიონისთვის შემცირდა, APM Terminals–ი ფოთის პორტში მიმდინარე ინვესტიციების ერთგული რჩება“, – განაცხადა APM Terminals–ის მმართველი დირექტორის მოადგილემ ფოთში ჯოზეფ კროულიმ სტამბოლში გასული თვის ბოლოს შავი ზღვის პორტების და გადაზიდვების კონფერენციაზე გამოსვლისას.

მან ასევე განაცხადა, რომ „ფოთის მეგაპორტი“ აშენდება პორტის არსებული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, რომლის განახლებაშიც APM Terminals–მა უკვე ჩადო 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი 2011 წელს პორტის ოპერირების დაწყების შემდეგ.

Civil.Ge © 2001-2024